ორწელიწადნახევარია, რაც ხარაგაულში სამლოცველო სახლის წინამძღვრად მამა ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა.

ის, ამავდროულად, ხარაგაულში სასულიერო გიმნაზიას ხელმძღვანელობს. რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, ხარაგაულელი მრევლის სულიერ ცხოვრებაში, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბოლო პერიოდში მომძლავრებულ ძალადობას, რას გვირჩევს და რას გვისურვებს საახალწლოდ, – ამ თემებზე სასაუბროდ მამა ანტონს ვესტუმრეთ.

-ხარაგაულის მრევლი უზარმაზარ სიყვარულსა და სითბოს ატარებს, – ამბობს მამა ანტონი, – ვხედავ და ვგრძნობ, რომ ეკლესიისა და ღმერთის სიყვარულში უფრო და უფრო ვძლიერდებით. დიდ სიყვარულს გამოხატავთ ჩემს მიმართ. ამისთვის დიდი მადლობა.

რაც შეეხება სასულიერო გიმნაზიას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) განსაკუთრებულ სიყვარულს, ყურადღებასა და თავდადებას განათლების მიმართ იჩენს. მისი სიტყვები მინდა გავიმეორო, – „განათლებას მიაქციეთ დიდი ყურადღება.“ მეუფეს თავდადებითა და ღვაწლით ხარაგაულის გიმნაზიის წინაშე არსებული, ერთი შეხედვით ამოუხსნელი და გადაუწყვეტელი პრობლემები, მოგვარდა.

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში მაღალკვალიფიცური მასწავლებლები ასწავლიან. ამ ადამიანებს თანადგომა სჭირდებოდათ. ეს თანადგომა მღვდელმთავრიდან წამოვიდა.

-მამა ანტონ, ბოლო პერიოდში მოზარდებს შორის ძალადობა გახშირდა. ეკლესიის როლს როგორ ხედავთ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ახალგაზრდებს შორის ძალადობის მომძლავრება ჩვენი დიდი გულისტკივილია. ერთ რამეს ვიტყვი,  ღვთისმშობლის წილხვედრმა ერმა და ქრისტესმოყვარე ქვეყანამ საღვთო სჯულის სწავლება სკოლიდან არ უნდა განდევნოს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უწმინდესის – პატრიარქის, ჩვენი მეუფისა და ყველა სასულიერო პირის სურვილია, რომ სკოლებში საღვთო სჯული ისწავლებოდეს. ეკლესია და სასულიერო პირები სკოლებში უნდა შევუშვათ. საღვთო სჯულის სწავლება სასულიერო პირებს უნდა ჩავაბაროთ.

-მამა ანტონ, როგორ მიმდინარეობს და როდის დასრულდება ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობა?

-მეუფე მელქისედეკის დიდი სურვილია, რომ ტაძრის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდეს. ის იღვწის ამისთვის და ამ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანს. საკათედრო ტაძარი ხარაგაულის გვირგვინი იქნება.

-ხარაგაულის სამლოცველოსთან, თქვენი თაოსნობით, საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს. როგორ გაგიჩნდათ საკვირაო სკოლის ამოქმედების იდეა და რა დანიშნულება აქვს მას?

-საკვირაო სკოლა მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. არის საკითხები, რომლებზეც მოძღვარი ქადაგების დროს საუბარს ვერ ახერხებს. საკვირაო სკოლაში მრევლს მოძღვართან უშუალო ურთიერთობა აქვს, ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ ისაუბრონ და დასვან შეკითხვები, მათთვის საინტერესო საკითხებზე. ყველა მოძღვარმა, და მათ შორის მეც, ვიცი, კონკრეტულ შემთხვევაში მრევლს რა თემაზე საუბარი სურს, როგორ სჭირდება დახმარება. ამის მიხედვით ვწყვეტთ ხოლმე, რომელ თემებზე ვისაუბროთ.

-მამა ანტონ, ეკლესიაშიც დავდივართ, ვმარხულობთ, აღსარებას ვამბობთ და ვეზიარებით კიდეც, მაგრამ ადამიანებს შორის მაინც სიყვარულისა და ურთიერთგატანის ნაკლებობაა…

-მადლობა ამ შეკითხვისთვის. შევახსენებ მრევლს და სრულიად საქართველოს, ხარაგაულსა და ხარაგაულელებს, რომ ყველაზე ძვირფასი გრძნობა სიყვარულია. ღმერთმა ადამიანებს სიყვარულის ნიჭი გვიბოძა. ჩემო ძვირფასებო, სიყვარული, პირველ რიგში, ღმერთის, ყოვლადწმინდა სამების, ჩვენი მოძღვრებისა და ერთმანეთის მიმართ გავაძლიეროთ. გვიყვარდეს ერთმანეთი. გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ, გვერდით დავუდგეთ და შევუნდოთ ერთმანეთს. ამ სიყვარულში განდიდდება ჩვენი უფალი იესო ქრისტე. სიყვარულში გაძლიერება ყველას გვჭირდება.

-მამა ანტონ, ახალი, 2018 წელი, გვიახლოვდება. დალოცეთ ხარაგაული და ხარაგაულელები.

-ძვირფასო ხარაგაულელებო, ჩემო სულიერო შვილებო, მოგილოცავთ 2018 წელს. მინდა ახალი წელი ხარაგაულიდან, ამ ულამაზესი კუთხიდან, მივულოცო სრულიად საქართველოს. მინდა მივულოცო ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს, მხნეობა და სიძლიერე ვუსურვო. ასევე მინდა მივულოცო მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს – მეუფე მელქისედეკს, რომელიც არის უზარმაზარი სიყვარულისა და მოულოდნელი სიხარულის მატარებელი ადამიანი.

გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შევიყვაროთ ერთმანეთი იმიტომ, რომ ქრისტიანი ადამიანი სიყვარულის გარეშე არაფერია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!

ნინო კაპანაძე