ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა, ნასვამი მძღოლი, გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა… და შედეგად ათასობით შეწყვეტილი სიცოცხლე.
რა არის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ავტოავარიების შესამცირებლად, რა პრევენციული ღონისძიებებია საჭირო ქვეყანაში, – ამ საკითხებზე „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორს გიორგი ჩუტკერაშვილს ვესაუბრეთ.
-სტატისტიკაზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში 7 ათასამდე ავარია ხდება, – ამბობს გიორგი ჩუტკერაშვილი, – ავტოავარიების შედეგად გასულ წელს 3 ათასამდე ადამიანი დაშავდა და 586 გარდაიცვალა. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების მხრივ საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა.
-ბატონო გიორგი, რა არის ავტოავარიების გამომწვევი მიზეზები?
-უმეტეს შემთხვევაში ავტოავარიების გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, სიჩქარის გადაჭარბება და მანევრირების წესების დარღვევაა. მნიშვნელოვანია მძღოლის გადაღლილობა, როცა ის განუწყვეტლივ, შესვენების გარეშე, დიდ მანძილზე გადაადგილდება. ასევე დიდი პრობლემაა დისტანციის დაუცველობა და მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა.
აღსანიშნავია, რომ ავტოავარიებს ქვეითების მხრიდან უყურადღებობაც იწვევს, – ძირითადად ტელეფონებისა და ყურსასმენების გამოყენება და ქუჩის არასწორ ადგილას გადაჭრა. ხშირ შემთხვევაში ქვეითთან შეჯახება ხდება იმ ადგილებში, სადაც არის მიწისზედა ან მიწისქვეშა გადასასვლელები და ქვეითები გზას დარღვევით კვეთენ.
ავტოავარიების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საჭესთან ტელეფონის გამოყენებაა. მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 23% ამის გამო ხდება. ის მიდგომა, რომ თითქოს არაფერი მომივა, თუ ერთ წამს ტელეფონს დავხედავ, მცდარია.
-ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას გვავალდებულებს. რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ ამ კუთხით?
-ასოცირების ხელშეკრულება ასქულიანი სისტემის შემოღებასა და ჭკვიანი კამერების დაყენებას გვავალდებულებდა. ეს პუნქტები შევასრულეთ. უახლოეს ხანში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება რეალურ სივრცეში, ანუ ქუჩაში მოხდება. ხშირად რუსთავში გამოცდაჩაბარებულ მძღოლს მანქანა თბილისში ვეღარ ჩამოჰყავს, – გამოცდა ჩააბარა, მაგრამ ქუჩაში როგორ იმოძრაოს, არ იცის. დღეს მართვის მოწმობის ასაღებად მინიმალური ცოდნაა საჭირო. ავტოსკოლებში სწავლების სისტემა უნდა გადაიხედოს. ევროსტანდარტს ფეხი თანდათან უნდა ავუწყოთ.
ასქულიანი სისტემისა და ჭკვიანი კამერების შედეგია ის, რომ 2017 წლის ათ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, გარდაცვლილების რიცხვი შემცირდა 7%-ით, ხოლო დაშავებულების – 12%-ით. ავტოსაგზაო შემთხვევების კლება ამ დრომდე არც ერთ წელს არ დაფიქსირებულა.
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ჩვენი ორგანიზაცია – „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აქტიურად იყო ჩართული. სწორედ ჩვენი ინიციატივით დაკანონდა ღვედი, რაც უკვე თითქმის ხასიათსა და კულტურაში გადაგვივიდა. ასე თანდათან უნდა დავიხვეწოთ და განვითარდეთ.
ვთანამშრომლობთ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან. საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მოსწავლეებს ვხვდებით. ვურიგებთ სპეციალურად მათთვის შექმნილ წიგნებსა და საინფორმაციო მასალებს.
მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო სამსახურების ხელმძღვანელებს ვხვდებით. მოსალოდნელ რისკებზე ავტოსადგურებში მძღოლებს ვესაუბრებით. როგორც ვიცით, ერთ-ერთი ყველაზე მოუწესრიგებელი სფეროა საქალაქთაშორისო გადაყვანები. მძღოლის ჯანმრთელობას და მანქანის ტექნიკურ მახასიათებლებს არავინ აკონტროლებს.
-ბატონო გიორგი, 2018 წლის იანვრიდან სავალდებულოა მანქანების ტექნიკური დათვალიერება. რას შეცვლის ეს საგზაო უსაფრთხოების კუთხით?
-გაუმართავი ავტომანქანა ავარიების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. პირველ რიგში, არ უნდა გვქონდეს არც იმის იმედი და არც იმის შიში, რომ საქართველოში ნახევარზე მეტი მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის და გაჩერდება. სავარაუდოდ, არსებული მანქანებიდან, შეიძლება 5%-მა ვერ გაიაროს ტექდათვალიერება და ვერ დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რასაც პირველ ეტაპზე ითხოვენ. ეს ელემენტარული კრიტერიუმებია – საქარე მინების, განათებისა და სამუხრუჭე სისტემების გამართულობა. მანქანები ასევე გამონაბოლქვზე შემოწმდებიან. ეს სერიოზული პრობლემაა საქართველოში და ჰაერის დაბინძურების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ.
ძალიან საინტერესოა, რომ ქვეითები უფრო მეტად იმ ზებრა გადასასვლელებს იყენებენ, რომლებიც სხვადასხვა ფიგურებით მოხატული და გაფორმებულია. ასეთი ინიციატივების წახალისება და ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი