რას ნიშნავს ზებრა გადასასვლელი და რამდენად იცავენ ხარაგაულში საგზაო მოძრაობის წესებს, – ამ შეკითხვებით მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს მივმართეთ.
მარინე გოგია, ხარაგაულში მცხოვრები: -საჭესთან მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საგზაო უსაფრთხოების წესები დავიცვა. ყველა თანაბრად ცოდავს – მძღოლიც და ქვეითიც. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა სახის. დიდი ჯარიმა და სასჯელი თუ ამოქმედდება, ყველა გაფრთხილდება. ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმართავია, მაგრამ აქ უფრო ნელა და მშვიდად ვმოძრაობთ. ამიტომ ტრანსპორტი საფრთხეს იშვიათად ქმნის.
ლიზა ბარბაქაძე, ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი: -ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული და, შესაბამისად, ქვეითები საგზაო უსაფრთხოების წესებს ვარღვევთ. ეს ხდება მაშინ, როცა გზა და ტროტუარები თოვლისგან გასაწმენდია. ტროტუარზე წვიმის დროს წყალი დგება და გავლა ძნელია. ამ დროს მანქანების სავალ გზაზე გადავდივართ და მათ მოძრაობას ვაფერხებთ.
ვახტანგი ჭიპაშვილი, მძღოლი: -ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საგზაო მოძრაობის წესები არ დავარღვიოთ. ზამთარში ქვეითები, ძირითადად, მანქანის სავალ ნაწილზე დადიან და ხელი გვეშლება. მათ, ვისაც მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა ჩააბარეს, მოძრაობის წესები კარგად იციან. მართვის მოწმობის ასაღებად კანონის გამკაცრება საჭირო არაა. მოქმედ წესებს თუ ყველა დაიცავს, ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება.
ვახტანგი ლურსმანაშვილი, მძღოლი: -ზებრა გადასასვლელი იმას ნიშნავს, რომ გზა ქვეითს უნდა დავუთმოთ. მე ასე ვიქცევი. ხარაგაულში ძალიან ვიწრო ქუჩებია და თავისთავად დარღვევა გამომიდის. საგზაო მოძრაობის წესებს სპეციალურად არავინ არღვევს. ხარაგაულში მაინც ფრთხილად ვართ და ავარიები ხშირი არაა.
თამარ ჭიპაშვილი, ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი: -საგზაო წესების დარღვევის გამო უამრავ ადამიანს სიცოცხლის უფლება ერთმევა. ხარაგაულის მაგალითს თუ განვიხილავთ, არ არსებობს ადექვატური ინფრასტრუქტურა ხარაგაულელი მოსახლეობისთვის. ჩემი აზრით, ქვეითებისა და მძღოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, რათა მეტ ადამიანს გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე.
ნათია ბურჯანაძე, ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი: -სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა. მიზეზი მრავალია – მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა, ნასვამი მძღოლები, საგზაო ნიშნების მიმართ დაუმორჩილებლობა, ცუდი ამინდი, გაუმართავი ავტომობილები და ა. შ.
ბოლო პერიოდში გაიზარდა იმ ახალბედა მძღოლების რიცხვი, როლებიც სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებენ, საფრთხეზე ნაკლებად ფიქრობენ და მიდრეკილნი არიან სიჩქარისკენ. ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება კარგად გაანალიზებული ნაბიჯებით შეიძლება.
მერაბი თხელიძე, ხარაგაულში მცხოვრები: -საგზაო უსაფრთხოების წესებს შეძლებისდაგვარად ვიცავ, მაგრამ დარღვევა მაინც მიწევს. ამას, ალბათ, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურაც განაპირობებს. საგზაო მოძრაობის წესებს ქვეითები უფრო მეტად არღვევენ. ზებრა გადასასვლელთან მძღოლი ყურადღებით უნდა იყოს და მოქალაქეს გზა უნდა დაუთმოს. საგზაო უსაფრთხოების წესებზე ინფორმაციის მეტად გავრცელებაა საჭირო. ეს წესები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და მისი ხშირი რეკლამირება უნდა ხდებოდეს.
მონიკა ბუცხრიკიძე, ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი: -საქართველოში, და მათ შორის ხარაგაულში, საგზო მოძრაობა ნამდვილად არაა უსაფრთხო. როგორც ქვეითები, ასევე მძღოლები, ხშირად არღვევენ საგზაო უსაფრთხოების წესებს. ზოგმა საერთოდ არ იცის ზებრა გადასასვლელის მნიშვნელობა და შეუძლია ორი ნაბიჯის იქით რომ ზებრაა, ქუჩა სხვა ადგილას გადაჭრას. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოში ბევრი ავარია ხდება, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
კესო ჩხიკვაძე, ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი: -სამწუხაროდ, მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების დიდი ნაწილი საგზაო უსაფრთხოების წესებს არ იცავს. ეს ხშირ შემთხვევებში ძალიან ცუდი შედეგებით მთავრდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ მაქსიმალურად ყველამ დავიცვათ საგზაო უსაფრთხოების წესები.
ნორა ავალიშვილი, ხარაგაულში მცხოვრები: -ზოგჯერ ვარღვევ ქუჩაზე გადასვლის წესებს, განსაკუთრებით ქალაქში, როცა სადმე მეჩქარება. საგზაო უსაფრთხოების წესებს ქვეითებიც და მძღოლებიც თანაბრად ვარღვევთ. კანონი დამრღვევის მიმართ უფრო უნდა გამკაცრდეს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს. მთავარია, ცნობიერების ამაღლება მძღოლებში. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რა პასუხისმგებლობა აკისრია, როცა საჭეს მიუჯდება.
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები: ლუკა გურგენიძე, საბა ებანოიძე, გუგა ბერაძე, კესო ჩხიკვაძე, მაგდა მესხი, მონიკა ბუცხრიკიძე, თამარ ჭიპაშვილი, ლიზა ბარბაქაძე, ნათია ბურჯანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი