ხარაგაულელელები გადაცემაში „ეტალონი“მრავალი წელია, რაც მედიაპროექტი „ეტალონი“ არსებობს. გადაცემის რეიტინგი არასდროს დაცემულა. მას ემიგრანტი ქართველებიც კი უყურებენ და უნიჭიერესი ქართველი ბავშვებით ამაყობენ.

2014 წლის 12 იანვარს, დღის 3 საათზე, ჩაიწერა მორიგი გადაცემა, რომელიც თითოეული ხარაგაულელისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან „ეტალონში“ მონაწილეობდა ხარაგაულელი ათი უნიჭიერესი ბავშვი:

მარიამ აბულაძე (ბორის საჯარო სკოლა, მე-12 კლ.);
ირაკლი ტაბატაძე (კიცხის საჯარო სკოლა, მე-12 კლ.);
არჩილ მაისურაძე (ხარაგაულის გიმნაზია, მე-10 კლ.);
მარიამ თხელიძე (ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა, მე-11 კლ.);
ქეთევან სხილაძე (ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა, მე-12 კლ.);
ნელი ლაცაბიძე (მოლითის საჯარო სკოლა, მე-11 კლ.);
თამარ ბანცაძე (წიფის საჯარო სკოლა, მე-11 კლ.);
მამუკა შარიქაძე (ხარაგაულის მე-2 საჯარო სკოლა, მე-12 კლ.);
ნოდარ ლომიძე (ნადაბური საჯარო სკოლა, მე-11 კლ.);
ნანიკო შუბითიძე (ნადაბურის საჯარო სკოლა, მე-11 კლ.).

ყველა ძალიან ვღელავდით. ბავშვებიც ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ; პირველი, რომ ყველას გამარჯვება სურდა, მეორე, – თითოეულ მათგანს ღრმად აქვს თავისი მუნიციპალიტეტის სიყვარული გულში გამსჭვალული და ჩვენი ხარაგაულის სათანადოდ წარმოჩენა სურდა.

გადაცემის ჩაწერას ესწრებოდნენ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ნოდარ ებანოიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი კობა ლურსმანაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ბატონი ზაზა მეფარიშვილი, რომელიც თავის ვაჟთან ერთად იყო  მოსული. საკმაოდ კარგად ითამაშეს ბავშვებმა. თავიანთი სკოლა და მასწავლებლები სათანადოდ გამოაჩინეს. ფინალში გადავიდნენ: ქეთევან სხილაძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), ნანიკო შუბითიძე (ნადაბურის სკოლა, მე-11 კლასი), ნოდარ ლომიძე (ნადაბურის სკოლა, მე-11 კლასი).

ნანიკო შუბითიძისა და ნოდარ ლომიძისთვის ეს დღე იყო დაუვიწყარი. მათ ძალიან გაეხარდათ ფინალში გადასვლა. ამბობენ, რომ მათთვის ეს პროექტი მრავლისმომცემი იყო. პროექტიდან მათ მიიღეს უდიდესი გამოცდილება, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ ცოდნის გაღრმავებაში.

„ძალიან გახარებული ვარ. არ ვიცი, რა ვთქვა, – ამბობს პროექტის გამარჯვებული ქეთევან სხილაძე, – აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირსეული კონკურენტები მყავდნენ. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში იყო. ასეთ პროექტში გამარჯვება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და იმედი მაქვს, რომ ჩემი აქ გამარჯვება მომავალი წარმატებების დასაბამი იქნება.“

ქეთევანს გულშემატკივრობდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი დალი ლურსმანაშვილი და კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ჩაჩანიძე. „ქეთი არის ძალიან ყოჩაღი გოგონა, არაჩვეულებრივი მოსწავლე, – გონიერი, შრომისმოყვარე, განათლებული, ნაკითხი. იმედი მქონდა, რომ ქეთი გაიმარჯვებდა. ვულოცავ მას და უამრავ წარმატებას ვუსურვებ,“ – აღნიშნა ქეთის კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩანიძემ.

„ხარაგაული ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, რაც დღევანდელმა თამაშმაც აჩვენა. თამაში იყო ძალიან საინტერესო. ბავშვებს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდათ, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ ერთია და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ერთი არის სწორედ ჩემი სკოლის მოსწავლე,“ – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი დალი ლურსმანაშვილი.

იმერეთის გუბერნატორმა ბატონმა ზაზა მეფარიშვილმა გამარჯვებულს საჩუქრად ხატი გადასცა. ქეთევან სხილაძე ასევე დააჯილდოვა ბატონმა ნოდარ ებანოიძემ საქართველოს ისტორიის ტომეულით. იგი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ხარაგაულს ასეთი ნიჭიერი ბავშვები ჰყავს. ბატონი ნოდარი გადაცემა „ეტალონის“ აქტიური მაყურებელია. იმდღევანდელ თამაშს კი განსაკუთრებული ინტერესით უყურებდა, რადგან ხარაგაულელი ბავშვები მონაწილეობდნენ. ის პროექტის თითოეულ მონაწილეს მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

„უაღრესად კმაყოფილი ვარ ხარაგაულელი ბავშვების. თითოეული მათგანისთვის ეს იყო უდიდესი წარმატება; განსაკუთრებით კი ქეთევან სხილაძისთვის, – აღნიშნა ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, – მიხარია, რომ ყველამ, ვინც მონაწილეობდა, პროექტის მეშვეობით ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში. მათ გაუძლიერდათ მეტის შესწავლის მოტივაცია და რაც მთავარია, წარმოაჩინეს ის, თუ რა ინტელექტი გააჩნიათ მათ. ეს იყო ჩემთვის ძალიან საამაყო. თითოეულ მათგანს უამრავ წარმატებას ვუსურვებ და ქეთევანს კი ვულოცავ გამარჯვებას. მინდა, რომ ეს მისი უამრავი გამარჯვების საწყისი ყოფილიყოს.“

თვით გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილიც კი ვერ მალავდა ემოციას ხარაგაულელი მოსწავლეების მიმართ. იგი გაკვირვებული იყო მათი ნიჭიერებითა და ინტელექტით.

„ეტალონის“ გამარჯვებული ქეთევან სხილაძე დაჯილდოვდა ისრაელის საელჩოს მიერ დაწესებული პრიზით – პერსონალური კომპიუტერით.

გადაცემა მუსიკალურად გააფორმა ხარაგაულის ანსამბლმა „კახორი.“ მათ მიერ შესრულებულმა ნომერმა მაყურებლის დიდი ოვაცია და აღფრთოვანება გამოიწვია.

მეც ვუერთდები მილოცვას. ვულოცავ თითოეულ ბავშვს ამ დიდ წარმატებას. განსაკუთრებით კი ქეთევან სხილაძეს. უამრავ გამარჯვებას ვუსურვებ.

„ეტალონი“, ხარაგაულელი მოსწავლეების მონაწილეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 8 თებერვალს გავა.

ანი ჭიპაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

იხილეთ ყველა ფოტო:
6. „ეტალონის“ დასრულების შემდეგ 5. ქეთევან სხილაძე დირექტორთან და დამრიგებელთან ერთად 4. ჯილდოვდება გამარჯვებული ქეთევან სხილაძე 3. ანსამბლმა „კახორი“ გადაცემა „ეტალონი“ მუსიკალურად გააფორმა 1. „ეტალონის“ ჩაწერამდე 2. ხარაგაულელელები გადაცემაში „ეტალონი“