ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება განხორციელდა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის #2609 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2017 წლის ბოლომდე დასაფინანსებელი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის ხუთ მუნიციპალიტეტს 1 690 000 ლარი გამოეყო, მათ შორის:

1) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტს – 1 000 000 ლარი;
2) ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 250 ათასი ლარი;
3) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 200 ათასი ლარი;
4) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 140 ათასი ლარი;
5) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 100 ათასი ლარი.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 200 ათასი ლარით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, ძირითადად, ხელფასების გასაცემად, ასევე სპეცტექნიკის შესაძენად და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად მიმართავს. ამ მიზნით, როგორც 19 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას სულ დამატებით 266 400 ლარი სჭირდება (66 400 ლარი მუნიციპალიტეტის სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის ფონდიდან გამოიძებნა).

თავმოყრილი 266 400 ლარიდან 99 400 ლარი საჯარო სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებისთვისაა განსაზღვრული, 125 800 ლარი – ააიპ-ებში დასაქმებულთა დეკემბრის ხელფასებისა და გადაუდებელი ხარჯების დასაფარად. 34 ათასი ლარი სპეციალური სპეცტექნიკის – მანქანა-კალათის შესაძენად გამოიყო, 7 200 ლარი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარებისათვის.

99 400 ლარი საჯარო სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებისთვის შემდეგნაირად განაწილდა:

  • 13 400 ლარი დეკემბერში დეპუტატთა უფლებამოსილების განხორცილების ხარჯებისთვის;
  • 80 ათასი ლარი – მერიის თანამშრომლების დეკემბრის ხელფასებისთვის;
  • 5 500 ლარი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებისთვის;
  • 500 ლარი – ამავე სამსახურის ხარჯებისთვის საოფისე და კომუნალური ხარჯებისათვის.

ზემოთხსენებული 125 800 ლარიდან დეკემბრის ხელფასებისა და გადაუდებელი ხარჯებისთვის მიიღეს:

  • „ხარაგაულდასუფთავებამ“ – 50 ათასი ლარი;
  • „ხარაგაულკეთილმოწყობამ“ გარე განათებისათვის – 2 500 ლარი;
  • ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ – 44 200 ლარი;
  • „სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრმა“ – 2 ათასი ლარი;
  • „შიგა ტურიზმის განვითარების ცენტრმა“ – 2 500 ლარი;
  • „ხალხური შემოქმედების სახლმა“ – 1 ათასი ლარი;
  • „კულტურის ცენტრმა“ – 7 600 ლარი;
  • „ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ“ – 9 ათასი ლარი;
  • ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა – 4 ათასი ლარი;
  • „სათნოების სახლმა“ – 3 ათასი ლარი.

სარეზერვო ფონდის თანხის ხელფასებში გაცემას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი სხდომაზე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სარეზერვო ფონდი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ უნდა მიიმართოს. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია.

„რომელი ქარიშხალი და სტიქია გაუძლებდა იმას, რომ საახალწლოდ ხელფასები არ გაცემულიყო, – ამბობს ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი, – ხარაგაულის ეკონომიკური მდგომარეობა იცით, – აქ არავითარი წარმოება არ მუშაობს და მოქალაქეები ააიპ-ებში არიან დასაქმებულები. თუ ააიპ-ებიდან ხალხს გავუშვებთ, ისინი რაიონსაც დატოვებენ. მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ.“

დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ააიპ-ებში ათასი კაცის დასაქმებას ხარაგაულში მცხოვრები 20 ათასი ადამიანი არ უნდა გადავაყოლოთ და სხვებსაც უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ბიუჯეტი ყველასია.

დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ არ კეთდება ანალიზი, თუ რამ მიგვიყვანა საბიუჯეტო კრიზისამდე და რატომ დააკლდათ ააიპ-ებს თანხები ხელფასების გასაცემად.

ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, „ბიუჯეტი, რომელიც ჯარიმებზეა გათვლილი, ყოველთვის განწირულია.“

„რაიონში არავითარი წარმოება არ მუშაობს,“ – ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი. თუმცა, წლებია, გამგეობა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უგულვებელყოფს სახელმწიფო აუდიტისა და საკრებულოს წევრების რეკომენდაციებს მომსახურებების (კერძოდ, – უპოვართა კვება, საინფორმაციო მომსახურება, დასუფთავება, კეთილმოწყობა) ტენდერზე გატანის შესახებ.

ამ მომსახურებების ტენდერზე გატანის ნაცვლად თქვენივე დაფუძნებული ააიპ-ების სუბსიდირებით სწორედ რომ წარმოების (თანამედროვე ენაზე – ბიზნესის) განვითარებას წლების მანძილზე უშლით ხელს, ბატონო ვლადიმერ!

ძვირფასო ბატონო ვლადიმერ! თქვენზე უკეთესად ვინ იცის, რომ მომსახურებებისთვის განკუთვნილი სახსრების ტენდერის გარეშე განკარგვით ფლანგავთ, არაეფექტურად ხარჯავთ ისედაც მწირი ბიუჯეტის თანხებს.

ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე