ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრთა უმრავლესობას არ მოსწონს, თუმცა მათ მხარი მთავარ საფინანსო დოკუმენტს იმ იმედით დაუჭირეს, რომ „ეტაპობრივად ყველაფერი გამოსწორდება.“
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მერიამ დეპუტატების შენიშვნებს სათანადო ყურადღება არ დაუთმო. ის ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ააიპ-ებმა 2018 წელს მისაღები სუბსიდიის ხარჯებსა და ხელფასებზე განაწილების დოკუმენტი საკრებულოს არ წარუდგინეს.
იმის მიუხედავად, რომ ვარლამ ჭიპაშვილი „ფურცელზე ვერ ხედავს მომავალი წლის ბიუჯეტის ეტაპობრივად გაზრდას,“ 2018 წლის ბიუჯეტს მაინც მხარს უჭერს „მუნიციპალური პროგრამების გაგრძელების აუცილებლობიდან გამომდინარე.“ მას მიაჩნია, რომ „თუ ბიუჯეტის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს, ინფრასტრუქტურული პროექტები შეფერხდება; მოსახლეობას სოციალური პაკეტებით დროულად ვერ დაეხმარებიან; მივიღებთ უხელფასო დასაქმებულებს და შევეწინააღმდეგებით ხარაგაულში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების გაგრძელებას.“
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ ათი ათას ლარს არასაკმარისად მიიჩნევს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი თავზარაშვილი ამბობს, რომ ნიადაგის შემადგენლობის შესწავლის გარეშე სოფლის მეურნეობის კუთხით პროექტების დაფინანსება შეუძლებელია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე შორსაა იმ აზრისგან, რომ 2018 წლის ბიუჯეტი „ციდან ვარსკვლავებს წყვეტს.“ მისი განცხადებით, ააიპ-ებმა საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე უნდა იზრუნონ, რაც მათზე გაცემულ სუბსიდიას შეამცირებს.
პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, მთავრობა მუნიციპალიტეტებში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს. ის ქუთაისში ბიზნესმენებთან საინფორმაციო შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ინვესტორთა ჯგუფი სოფლებში მოსახლეობიდან წამოსულ ბიზნესპროექტებს დააფინანსებს. პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, შესაძლოა, მომავალ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდეს.
დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის მერიის ორი მანქანისთვის განსაზღვრული საწვავის ხარჯი – 45 ათასი ლარი და რესტორნებისთვის – 20 ათასი ლარი საბიუჯეტო თანხების ფლანგვაა.
დეპუტატი თემურ ფცქიალაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის 5-10%-ის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. ამავე მოტივით ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარი თქვა დეპუტატმა მიხეილ ჭიპაშვილმა.
„რა აზრი აქვს ლაპარაკსა და აზრის გამოთქმას, თუ მერია შენიშვნებს არ ითვალისწინებს, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – მომსახურებების ტენდერით განკარგვისა და ააიპ-ების გაერთიანებით 800 ათას ლარს დავზოგავდით. 2018 წლის ბიუჯეტი ააიპ-ებში დასაქმებული ათასამდე ადამიანის ხელფასია და ხარაგაულის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.“
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი