ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011 წლის პირველ აგვისტოს მიიღო #31 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს. დადგენილების მეორე მუხლში ნათქვამია, რომ საკრებულოს წევრს ხარჯი მიეცემა საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობისთვის; მესამე მუხლის თანახმად კი ხარჯის ანაზღაურება მოხდება ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისთვის.
2013 წლის 3 ივნისამდე ეს ხარჯი იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც არ არიან საკრებულოში თანამდებობის პირები, 150 ლარს შეადგენდა. 3 ივნისს დეპუტატებმა დადგენილებაში ცვლილება განახორციელეს და ხარჯი 350 ლარამდე გაიზარდეს.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მოლითის მაჟორიტარ დეპუტატ, პროფესიით ექიმ გოჩა ჩხაბერიძეს, რომელიც ამავე დროს ფრაქციის, „ქართული ოცნება – ხარაგაული“, წევრია, გასული წლის ბოლო თვეებში ხარჯი 350 ლარიდან 150 ლარამდე შეუმცირდა. 27 დეკემბერს მან საკრებულოს საპროცედურო-სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ფხალაძეს განცხადებით მიმართა. განცხადებაში დეპუტატი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში საკრებულოს სხდომებს ვერ დაესწრო და განმარტავს: „იმ პერიოდში მყავდა ონკოინკურაბელური ავადმყოფები, რომლებიც არიან ჩემი სამოქმედო რეგიონის მცხოვრებნი. მათ ესაჭიროებოდათ ჩემი, როგორც ფართო სპეციალისტის, ყოფნა გვერდით, რამეთუ მათი ტრასპორტირება დიდი რისკის შემცველი იყო, ხოლო სადაზღვევო კომპანია „ირაო“ უარს ამბობდა ყველა მათგანის ტრანსპორტირებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ოჯახური ფინანსური მდგომარეობა მძიმე მაქვს. ამიტომ დაქვითული თანხა დამიბრუნეთ. მე პირობას ვდებ, არ გავაცდინო საკრებულოს სხდომები.“
საპროცედურო-სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს 6 იანვარს გამართულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე კომისიის დასკვნა გააცნო. დასკვნის თანახმად, გოჩა ჩხაბერიძე გასულ ხუთ თვეში არ დაესწრო საკრებულოს 11 სხდომას. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის 322 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მას შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება,“ – აღნიშნულია კომისიის დასკვნაში. ამიტომ, კომისიის წევრთა წინადადებით, დეპუტატს სხდომებზე დაუსწრებლობა უნდა ჩაეთვალოს საპატიოდ.
საკრებულოს წევრების, რუსუდან გურგენიძისა და რომან შერგელაშვილის წინადადებით, საპატიოდ კი ჩაუთვლიან სხდომებზე მოუსვლელობას, მაგრამ საინტერესოა, რამდენად იქნება ეს გადაწყვეტილება დეპუტატისთვის ხარჯის სრულად მიცემის საფუძველი.
დეპუტატი იური ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ „საპატიოდ ჩათვლა“ საფუძველია, რომ აღუდგეს ხარჯის სრულად დარიცხვა. მისივე თქმით, განკარგულება თავის დროზე საკრებულომ არასწორად მიიღო და ხარჯი დეპუტატებზე უნდა იცემოდეს უფლებამოსილების განხორციელებისთვის და არა სხდომებზე დასწრებისთვის.
თავად გოჩა ჩხაბერიძე საკრებულოს სხდომებზე მოუსვლელობის მიზეზებს ასე განმარტავს: „მე ახლაც მყავს მანქანაში ოთხი უმძიმესი ავადმყოფი, რომლებიც ზესტაფონში მიმყავს ჩემი ხარჯით. იქ ნაცნობობით და თხოვნით უნდა გადაუღონ თავზე, რადგან ამათ ფული არ აქვთ. სამი დღეა არ მძინავს. მოლითის ტერიტორიული ორგანოების სოფლების მოსახლეობა ითხოვს ჩემგან სამედიცინო მომსახურებას. ეს საქმე უფრო წინ არის, ვიდრე ის, რაც აქ, საკრებულოში ხდება. ამ ბოდიალობებს მირჩევნია, ავადმყოფებს მივხედო. ცუდ საქმეს ვაკეთებ? ვერ ამოვდივარ აფთიაქების ვალიდან. მე რომ ფინანსურად არ მიჭირდეს, არ დავიწყებდი აქ ლაპარაკს. მიჭირს ამ ეტაპზე. ორი სტუდენტი შვილი მყავს. საშინელ დღეში ვარ. ავადმყოფი მომიყვანეთ ერთი, რომელმაც მე ფული მომცა. ორშაბათს წყდება კლინიკებში ყველაფერი. ამიტომ ვერ მოვდივარ სხდომებზე. ბოდიში, რომ უნდა დამერეკა საკრებულოს თავმჯდომარესთან, არ მქონდა საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონის ნომერი. დავრეკე გამგებელთან და ავუხსენი მდგომარეობა. ამიტომ აღარ ჩავთვალე საჭიროდ საკრებულოში დარეკვა. რომ არ მიჭირდეს, ასე თავს არ დავიმცირებდი. მათხოვარი კი არ ვარ. საპატიო მიზეზი მქონდა, სხდომებს რომ ვერ ვესწრებოდი და წარმოვადგენ საბუთებს. მე მოსახლეობის ინტერესს ვიცავ მაქსიმალურად. მითუმეტეს, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.“
დეპუტატს აინტერესებს, თუ დაქვითვაა, სრულად რატომ არ უქვითავენ თანხას? 150 ლარს რატომ იღებს.
საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის განმარტებით, დეპუტატს ეძლევა ხარჯი ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის და ექვითება იმის გამო, რომ ის არ მონაწილეობს საკრებულოსა და კომისიების მუშაობაში. აპარატის უფროსის თქმით, საკრებულოში ყველა დეპუტატის ხმა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
დეპუტატ ნინო ფხალაძის თქმით, დეპუტატები მოსახლეობამ იმიტომ აირჩია, რომ საკრებულოს სხდომებში მონაწილეობდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრი, ექიმი მამია ტაბატაძე ყოველთვის ურეკავს, თუ რაიმე მიზეზით საკრებულოს ან კომისიის სხდომას ვერ ესწრება. გოჩა ჩხაბერიძეს კი არასდროს შეუტყობინებია.
დეპუტატ გია არევაძესმიაჩნია, რომ „ყველაზე უკეთესად გოჩა ჩხაბერიძე ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.“ მისივე თქმით, „მარტო საკრებულოს სხდომაზე მოსვლა ხომ არ არის უფლებამოსილების შესრულება.“
დეპუტატი თემურ გამცემლიძე ამბობს, რომ სასიამოვნო არ არის, როცა დეპუტატი არ ესწრება საკრებულოს სხდომებს. თუმცა, მისივე თქმით, ექიმი რა დროს დასჭირდება ადამიანს, არავინ იცის. „გოჩა ჩხაბერიძე ემსახურება ისეთ რეგიონს, სადაც გზა და კვალი არ არის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხალხს მისი დახმარება და ყურადღება სჭირდება. პარლამენტში საერთოდ არ დადიოდა შალვა ნათელაშვილი და ხელფასს იღებდა. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს გოჩა ჩხაბერიძე და დავუდგეთ გვერდით… თვითმმართველობა არის ფორმალური. კანონის მიხედვით არ კეთდება ყველაფერი. ხანდახან ჩემი კომისიის სხდომაზეც არ ესწრებოდა ყველა, მაგრამ არ ვთვლიდი დარღვევად. ვინც მოვიდა, იმან რა გამიკეთა? ზოგჯერ მე თვითონ არ მჯერა ჩემს მიერ ჩატარებული კომისიის სხდომის. რატომ არ გვინდა, რომ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი,“ – ამბობს თემურ გამცემლიძე.
დეპუტატ ნიკოლოზ მაჭავარიანის თქმით, არსებობს მორალური კანონი. „ყველაფერს ვერ გავაკეთებთ წესისა და კანონის მიხედვით. ამიტომ ვამბობ, რომ რაღაცნაირად მოვუაროთ ამ საკითხს. თუ შეიძლება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ არ დავაზარალოთ ეს კაცი,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ მაჭავარიანი.
„შედით მდგომარეობაში“ – მიმართავს კოლეგებს იური ლურსმანაშვილი.
დეპუტატ გიორგი ცხვედაძის თქმით, მეოთხე წელია საკრებულოში საუბრობენ გოჩა ჩხაბერიძის სხდომებზე დასწრება-არდასწრების საკითხზე. „აქამდე დაგვეცვა, თუ ასე შეგვტკიოდა გული, აქამდე გვეთქვა იმ კაცისთვის, რა მოელოდა,“ – ამბობს გიორგი ცხვედაძე. მან გაიხსენა, რომ საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების წევრობისას“ ფრაქციის თავმჯდომარე გია თაბუკაშვილი ყოველთვის ფლობდა ინფორმაციას, რა მიზეზით არ ესწრებოდა გოჩა ჩხაბერიძე სხდომებს. „ახლა რატომ აღარ ურეკავს ბატონი გოჩა ფრაქცია „ქართული ოცნება – ხარაგაულის“ თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილს?“
საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ რადგან კანონი არ აძლევთ საშუალებას, გოჩა ჩხაბერიძეს ფინანსურად პირადად დაეხმარებიან.
დეპუტატი რუსუდან გურგენიძე არ აპირებს გოჩა ჩხაბერიძისთვის დახმარებას, რადგან ის შეურაცხყოფილია დეპუტატის საქციელით და განცხადებებით. „ოთხი წელია, საკრებულოს წევრია და არ იცის საკრებულოს თავმჯდომარის ნომერი, არ იცის, იმ სამსახურის ნომერი, სადაც მუშაობს. საინტერესოა, საერთოდ რატომ არის საკრებულოს წევრი, თუ ჩვენ აქ ვბოდიალობთ და ეს საქმე არ მიაჩნია მნიშვნელოვნად,“ – ამბობს რუსუდან გურგენიძე.
თავად გოჩა ჩხაბერიძე აცხადებს, რომ ის არავისგან მიიღებს დახმარებას. „ორი წელი უმძიმეს სენს ვებრძოდი და მაშინ არაფერი მიმიღია. ძალიან დამცირებული ვარ. დეპუტატებმა საკუთარ სინდისში ჩაიხედეთ. სხვას არაფერს გეტყვით,“ – დასძენს გოჩა ჩხაბერიძე.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი