…17 საათი და 55 წუთია, თბილისში, უზნაძის 13 ნომერში მდებარე „იარტ გალერეა“ ხარაგაულელი ფერმწერის, მოქანდაკისა და ხატმწერის მამუკა ცუცქირიძის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

„დიდია მღელვარება, ამ გამოფენით ბრუნდება სამყაროში, რომლის გარეშეც სიცოცხლე გაუჭირდა, – ამბობს მამუკა ცუცქირიძის მეუღლე ქეთი პეტრიაშვილი, – მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი სათაყვანო მამის, მაესტროს წინაშე წარდგომაა. „სიყვარულის მდევარი“ შევარქვი ამ გამოფენას, რომელიც მამუკას შინაგანი „მეს“ ამოფრქვევაა, მისი სიყვარულია ხატვისადმი, მისი დაბრუნება შემოქმედებაში.“

„ვაფასებ, როგორც მხატვარი და არა როგორც მამა, – ამბობს ლევან ცუცქირიძე, – როდესაც გალერეაში შემოვედი, ისეთი საოცარი სიამოვნება მივიღე, რომ შემშურდა კიდეც. შემოქმედი ნიჭის გარეშე წარმოუდგენელია.“

„ძლიერი მხატვარია, ლევანის სკოლაა, ამ მანერას ყველგან ვცნობ,“ – ამბობს მხატვარი ვლადიმერ კანდელაკი.

გამოფენაზე მამუკა ცუცქირიძის 22 ნამუშევარია წარმოდგენილი. მათი დიდი ნაწილი ბოლო თვეებში შეიქმნა. ქაღალდი, ტილო, ფანქარი, პასტელი, აკრილი, ნახშირი, – ამ მასალებს იყენებს მხატვარი ნამუშევრების  შესაქმნელად. „ცხენების ქროლვა,“ „სიცოცხლის დაბადება,“ „ამორძალი,“  „სიცოცხლის სათავესთან,“ „ზმანება“, – ეს  არასრული ჩამონათვალია იმ მხატვრული ტილოებისა, რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნაზე მხატვრის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მსახიობები, ხელოვანები იმყოფებოდნენ. გამოფენა 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მამუკა ცუცქირიძე ხარაგაულელი მხატვრის, „ხელოვნების ქურუმად“ აღიარებული ლევან ცუცქირიძის შვილია. მამუკა ცუცქირიძემ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, სწავლობდა ფილადელფიაში (აშშ). სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებსა და კონკურსებში. მუშაობს დაზგური ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების მიმართულებებით. შესრულებული აქვს „ვარძიის,“ „ატენის სიონის,“ „უბისის“ ფრესკების ასლები. დაფუძნებული აქვს  საკუთარი სამხატვრო სტუდია „ფრესკა,“ სადაც აკადემიურ სწავლებას ასამდე მოზარდი გადის.

მამუკა ცუცქირიძეს გამოფენის შემდეგ შევხვდი. მხატვარი ბავშვობაზე, შემოქმედებით ტექნიკაზე, ოჯახზე, განვლილ წლებსა და მომავალ გეგმებზე გვესაუბრება:

-ამ გამოფენისთვის დიდხანს ვემზადებოდი. ვცდილობდი, საკუთარი თავი მეპოვნა. ეს ერთგვარი სტიმულიც იქნება შემდეგი მუშაობისათვის. ამით საკუთარ თავსაც აღმოაჩენ, კრიტიკასაც მოისმენ და ზოგადად, მხატვარი სწორედ გამოფენიდან გამოფენამდე იზრდება. ნამუშევრებიდან განსაკუთრებით „ამორძალს“ და „ცხენებს“ გამოვყოფდი, ფორმით და პლასტიკით რამდენადმე უჩვეულოა.

ხუთი წლიდან ვხატავ. სიმშვიდეში მიყვარს ხატვა ან ჯაზმუსიკის, კლასიკის, მისტიური კომპოზიციების ფონზე. ამ დროს ყოველთვის მუსიკალურ განწყობებს მივყვები და ემოცია დიდია. ნაკლებად ვიყენებ ძლიერ, მკვეთრ ფერებს. მიყვარს ცისფერი, მონაცრისფრო, თბილი მიწისფერი, პასტელური ფერები. თუმცა ყველა მასალას თავისებური მიმართულება აქვს.

ხელოვანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვობის მოგონებები. ასევე ბუნებასთან ახლო  კავშირი, რომელიც ასაზრდოებს მხატვრის წარმოსახვას. ჩემი ბავშვობის მოგონებები სოფელ მოლითს უკავშირდება. სოფლის ყოფას საკუთარ ფუძეზე განსაკუთრებულად შეიგრძნობ.

მიყვარს ხვნა-თესვის პერიოდი, როცა ხარი და ადამიანი გუთანშია შებმული. ეს მხატვრობაში ერთგვარი ფილოსოფიაა. ცხენების კომპოზიციები ჩემს ნამუშევრებში სწორედ სოფელს და ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. ვქმნი ფიგურულ კომპოზიციებს, რომელიც მამაჩემის სკოლის ერთგვარი გაგრძელებაა. ეს ფიგურები კი ყოველდღიური ცხოვრების რიტმთან საკმაოდ ახლოსაა.

ძირითადად ეს მოგონებები, ბუნებასთან კავშირი და ფრესკების ასლების შექმნის დროს განცდილი ემოციები შთამაგონებს ხოლმე. სოფელში გამორჩეულად მიყვარს გორა, რომელსაც სერს ეძახიან. აქ 2000 წელს პატარა ეკლესიის საძირკველი ჩავასხით, თუმცა ჯერ მობილიზება ვერ ხერხდება, რომ გავაგრძელოთ. აქედან მშვენიერი ხედია: ხეობა, ნებოძირის მთები, ყორღანოს მთა. ეს  ბუნება ისეთ მუხტს იძლევა, როცა სოფელში ჩავდივარ, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ერთ საათში იდეა მიჩნდება. რამდენიმე ხნის წინ სოფელში სახელოსნო გავაკეთე. გულით და სულით ყოველთვის მოლითში ვარ. თუმცა ცხოვრების რიტმი არ მაძლევს სოფელში ხანგრძლივად ყოფნის საშუალებას. ბავშვობაში მამა სწორედ ბუნებასთან კავშირზე მესაუბრებოდა. მამაჩემმა, როგორც ხელოვანმა, უდიდესი გავლენა იქონია ჩემზე. დღესაც, როცა რამეს ვქმნი, პირველად აზრს სწორედ მას ვუზიარებ. მე მის შემოქმედებაში დავიბადე. გავიზარდე მის მეგობრებს შორის, რომლებიც შემდეგ ჩემი მასწავლებლები გახდნენ. ზოგადად, ასეთ გარემოში რთულია იპოვო საკუთარი თავი, მაგრამ ეს რამდენადმე შევძელი და საკუთარი თავის ძიებას კვლავ ვაგრძელებ.

ჩემი და ჩემი დის, ნინოს აზროვნების ჩამოყალიბებაზე, როგორც შემოქმედების, ასევე პიროვნული მიმართულებით, მამამ დიდი გავლენა იქონია. საოცრად რბილი და თბილი ხასიათი აქვს. მახსოვს, პირველად როცა გამოვძერწე, მისმა შექებამ დიდი სტიმული მომცა.

1992 წელს ფილადელფიაში სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ამ დროს თბილისში უკვე მყავდა პედაგოგები, – გოგა ოჩიაური, მერაბ ბერძენიშვილი, ვაჟა მელიქიშვილი, რომელთა დახმარებითაც უკვე რაღაც შემეძლო… ფილადელფიის აკადემიაში უფასოდ სწავლების საშუალება მომცეს. ძალიან საინტერესოდ მახსენდება ეს პერიოდი, – გამოფენები, მუზეუმები… შემდეგ თბილისში დავბრუნდი. 1998 წლიდან 2006 წლამდე ვიყავი თბილისის სამხატვრო აკადემიაში კათედრების ხელმძღვანელი. შევქმენი არაერთი ნამუშევარი სარეკლამო დიზაინის მიმართულებით.

მყავს მეუღლე და შვილები -15 წლის ლუკა და 10 წლის ნიკოლოზი. ვისურვებდი, რომ ჩემმა შვილებმა მხატვრობის გზა გააგრძელონ. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენადაც ვიცი, ჩემი შვილები მოლითში ცუცქირიძეების შტოს მერვე თაობაა. მამას ყოველთვის პრობლემები ჰქონდა კომუნისტურ  წყობასთან, ავიწროვებდნენ, ზოგჯერ კონკრეტული ფერებით ხატვასაც კი უშლიდნენ, აკადემიიდან რიცხავდნენ.

სამომავლოდ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ვმუშაობ გრაფიკულ ნამუშევრებზე და მინდა გამოფენა მოვაწყო. ივლისში ორმოცდაათამდე ნამუშევარი ჩამოვიტანეთ ხარაგაულში. კვლავაც ვგეგმავ ნამუშევრების ჩატანას, უფრო ქანდაკებებს, რომ სრული კოლექცია შეიკრას და ამავე ბაზაზე შეიქმნას მუზეუმი. მოხარული ვიქნები, თუ ეს იდეა განხორციელდა. ბუნებრივია, ამას ფინანსები დასჭირდება. გაწეული დახმარებისათვის მინდა მადლობა ვუთხრა ხარაგაულის მერიას და ხარაგაულის მერს ნიკო თოფურიძეს. ზოგადად, მუზეუმი არ უნდა იყოს სტატიკური გაყინული ადგილი. დღეს ისეთი ქაოსური ცხოვრებაა, რომ ადამიანი უფრო აქტიური უნდა გახდეს.

ხარაგაულში შეიძლება შეიქმნას სასწავლო ცენტრი, რომელიც წიგნის, შემოქმედებითი სამყაროს, ხელოვნების აღქმის გაცილებით მეტ სიყვარულს დააბრუნებს. ხარაგაულის მერიისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი მაქვს. ამ იდეას ბოლომდე მივიყვან. ხარაგაულელებს კი ვუსურვებ სუფთა ურთიერთობებს და იმ გარემოს განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელშიც ცხოვრობენ.

თამარ ჩხიკვაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი