თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 4 დეკემბერს ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ქუჩურ გარჩევას შეეწირა. ისინი სასიკვდილოდ თანატოლებმა გაიმეტეს.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავი რამ მომავალში აღარ განმეორდეს, – ამ საკითხზე ხარაგაულელები მსჯელობენ.

დოდო გელაშვილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი: -ტრაგედიის მეორე დღეს გაკვეთილზე შესულმა ყველა მოსწავლე გულში ჩავიხუტე. რაც მოხდა, სიყვარულის ნაკლებობის ბრალია. ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ.

ყვირილითა და შიშით მოსწავლეებთან ვერაფერს მივაღწევთ. თუ არ იქნება ურთიერთსიყვარული, იქნება ძალადობა. სკოლებში მანდატური საჭირო არაა. ჩემი აზრით, მანდატურების გარეშე მასწავლებელი  მოსწავლის მიმართ უფრო მობილიზებული იქნება და არაფერი გამოეპარება.

ნანა რევაზიშვილი, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე: -ბავშვის აღზრდა ოჯახიდან იწყება. აგრესიის მოზღვავება სოციალურმა პირობებმა განაპირობა. ოჯახში თბილი, მოსიყვარულე გარემოს შექმნა, პირადი მაგალითი მშობლებისა და ოჯახის წევრებისა, ბავშვის ხასიათებისა და თვისებების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტია. როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობიან, ასეთ გარემოში არა მგონია ბავშვი მოძალადე გაიზარდოს.

დავით კიკნაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე: -ფაქტი, რომ ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა ქუჩურ გარჩევას, ქვეყნის ტრაგედიაა. ქართულ ოჯახებში, სამწუხაროდ, ბავშვებს ზრდიან არა დედ-მამა, არამედ ზრდის ან ერთი მშობელი, ან ბებია-ბაბუა, ან დაქირავებული ძიძა. მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ მიდიან და ისეთ სამუშაოს ასრულებენ, რაც აქ შეიძლება ითაკილონ. მშობლების უმრავლესობა ოჯახიდან დილიდან საღამომდე გასულია და შვილებს მხოლოდ დაძინების წინ ხედავენ.

აუცილებელია სკოლაში მასწავლებელს ჰქონდეს უფლება, მოსწავლეს სწავლა მკაცრად მოსთხოვოს.

სკოლაში უნდა ამოქმედდეს ფსიქოლოგის ინსტიტუტი. არ შეიძლება სკოლაში საპატრულო პოლიცია და პროკურატურა იყოს.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში დაბრუნდეს რელიგიის სწავლება. სამწუხაროდ, ტელევიზიები შემეცნებით და ღირებულ გადაცემებს არ გვთავაზობენ.

ნელი შარიქაძე, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგი:
-ასეთი უბედურებების მიზეზი საერთო უწესრიგობაა. განათლების სისტემაში დაფიქრებული, გეგმაზომიერად შემუშავებული სიახლეები უნდა დაინერგოს. უფლის ათი მცნება უნდა გავითავისოთ. სკოლებში დისციპლინა და წესრიგი აუცილებელია.

მასწავლებელი თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს. ეს იოლი არაა, მაგრამ უნდა შევძლოთ. სკოლებში არასპეციალისტები ასწავლიან, რომელთაც პედაგოგიკა არ იციან. მოზარდის მიმართ სულ უმნიშვნელო უყურადღებობა, შესაძლოა, დიდ დანაშაულში გადაიზარდოს.

მშობლისა და მასწავლების მჭიდრო ურთიერთობა აუცილებელია. ბავშვის სულიერ მდგომარეობაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

გივი კურტანიძე მშობელი: -გამოსავალი ერთია, – ერი თუ ბერი ფეხზე უნდა დავდგეთ. სასულიერო და საერო ხელისუფლება პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად უნდა ჩაერთოს. ყველა ახალგაზრდისთვის სპორტსა და ხელოვნებაში ჩართულობა სავალდებულო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. უსაქმურად ქუჩაში დგომა და სადარბაზოში „ბირჟაობა“ სირცხვილად უნდა იქცეს.

ყველა მშობელმა, საზოგადოებამ უნდა შევძლოთ და შვილები სამაგალითოდ აღვზარდოთ.

„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო,“ – ნათქვამია. ბევრჯერ გადაგვბრუნებია ურემი, მაგრამ ხალხის მეხსიერება მოკლეა. ეს ტრაგედია და უბედურება ყველასთვის მწარე მაგალითი უნდა  გახდეს. მომავალში მსგავსი ფაქტის განმეორება დაუშვებელია!

თამთა გოგოლაძე