ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD 1 დასრულდა. ოთხწლიანი საქმიანობა პროექტის პარტნიორებთან და ფერმერებთან ერთად პირველ დეკემბერს თბილისში შეჯამდა.
პლენარული სესიების პარალელურად, კონფერენციაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების გალერეა მოეწყო. მონაწილეებმა პროგრამის შედეგები თითოეული ბენეფიციარი კოოპერატივის მაგალითზე შეაფასეს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ხარაგაულიდან ENPARD-ის პროგრამით დაფინანსებული კოოპერატივების, „მეღვნეობა კიცხისა“ და „სარგოს“ წარმომადგენლები მიიწვიეს.
„მეღვინეობა კიცხმა“ ღონისძიებაზე ორი სახის პროდუქცია – ქვევრში ჭაჭაზე დავარგებული და ქვევრში ჭაჭის გარეშე დავარგებული ღვინოები წარადგინა; რძის პროდუქციის მწარმოებელმა კოოპერატივმა „სარგომ“ – მაწონი.
„ვფიქრობ, ENPARD-ის პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროგრამებს შორის, – ამბობს „მეღვინეობა კიცხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰამლეტ ბერაძე, – ამ პროექტის გარეშე პროდუქციის წარმოებას და ჩვენი იდეის განხორციელებას ნამდვილად ვერ შევძლებდით. პროექტის ფარგლებში 95 ათასი ლარი ღირებულების ინვენტარი გადმოგვეცა. შენობა, სადაც კოოპერატივია განთავსებული, მეპაიეებმა საკუთარი ძალებით ავაშენეთ.“
„მეღვინეობა კიცხმა“ ENPARD 1 პროგრამის მეორე პროექტშიც გაიმარჯვა და დეკემბრის ბოლოს 33 ათასი ლარი ღირებულების უჟანგავ ჭურჭელს, არყის სახდელ დანადგარსა და სარეკლამო ბანერებს მიიღებს. თანხის 20% კოოპერატივის წევრებმა გაიღეს.
„ეს კიდევ უფრო წინ წაწევს ჩვენს საქმიანობას და ღვინის დაძველებას მეტ ყურადღებას მივაქცევთ, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – თუ წელს 5 ტონა ღვინის დაყენება შევძელით, მომავალში უფრო მეტი გვექნება და დავაძველებთ. ღვინის რეალიზაცია არ გვიჭირს, – ძირითადად ადგილზე და ბათუმში ერთ მაღაზიაში ვყიდით. ამჟამად ჩვენს პროდუქციას სარიტუალო სახლებს ვაწვდით. ვფიქრობთ, რომ მომავალში ბოთლის ღვინის წარმოება გავზარდოთ. ENPARD-ი ქუთაისში მაღაზიათა ქსელის გახსნას გეგმავს. ამ ჯგუფშიც გავწევრიანდით. დეკემბრის ბოლოს პროდუქციას თბილისში, „ელკანას“ ბაზრობაზე გავიტანთ. მეორე წელია, „მეღვინეობა კიცხი“ ფუნქციონირებს და გზას თანდათან ვიკვლევთ, – ღვინის წარმოების კუთხით მეტ ცოდნასა და გამოცდილებას ვიძენთ.“
წარმოების გაგრძელება უჭირს რძის მწარმოებელ კოოპერატივ „სარგოს.“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გველესიანი ამბობს, რომ ეს მეპაიეებს შორის დაპირისპირებისა და ფინანსური პრობლემების ბრალია.
„ვეძებ სპონსორს, არის შემოთავაზებები და კოოპერატივის საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ, – ამბობს გიორგი გველესიანი, – პროდუქციაზე მოთხოვნის შესაბამისად ვიმუშავებთ. რაც შეეხება ENPARD 1-ის შემაჯამებელ ღონისძიებას, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საქართველოში ამ პროგრამით შექმნილი კოოპერატივების გამოცდილება გავიზიარეთ, რაც სამომავლო საქმიანობაში გამოგვადგება.“
ღონისძიებას ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის დახმარებით დღეს საქართველოში 1 500-მდე კოოპერატივია დარეგისტრირებული. ENPARD-ის პარტნიორები ევროკავშირის დაფინანსებისა და საგრანტო სქემის ფარგლებში კოოპერატივებს აქტივების შეძენის, ინტენსიური ტექნიკური მხარდაჭერის, ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით დაეხმარენ.
სოფლის მეურნეობის განვითარების შეფასებას დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, სრულ შედეგზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია, თუმცა კვლევებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების ფერმერების შემოსავალი 27%-ით, ხოლო მოგება 30%-ით გაიზარდა.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი