ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, ასევე კოოპერაციისა და აგრობიზნესის შესახებ ტრენინგების მეშვეობით, მცირე ფერმერებს ეკონომიკური განვითარების, წარმოების ხარჯების შემცირების და ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

პირველ დეკემბერს თბილისში გამართულ ერთობლივ დაკვნით ღონისძიებაზე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა, „ქეა“, „მერსი ქორი“, „ოქსფამი“ და „ფიფლ ინ ნიდ“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად განხორციელებული ოთხწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს.

ღონისძიება პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების, დაინტერესებული პირებისა და ბენეფიციარი ფერმერების პრეზენტაციებს მოიცავდა. დისკუსია ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და ENPARD-ის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, 2014-2017 წლებში მიღწეულ შედეგებს ეხებოდა.

ღონისძიებას ENPARD-ის ბენეფიციარ ფერმერებთან ერთად, ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციებისა და დონორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების სამსახურის უფროსმა კაიდო სირელიმ.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მოდელის შექმნა ENPARD-ის პირველი ფაზის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. იმედის მომცემია, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დახმარებით, საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, კოოპერატივებში ჩართულ ფერმერებს ეკონომიკური განვითარების და წარმოების ხარჯების შემცირების საშუალება აქვთ, რაც მათი შემოსავლის ზრდას განაპირობებს,“ – აღნიშნა კაიდო სირელიმ.

ENPARD-ის კოოპერაციის კომპონენტის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კანონის მიღება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (ACDA) შექმნაა. ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ძირითადი ინსტიტუციაა, რომელიც ახლა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქტიულობის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით მუშაობს.

ევროკავშირის დახმარებით, დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 1 500-მდე კოოპერატივი, რომელიც 15 000 ფერმერს აერთიანებს. 280-ზე მეტმა კოოპერატივმა ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარებით ისარგებლა, რისი საერთო ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს. ევროკავშირის დაფინანსებისა და საგრანტო სქემის ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორებმა კოოპერატივებს დახმარება გაუწიეს აქტივების შეძენის, ინტენსიური ტექნიკური მხარდაჭერის, ტრენინგებისა თუ გამოცდილების გაზიარების კუთხით.

მათ ასევე ხელი შეუწყვეს ფერმერებს ბაზრებზე და ფინანსებზე წვდომაში. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 8 000 ფერმერი გადამზადდა და ბიზნეს მენეჯმენტის კუთხით ცოდნა გაიუმჯობესა. ამასთან, დაახლოებით 1 000-მა კოოპერატივმა ჯამში 6 მილიონი ლარის ღირებულების გრანტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო პროგრამების შედეგად მიიღო.

უფრო მეტიც, ევროკავშირის ინსტრუმენტალურმა მხარდაჭერამ ადვოკატირების კუთხით კოოპერატივების შესაძლებლობების ზრდა უზრუნველყო. ევროკავშირი ასევე დაეხმარა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და სექტორის ძირითად საკონსულტაციო ორგანიზაციად დამკვიდრებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ფერმერთა საბჭოს, როგორც მმართველობის სტრუქტურის ინტეგრირებული ერთეულის ჩამოყალიბებას. საბჭოს 120 წევრი ამჟამად ფერმერთა ადვოკატირებისა და კოოპერატივების უფლებების დაცვის კუთხით გადამზადებას გადის.

ამასთან, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის მასშტაბით 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების შექმნას, სოფლის მეურნეობის წარმომადგენელთათვის თანამედროვე ფერმერული პრაქტიკის შესახებ უფასო კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარების საფუძველზე.

სოფლის მეურნეობის განვითარების შეფასებას დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, სრულ შედეგზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების ფერმერების შემოსავალი 27%-ით, ხოლო მოგება 30%-ით გაიზარდა, ბევრ კოოპერატივში კი დასაქმების მაჩვენებელი გაორმაგდა. ამასთან, 2014 წლიდან, თითოეული კოოპერატივის წარმოების ღირებულებამ საშუალოდ 37%-ით მოიმატა. გარდა ამისა, კოოპერატივების აქტივების საშუალო ღირებულებაც მნიშვნელოვნად, 300%-ით გაიზარდა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ყველა რგოლში აქტიურად არიან ჩართულნი. საერთო ჯამში, წევრებისა თუ დასაქმებულების 53% ქალია. ქალები ასევე იკავებენ მმართველობის წამყვან თანამდებობებს. გამოკითხული კოოპერატივების მენეჯმენტის საბჭოს წევრების 21%-ს სწორედ ქალები წარმოადგენენ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი დოკუმენტი: ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები და კვლევის ძირითადი მიგნებები.

პლენარული სესიების პარალელურად, კონფერენციაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების გალერეა მოეწყო. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შედეგები თითოეული ბენეფიციარი კოოპერატივის მაგალითზე შეეფასებინათ, გასაუბრებოდნენ ფერმერებს და მათი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაცნობოდნენ.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება და სოფლად სიღარიბის შემცირებასთვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს.

პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.