ყოველი წლის ნოემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღეს, რომლის მიზანია შევინარჩუნოთ ანტიბიოტიკების ეფექტურობა.
ანტიბიოტიკების შექმნას კაცობრიობა შოტლანდიელ ექიმს ალექსანდრე ფლემინგს უმადლის, როდესაც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მან აღმოაჩინა ნივთიერება, რომელიც მიკროორგანიზმებს მუსრს ავლებდა, მას პენიცილინი უწოდა. ეს გახლდათ პირველი ანტიბიოტიკი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით სასიკვდილოდ განწირული ჯარისკაცი გადაარჩინა. ამან მედიცინაში გადატრიალება მოახდინა.
მრავალი ისეთი დაავადება, რომლებსაც წინათ ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, დღეს იკურნება. თუმცა, სამწუხაროდ, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა (მდგრადობა) საგანგაშოდ მატულობს მთელ მსოფლიოში, რაც ინფექციური დაავადებების მკურნალობას საფრთხეს უქმნის. სულ უფრო რთულდება და ხადახან შეუძლებელიც კი ხდება ინფექციების (პნევმონია, ტუბერკულოზი, სეფსისი, გონორეა და სხვ.) მკურნალობა ანტიბიოტიკების ეფექტურობის კლების გამო.
ანტიბიოტიკები სამედიცინო საშუალებებია, რომლებიც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ 70 წელზე მეტია გამოიყენა. ამ პრეპარატის დახმარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ინფექციური დაავადებებით ავადობა და სიკვდილი.
დროთა განმავლობაში ინფექციის გამომწვევმა აგენტებმა ადაპტაცია (შეგუება)განიცადეს და მდგრადი გახდნენ, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესა თუ ის ანტიბიოტიკი განსაზღვრულ ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს. მიკრობს აქვს უნარი, წინ აღუდგეს წამლის ეფექტურობას ანუ არ მოკვდეს, ზრდა არ შეაჩეროს და ჩამოყალიბდეს რეზისტენტულ (გამძლე) შტამად. ამას ხელი შეუწყო ანტიბიოტიკების არასწორმა და ჭარბმა გამოყენებამ.
ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი არიან ბაქტერიები და არა ადამიანები ან ცხოველები. ასეთ ბაქტერიებს შეუძლიათ შემდგომში ადამიანის ან ცხოველის ინფიცირება და მათი მკურნალობა შედარებით რთულია, ვიდრე ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების.
რეზისტენტობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო იმან, რომ ანტიბიოტიკები წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დანიშვნად პრეპარატს მედიცინაში. თუმცა, ხშირად არ არის ოპტიმალურად დანიშნული და არასწორი დოზირებითა და ხანგრძლივობით გამოიყენება.
მიკრობები, რომლებიც ბუდობენ და აბინძურებენ საკვებ პროდუქტებს, შეიძლება მალე გახდნენ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულნი, რადგან ადამიანებსა და ცხოველებში ეს პრეპარატები არასწორად გამოიყენება. აღმოჩნდა, რომ ცხოველების საკვებში ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება იწვევს მათ ორგანიზმში მიკრობების რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას და შემდგომში ადამიანის დაავადებას ამ მიკრობებით.
ამიტომ ანტიბიოტიკები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებში ინფექციების სამკურნალოდ, მეცხოველეობაში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ვეტერინარის მეთვალყურეობით ცხოველებში ინფექციების სამკურნალოდ. ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გავრცელების აგრეთვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბაქტერიების რეზისტენტული შტამების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე.
დღეს არავინ არის დაცული ისეთი ინფექციური დაავადებებისაგან, რომელთა გამომწვევი ბაქტერიებიც რეზისტენტულნი იქნებიან თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ!
ანტიბიოტიკების რეზისტენტობის დაძლევის მიზნით საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება: ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს სერთიფიცირებული სამედიცინო პერსონალის გარეშე;
არასოდეს მოითხოვოთ ანტიბიოტიკები, თუკი სამედიცინო პერსონალი გეუბნებათ, რომ თქვენთვის ისინი არაა საჭირო;
თვითნებურად ნუ შეცვლით წამლის დოზასა და ხანგრძლივობას;
მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომ დარჩენლი ანტიბიოტიკები არ გადასცეთ სხვას;
ინფექციების პრევენციის მიზნით რეგულარულად იბანეთ ხელები, საკვების მომზადებისას დაიცავით ჰიგიენა, მოერიდეთ ახლო კონტაქტს დაავადებულ ადმიანებთან და დროულად ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
არ შეიძლება ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, გაციების, გრიპის დროს, საზოგადოდ ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც ბაქტერიებით არ არის გამოწვეული. ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს! მის ნაცვლად ნორმალური მიკროფლორა ნადგურდება, ბაქტერიების ნაწილი კი რეზისტენტული ხდება.
არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით, ამით უფრო ვართულებთ შემდეგ მკურნალობას. ანტიბიოტიკების დანიშვნამდე აუცილებელია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც დღემდე ოქროს სტანდარტად რჩება. ანტიბიოტიკოგრამა იმის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს, რომელი ანტიბიოტიკის მიმართ არის მგრძნობიარე ესა თუ ის მიკრობი.
რატომ უნდა გამოვიყენოთ მეოთხე რიგის პრეპარატი, თუ პირველი რიგისაც კარგად მოქმედებს. მეორე მხრივ, – თუ მიკრობი მგრძნობიარე არ არის, რა დოზითა და ხანგრძლივობითაც უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი, ავადმყოფობას ვერ მოვერევით, სამაგიეროდ, რეზისტენტობის განვითარებას შევუწყობთ ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ ახალი ანტიბიოტიკების შექმნაზე, ვერცერთი მათგანი ვერ იქნება ეფექტური ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების ყველაზე საშიში სახეობის წინააღმდეგ.
როდესაც ინფექციები ვეღარ იკურნება პირველი რიგის ანტიბიოტიკებით, საჭირო ხდება უფრო ძვირადღირებული პრეპარატების გამოყენება. სტაციონარში პაციენტთა ავადობისა და მკურნალობის ხანგრძლივობა ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს, ტვირთად აწვება ოჯახების ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკას. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა საფრთხეს უქმნის თანამედროვე მედიცინის მიღწევებს.
ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის აუცილებელი ანტიბიოტიკების ეფექტური გამოყენების გარეშე, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ქიმიოთერაპია და ქირურგია ბევრად უფრო სახიფათოა.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს უკვე გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც თითეულ ჩვენთაგანს შეუძლია წვლილის შეტანა, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების ხარჯზე!
თათია ბლუაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი
მაკა გელაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსის თანაშემწე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი