მოულოდნელი სიკვდილი ჯობს სიკვდილის შიშით ცხოვრებასო, – თავის დროზე უთქვამს უდიდეს მხედართმთავარსა და მოაზროვნეს იულიუს კეისარს.
მიუხედავად იმისა, რომ შიშით არასოდეს უცხოვრია და სულ ბრძოლაში იყო, მშვიდობა იყო თუ ომი (ეს იყო მისი ცხოვრების კრედო), მისი სიკვდილი მაინც ერთობ მოულოდნელი ამბავია, – რომ არავინ ელოდა, ნაჯაფი, ჩვეულებრივ დაწვა დასაძინებლად და საუკუნო ძილით დაიძინა.
ემზარი ჩაჩანიძე არა მარტო მშობლიურ ჩრდილსა და ზვარეს, არამედ მთელ ხარაგაულს დააკლდა და მე ვიტყოდი, საქართველოსაც. იგი სულ იქ ტრიალებდა, სადაც საქმე იყო საკეთებელი, სადაც პრობლემები იყო, სადაც საქმის ბრძოლით გატანა იყო საჭირო.
პირველად, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, ავღანეთის ომში ჩახედა სიკვდილს თვალებში. ზოგჯერ იტყოდა ხოლმე, იქ რა მინდოდაო, მაგრამ მეგობრებს ხომ ვერ უღალატებდა და რამდენი ჰყავს გადარჩენილი უეჭველ სიკვდილს და რამდენჯერ დაუსხლტა ხელიდან თვითონაც მიქელ-გაბრიელს.
შემდეგ ეს საბრძოლო გამოცდილება არაერთხელ გამოადგა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც არავის ბრძანებისა და დავალებების გარეშე, საკუთარი ნება-სურვილით და მოვალეობის გრძნობით მონაწილეობდა ცხარე შეტაკებებში.
ავღანეთის ომში მონაწილეობაც შემდეგ არაერთხელ გამოიყენა თავისი მშობლიური კუთხის სასარგებლოდ, როგორც ავღანელთა კავშირის წევრმა, რომელსაც თავის დროზე გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში.
მისი თაოსნობითა და რუდუნებით დაარსდა რკინიგზის „ჩრდილის ბაქანი“, მოლითიდან ორ კილომეტრში. ამით საგრძნობლად შეუმოკლდათ გზა ჩრდილელებს, ზვარელებს, ნუნისელებს, ანიულელებს. მათთვის დღესაც, ჯერჯერობით, რკინიგზა ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. გაკეთდა ახალი გზა ჩრდილში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის პირველ ეტაპზე აქტიურად იბრძოდა არა მარტო თავისი სოფლის, არამედ პარკის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვისაც, მათივე საარსებო პირობების დაცვისა და კეთილდღეობისათვის. მისმა ბრძოლამ გარკვეული შედეგები გამოიღო პარკის დამხმარე ზონების გაფართოების საკითხებში ისე, რომ ეს დიდი სახელმწიფოებრივი და რაიონისთვის სასიცოცხლო საქმეც არ დაზარალებულა.
ამას გარდა, კიდევ რამდენ სასარგებლო საქმეს დაუდო სათავე… ყველაფერს მთელი გულითა და ენერგიით აკეთებდა. ახლაც წინ უღუდგა სოფლის ეკოლოგიური გარემოსათვის ისეთ საშიშ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი აქვს ზვარის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას, გვირაბიდან გამოტანილი მიწის მასითა და ქანებით ცალკეულ ხევებსა და ტერიტორიებზე განთავსებისას.
ის პირველი გრძნობდა და აღიქვამდა ეკოლოგიურ საშიშროებას, ისევე როგორც ზვარეს მინერალური წყლის დაკარგვის საფრთხეს და მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ამას. ერთხანს სოფლის თავკაცად მუშაობდა. მის სიტყვას აფასებდნენ, მას ენდობოდნენ და მიჰყვებოდნენ. ვიცი, ომებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით მოგონებების წიგნად გამოცემას აპირებდა, დოკუმენტური მასალაც ბევრი მაქვსო, – ამბობდა, მინდა დაბეჭდვამდე ყველაფერს გადაგახედოო – მითხრა ერთხელ, სამწუხაროდ არ დასცალდა.
ძველი რომაელი მოაზროვნე სენეკა ამბობს – ადრე მოკვდები თუ გვიან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორ იცხოვრებ და როგორ მოკვდები, – კარგად თუ ცუდადო. მაინც ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან ემზარ ჩაჩანიძე და ეს კი ძალიან ცუდია მისი ოჯახის, სოფლისა და რაიონისათვის.
ემზარ ჩაჩანიძე იყო ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი, საპატიო რკინიგზელი, ღირსების ორდენის კავალერი, აფხაზეთის ბრძოლებში ავღანეთის ბატალიონის ხელმძღვანელი.
მას ჯერ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი ჰქონდა და უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთებაც შეეძლო. სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო. წავიდა, როგორც დიდი ვაჟა იტყოდა: „აი, ვინ არი კაი ყმა, მოსაგონარი ქებითა!“
ვალერი გოგნაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი