იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, სახელად ხუტა.

იგი სოფელში ცხოვრობდა. ბუნების წიაღში იზრდებოდა და ძალიან უყვარდა ბუნება, ტყე. სულ აინტერესებდა, როგორ იზრდებოდნენ ხეები, რით იკვებებოდნენ. უკვირდა, როგორ უძლებდნენ ისინი ქარიშხალს ისე, რომ არ ითხრებოდნენ.

ხუტა ძალიან ხშირად სტუმრობდა მთას, რომელიც სოფელს ესაზღვრებოდა. ყველა ხეს იცნობდა. გაგიკვირდებათ და ხეების ენა ესმოდა, მათთან საუბარიც შეეძლო. ყველას სთხოვდა, რომ გასათბობად ხის ხმელი ტოტები შეეგროვებინათ და ახალგაზრდა, ჯანმრთელი ხე არ მოეჭრათ.

ბიჭს ერთი შემთხვევა ძალიან ჩარჩა გულში და სწორედ მაშინ დაებადა შეკითხვა: რას უშავებენ ხეები ადამიანებს, რატომ იმეტებდნენ მათ სასიკვდილოდ?

ეს ამბავი გასულ წელს მოხდა. სკოლიდან დაბრუნებულმა ხუტა ბიჭმა ტყეში გავლა და მეგობარი ხეების ნახვა დააპირა. თვალში ერთი ატირებული ხე მოხვდა. ახლოს მისულმა დაინახა, რომ მასზე დიდი, წითელი ჯვარი გამოესახათ.

-რა გატირებს, ან ეს ჯვარი რას ნიშნავს? – ჰკითხა ბიჭმა ხეს.

-მეტყევეებმა ჩამოიარეს და დამნიშნეს, – უპასუხა ხემ.

-მერე რა გადარდებს? – გაუკვირდა ხუტას.

-ჯვარი იმის მანიშნებელია, რომ ან მომჭრიან ან ძირფესვიანად ამომთხრიან, – ტირილით მიუგო მწვანე ხავსით დაფარულმა ხემ.

ბავშვი დააფიქრა ხის ნაამბობმა. გზა განაგრძო. მან რამდენიმე ხეზე აღმოაჩინა მსგავსი ნიშანი და შეშინებული დაბრუნდა სოფელში. მთელი საღამო ხეებზე დარდობდა. უნდოდა, მეტყევე ენახა და შეეჩერებინა, მაგრამ სოფელში არავინ იცნობდა იმ მეტყევეს. ბიჭმა ღამით ვერ დაიძინა. სამაგიეროდ მოიფიქრა, რა უნდა გაეკეთებინა.

დილით ადრე ადგა ბიჭი და თავის მეგობრებს ჩამოუარა. უამბო, რაც ხდებოდა ტყეში. სთხოვა მათ დახმარებოდნენ, ერთად მოეცილებინათ ჯვრები და გადაერჩინათ ხეები. მეგობრები დაეთანხმდნენ და ტყეში წავიდნენ. იქ მისულებს უფროსების ჯგუფი დახვდათ, რომლებსაც ტექნიკითა და სხვადასხვა ხელსაწყოებით ხის ძირფესვიანად ამოთხრა უნდოდათ. მათ გაუკვირდათ ბიჭების დანახვა და უფრო გაოცებული დარჩნენ, როდესაც მათი მოთხოვნა მოისმინეს. ბავშვებმა ამაყად გამოაცხადეს:

-ჩვენ არ მოგცემთ ჩვენი ტყის წაღების უფლებას.

ხმაურზე სოფლის მოსახლეობაც ტყისკენ დაიძრა. როდესაც გაარკვიეს, თუ რა ხდებოდა, ბავშვების მოთხოვნას დაეთანხმნენ. მათ „ტყის მტრებს“ სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს…

ერთი თვე გრძელდებოდა დავა და კამათი. ერთი თვე დღე და ღამე დარაჯობდნენ ტყეს. და ბოლოს, სოფელმა გაიმარჯვა, – ხუტა ბიჭის ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ხეები გადარჩნენ. სოროებში განაგრძეს ცხოვრება მელაკუდებმა. დღესაც ფიქრობს ჩვენი ხუტა ბიჭი, რომ მცენარეები და ცხოველები ადამიანის ტყვეებად არ უნდა იქცნენ, დღესაც მიაჩნია, რომ პირიქით – ჩვენ, ადამიანები, ვსაზრდოობთ ტყიდან და ჩვენ ვართ ტყის ტყვე.

თიკო ჭანკოტაძე
საღანძილის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე