ნაზი მუსიკის ხმამ შემაღვიძა. ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი, როდესაც მთელი ორკესტრი აგუგუნდა. მაშინვე ცას ავხედე, ჩემს თავზე შავი ღრუბელი შევნიშნე. მეგონა ისევ სიზმარში ვიყავი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, – ასეთი ლამაზი მუსიკა და თავზე შავი ღრუბელი?! ირგვლივ მიმოვიხედე, ყველას გაღვიძებოდა. სულგანაბული უსმენდნენ ტყის შეუდარებელ მელოდიას. ვერც კი ამჩნევდნენ მოახლოებულ ღრუბელს.
ავღელდი. უკან გადავიყარე დილის ჰანგებით დათაფლული, ახლად შეფოთლილი ტოტები და სიმაღლიდან შორს გავიხედე. ადამიანისგან ჩადენილი ბევრი სისასტიკე მინახავს, სიკეთეც მახსოვს – არ დაარტყა ნაჯახი, ასეთ ლამაზ მუხას ნუ დაამახინჯებ, ლამაზიაო, – თუმცა ესეც საკუთარი თვალის გასახარად გამოთქვა ადამიანმა.
ისიც მახსოვს, რა ლამაზად და ამაყად გაუშლია ტოტები, მოდი, ერთი ამ მუხის ქვეშ დავისვენოთ, წავიხემსოთ და მერე წავიდეთო. ბუნების სადღეგრძელოც ყველამ დალია, აქეს და ადიდეს. მეგონა გვეშველა, მაგრამ იმავე დღეს, იგივე ადამიანებმა ჩემს ტოტებზე პატარა შველი ჩამოკიდეს, სულ სისხლი ადინეს… ვიტირე, ბევრი ვიტირე. მათ ვერ გაიგეს ჩემი ხმა, ისე აღტაცებული ხორხოცობდნენ. შემდეგ კოცონი დაანთეს. საშინელი სუნი დადგა…
ისევ ავხედე ცას და მივხვდი, ეს ის სუნია, – საშინელი, დამაქცეველი, გამანადგურებელი. მე რა შემიძლია?! მინდა ყველას ვუშველო, მაგრამ როგორ? დიდიც ვარ, ასაკოვანიც, მდიდარიც, მაგრამ არაფერი შემიძლია. ვერაფრით გავუმკლავდები სულ პატარა უსუსურ, უგნურ, უგულო ადამიანს.
ისევ ავხედე ცას. ღრუბელი იმატებს, სუნი მძაფრდება, ვხვდები, სადღაც „კოცონია“, რომელსაც შემწვარი ხორცის სუნი ასდის, – შველის, კურდღლის, დათვის, მგლისაც კი… უფრო ახლოდან მესმის ჩემი მეგობრების კვნესის ხმა, ადამიანები მას ტკაცუნის ხმას ეძახიან, მოსწონთ, ტკბებიან. ჩემთვის ეს ხმაა ყველაზე მძიმე მოსასმენი. მინდა მოვკვდე, არ გავიგონო, არ დავინახო.
უცებ ყველა გამოფხიზლდა. ყველა მიხვდა საშიშროების მოახლოებას. აფორიაქდნენ, უნდათ გაიქცნენ, გაქცეული ცხოველებისა და გაფრენილი ფრინველების კვალს გაყვნენ, მაგრამ ფესვები… ფესვები ისე ღრმადაა გადგმული ჩვენს დედამიწაში, ვერსად გავექცევით, ჩვენმა მიწამ ტყ(ვ)ედ გვაქცია, ადამიანის ტყ(ვ)ვედ.
მინდა ვიყვირო, ადამიანო, გონება, ბუნება და სიკეთე ერთ ქარგაში მოაქციე, იფიქრე, დიდხანს იფიქრე, იქნებ იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ზიხარ.
ნინო მაღრაძე
მარელისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი