2017 წლის 31 მარტს უკურნებელი სენით გარდაიცვალა ალექსანდრე კალჩუ. მას 27 აგვისტოს 83 წელი შეუსრულდებოდა. ამ დიდ პიროვნებას 57-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოსთან, კერძოდ კი ხარაგაულის რაიონის სოფელ ქროლთან. ამ ურთიერთობის დაწყებისა და შემდგომ გამყარების მიზეზი ამავე სოფლის მკვიდრი, მისი მეუღლე, ქალბატონი ზაირა სამხარაძე გახლდათ.
რუმინეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი აქტიურად იყო ჩართული კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში. ბატონი ალექსანდრე იყო ლინგვისტი, სრულყოფილად ფლობდა ათამდე ენას. დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა სპორტის მინისტრის მოადგილედ რუმინეთის მთავრობაში, ასევე წვრთნიდა წყალბურთელთა გუნდს.
მის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს წარმოადგენს ესპანურ-რუმინული და რუმინულ-ესპანური ლექსიკონები, რომელთა შექმნასაც ათეულობით წლები დასჭირდა. კალჩუ ამბობს: „ლექსიკონზე მუშაობა უნდა გიყვარდეს, სხვანაირად მასზე მუშაობა შეუძლებელია“. საზოგადოება ხაზგასმით აღნიშნავს ამ ლექსიკონების მნიშვნელობას ესპანური ლიტერატურის განვითარებაში.
ალექსანდრე კალჩუ ეროვნული პიროვნება იყო. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ანტიკომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი გახლდათ და აქტიურად გამოთქვამდა პროტესტს კომუნიზმის მიმართ. კიდევ სხვა მრავალი დადებითი თვისებით გამორჩეული, ადვილად უგებდა ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, თანაგრძნობით ეკიდებოდა მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ცდილობდა დახმარებას.
ბატონი ალექსანდრე უყვარდათ და პატივს სცემდნენ სოფელ ქროლში. აქაური ხალხის გასაჭირი ასმაგად მტკივნეული, ხოლო სიხარული დიდი ბედნიერების მომგვრელი იყო მისთვის. განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა და ახარებდა დახმარების გაწევა სწავლა-განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს ამ დიდ პიროვნებასთან. ბატონ ალექსანდრეს, ჩემთვის ანდი ბიძიას, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბებაში. მან მომცა რწმენა და საშუალება, მიმეღო უმაღლესი განათლება. ამას მისი დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი.
მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ არა მარტო ჩემი ოჯახისა და ქალბატონი ზაირასათვის არის მისი გარდაცვალება უმძიმესი, არამედ ვფიქრობ, მთელი იმ ინტელექტუალური წრისათვის, რომელთანაც ალექსანდრე კალჩუს ჰქონდა კავშირი. ეს წრე კი მოიცავდა არა მხოლოდ რუმინეთსა და საქართველოს, არამედ ევროპის, აზიის, პოსტსაბჭოთა თუ ამერიკის კონტინენტის ქვეყნებს.
ყველა ადამიანი გარკვეული წლების შემდეგ ტოვებს ამქვეყნიურ ნავსაყუდელს. თუმცა ერთეულების ხვედრია, სამუდამოდ წარუშლელი და სამაგალითო დარჩეს ხალხის ცხოვრებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხალხი მუდმივად ისაუბრებს ალექსანდრე კალჩუს მოღვაწეობისა და გენიალური პიროვნების შესახებ!
გიორგი მაქაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი