რა შედეგს იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბიუჯეტიდან დაფინანსებული ააიპ-ების მომსახურებით, რამდენად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია მათი საქმიანობა, სამართლიანად განაწილდა თუ არა საბიუჯეტო სახსრები, კულტურა უფრო პრიორიტეტულია თუ დასუფთავება, ჯანდაცვა თუ სკოლამდელი აღზრდა, იციან თუ არა ზოგიერთ ააიპ-ში დასაქმებულებმა თავიანთი უფლება-მოვალეობები, – ამ საკითხებზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრები 21 და 22 ნოემბერს მსჯელობდნენ.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გამგეობის მიერ დაფუძნებული 17 ააიპ-იდან ვერც ერთის მოთხოვნა სრულად ვერ კმაყოფილდება. ამის გამო ააიპ „ხარაგაულდასუფთავება“ ვერ შეძლებს სოფლებში მომსახურების არეალის გაფართოებას; ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ გარე განათებას, მუნიციპალიტეტში არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობას.
მომავალ წელს გამოყოფილ ერთ მილიონ ლარზე 200 ათასი ლარის დამატება ესაჭიროება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას იმისთვის, რომ აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების ხელფასები 2016 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობა გაზიფიცირდეს. გაერთიანებას გაზაფხულიდან ბორის პანსიონთან არსებული საბავშვო ბაღი გადმოეცემა, რაც დამატებით დაფინანსებას საჭიროებს. გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, მომავალ წელს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა არ იგეგმება.
„რატომ ვერ ვუსაბუთებთ ფინანსთა სამინისტროს დელეგირებული ტრანსფერის გაზრდას იმ დროს, როცა ამ ტრანსფერით დაფინანსებული სამხედრო აღრიცხვის სამსახური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტრანსფერზე დამატებითი თანხის მიღებას გვისაბუთებენ, – კითხულობს დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი, – გამოდის, რომ ამ ორგანიზაციებში ზედმეტი შტატებია და მათ ხელფასებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ. ეს ადმინისტრირების პრობლემაა.“
სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს, დავით გელაშვილს, რეგიონალურ სპორტულ შეჯიბრებებში ფეხბურთელთა ჩართვის, სამივლინებო ხარჯის 15 ლარამდე გაზრდისა და სოფლებში სპორტული წრეების დამატების სურვილი აქვს. ფინანსების არქონის გამო ზამთარში შენობის გათბობა ვერ ხერხდება, რადგან დღეში ამისთვის 2 ათასი ლარია საჭირო. დეპუტატები დასაბუთებას ითხოვენ, რაში სჭირდება სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრის დირექტორს სამი მოადგილე?!
ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი 2018 წელს შენობის უკანა მხარეს სკვერის მოწყობას გეგმავდა, ასევე თანამშრომლებისთვის 2016 წელს არსებული ხელფასების დაბრუნებას. ბიბლიოთეკის დირექტორი მიიჩნევს, რომ უსინათლოთა პროგრამა მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს. ამ პროექტებისთვის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა არასაკმარისია და 25 ათასი ლარის დამატებას ითხოვს.
ააიპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფინანსებით რა სარგებელს იღებს მუნიციპალიტეტი, ეს საკითხი ბუნდოვანია დეპუტატებისთვის. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ ამ ააიპ-ში დასაქმებულები „თავისი თავის გასართობ ღონისძიებებს ატარებენ.“
ეკა შველიძის აზრით, ტურიზმიდან შემოსავლები უნდა მივიღოთ, ხარაგაულში კი პირიქითაა, – ვაფინანსებთ სამსახურს, რომელსაც სარგებლობა არ მოუტანია. შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის სუბსიდიიდან (120 ათასი ლარი) 90% ხელფასებში დაიხარჯება. დარჩენილი თანხა კომუნალური ხარჯებისთვის არასაკმარისია და თანამშრომლები შეშას ზამთრისთვის საკუთარი ხელფასით ყიდულობენ.
2018 წელს ლიტერატურული კონკურსისა და სამხატვრო პლენერის ჩატარებას შეძლებს ააიპ „რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“. ამ ააიპ-ის დირექტორი იზა ვეფხვაძე არ დაეთანხმა დეპუტატების მოსაზრებას, რომ მის სპექტაკლებზე ბილეთები გაიყიდოს. „მეც მინდა დამატებითი შემოსავალი, მაგრამ ბილეთები არ გაიყიდება,“ – აღნიშნა იზა ვეფხვაძემ.
არც ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე მიიჩნევს გამართლებულად მუზეუმში ვიზიტორებისთვის გადასახადის დაწესებას. მუზეუმისთვის აუცილებელია შენობის გარე ფასადის რემონტი და ექსპონატების რესტავრაცია. მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ დამატებით ერთი დარაჯი და შესყიდვების სპეციალისტი ესაჭიროება.
ააიპ „ხარაგაულის კულტურის ცენტრი“, 2017 წლის მსგავსად, 2018 წელსაც 260 ათასი ლარით დაფინანსდება. არასაკმარისი დაფინანსების გამო ამ ააიპ-ის დირექტორი ვასილ კიკნაძე თანაშრომელთა რაოდენობისა და ხელფასების გადახედვას გეგმავს.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლა 2018 წელს ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული სუბსიდიით უკმაყოფილოები არ არიან. სამუსიკო სკოლა მომავალ წელს ბენდის ჩამოყალიბებას გეგმავს.
ხარაგაულის გამგეობის მიერ დაფუძნებული 17 ააიპ-იდან ყველაზე სავალალო მდგომარეობაში „ხალხური შემოქმედების სახლია.“ მისი დირექტორის, დალი მაღრაძის ინფორმაციით, შენობაში, სადაც მოსწავლეებს ამეცადინებენ, წყალი, დენი და სველი წერტილები არ არის. დალი მაღრაძე ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ 40 ათას ლარზე 30 ათასი ლარის დამატება აუცილებლია მათი მუშაობის გასაგრძელებლად.
დეპუტატები უპოვართა კვებისა და საინფორმაციო მომსახურებების ტენდერით შესყიდვაზე მსჯელობენ, ააიპ „სათნოების სახლისა“ და ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ სუბსიდიით დაფინანსების ნაცვლად. ტენდერი უკეთესი ხარისხის იაფად შესყიდვის, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, დეკემბერში ცენტრალური ხელისუფლებისგან მითითებებს ელოდებიან და ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება.
„ააიპ-ებ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მკაცრ მოთხოვნებსა და მითითებებს ველოდებით ცენტრალური ხელისუფლებისგან, – განმარტავს ვლადიმერ გელაშვილი, – უსაქმური ხალხისთვის ხელფასის მიცემა ვეღარ გაგრძელდება.“
ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა შტატში მყოფთა 10%-ზე მეტია. ამიტომ შემცირებები ამ კუთხითაც მოსალოდნელია. ამავე დროს, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება გადასახედია.
დღეს, 24 ნოემბერს, საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნის.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი