ხარაგაულის რკინიგზის #10 საშუალო სკოლის (დღევანდელი #3 საჯარო სკოლა) 50 წლის წინ კურსდამთავრებული ლევან მეტრეველი თანაკლასელებს სკოლის წინ ელოდა. თორმეტფურცლიან რვეულში ლამაზად ჩამოწერილი გვარ-სახელების გასწვრივ აღნიშვნებს აკეთებდა და გამუდმებით ტელეფონზე რეკავდა:
-ჰე, რას შვრებით, მატარებელი აგვიანებს?!
-ხო არ დაგავიწყდათ სკოლის გზა?
-გაკვეთილი იწყება, მაყვალა და ოუჩქარე ფეხს.
26 კურსდამთავრებულიდან მშობლიურ სკოლაში თერთმეტი მივიდა. ლევან მეტრეველი, მამუკა გიორგაძე, რუიზან გლუნჩაძე, ბადრი თაბაგარი, თამაზი კიკნაძე, რაისა კვინიკაძე, მაყვალა ლომსაძე, გონერი ლომიძე, კუკური ტაბატაძე, მანანა ტოროშელიძე, ელიკო ღამბაშიძე ერთმანეთის გამოჩენას დიდი ინტერესითა და სიხარულით ხვდებოდნენ. მთავარი შეკითხვა იყო – ვინ, სად და როგორ აგრძელებს ცხოვრებას.
სკოლისდროინდელ სურათებსა და კლასის ჟურნალს აკვირდებოდნენ, ბავშვობის ბედნიერ დღეებს სიყვარულით იხსენებდნენ. დანანებით საუბრობდნენ გარდაცვლილ თანაკლასელებზე. სოსო დევდარიანი, ნოდარ დეკანოსიძე, მიხეილ ჩუბინიძე, ნელი ლომსაძე, ნადია ლურსმანაშვილი და ნუნუ რობაქიძე მათ რიგებს ნაადრევად გამოაკლდნენ.
50 წლის შემდეგ გაკვეთილი პიონერხელმძღვანელმა ნუნუ ასათიანმა ჩაატარა. „გახსოვთ, სულ პიონერთა ოთახში რომ იყავით, ყველა ღონისძიებაში აქტიურად რომ მონაწილეობდით? რა დამავიწყებს, თქვენ რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან მასახელეთ.
თითოეული თქვენგანის სახე გამახსენდა, თქვენი ბავშვობა თვალწინ გამიცოცხლდა,“ – სიხარულს ვერ მალავდა ნუნუ მასწავლებელი.
ფიზკულტურის გაკვეთილზე ბურთი სკოლის სახურავზე შევარდა. ბიჭებმა ბურთის ჩამოტანა ლევან მეტრეველს სთხოვეს, – მასწავლებლებმა რომ დაგინახოს, მაინც არაფერს გეტყვიან, ბიძაშენი მოსამართლეაო, – დაარიგეს. სახურავიდან ჩამოსულს კიბის ბოლოში თანაკლასელი ბიჭების ნაცვლად სკოლის დირექტორი ზაქარია შარიქაძე დახვდა. მოსამართლე ბიძასთან დარეკვა ლევანმა დირექტორს დიდი ხვეწნა-მუდარით გადააფიქრებინა.
სიცელქით გამორჩეული ლევან მეტრეველი გაკვეთილზე რომ მოიწყენდა, წინა მერხთან მსხდომი თანაკლასელების, რაისასა და ნადიას ნაწნავებს ერთმანეთზე გადააბამდა. დაფასთან გამოძახებული რაისას ფეხზე ადგომას კლასში სიცილი და ლევანის დასჯა მოსდევდა.
დღიური რომ თანაკლასელ კუკური ტაბატაძის ჩანთაში გადამალა, მამუკა გიორგაძე ამის გამო კედლის გაზეთში გამოწერეს.
დღემდე ახსოვს კუკური ტაბატაძეს მასწავლებელ კაკო ჩიტაძის მიერ საინტერესოდ და გულიანად ახსნილი გაკვეთილები ალგებრა-გეომეტრიაში. მაყვალა ლომსაძემ ყველაზე დიდი სიყვარულით ქიმიის მასწავლებელი ნათელა იოსელიანი გაიხსენა, მამუკა გიორგაძემ – დოვრეთი ნიკოლეიშვილი, კუკური ტაბატაძემ – ლიანა გაჩეჩილაძე.
„ჩვენ ამ სკოლის კედლებიდან მასწავლებლებმა ცხოვრების გზაზე საგზლად სიკეთე, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა გაგვატანეს. ამის დავიწყება შეუძლებელია,“ – ყველას სათქმელი თქვა ბადრი თაბაგარმა.
ყველა დაეთანხა თამაზ კიკნაძის წინადადებას – ბავშვობისა და მოსწავლეობის ბედნიერი წლების გასახსენებლად ყოველწლიურად შემოდგომაზე შეიკრიბებიან.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი