ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე დღეს, 21 ნოემბერს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, დეკემბერში ცენტრალური ხელისუფლებისგან მითითებებს ელოდებიან და ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება.
დეპუტატები ვარლამ ჭიპაშვილი, თორნიკე ავალიშვილი და მიხეილ ჭიპაშვილი საეჭვოდ მიიჩნევენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადის, ტერიტორიის დასუფთავებისთვის დაწესებული მოსაკრებლისა და პრივატიზაციიდან შემოსავლების გეგმის შესრულებას. ამის საფუძველი მათთვის წლევანდელი ვითარებაა, – ათი თვის მონაცემებით ამ მუხლებში გეგმა ვერ შესრულდა.
წელს არ იყო და მომავალშიც არ დავგეგმოთ, – ასეთი მიდგომა არასწორად მიაჩნია გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილს. მისი აზრით, უნდა გაიზარდოს მოსახლეობის თვითშეგნება და ტერიტორიის დასუფთავების გადასახადი ყველა ოჯახმა უნდა გადაიხადოს.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს დასუფთავების მოსაკრებლის გეგმა ათ თვეში უკვე გადაჭარბებით შესრულდა, – დაგეგმილი 20 ათასი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 33, 5 ათასი ლარია მობილიზებული. ხოლო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავალმა 95, 9 ათასი ლარი შეადგინა.
ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, სამასალე მერქანის მომპოვებელმა ორგანიზაციამ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხოს. რაც შეეხება ქონების პრივატიზებას, იზრდება მოთხოვნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე.
ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამონაკლისს დაუშვებენ და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანადაფინანსების თანხას ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ააიპ-ების მიერ წარდგენილი მოთხოვნები ვერ კმაყოფილდება. ის დაინტერესდა, თუ როგორ გადაანაწილეს ორგანიზაციებმა თანხები; მაგალითად, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, რომელიც 2018 წლისთვის 1 393 900 ლარს ითხოვდა; ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი მისი დაფინანსება 1 100 000 ლარია.
„ვფიქრობთ, რომ ტენდერებით თანხას დაზოგავს და როგორღაც იმყოფინებს. ბევრი რამ ააიპ-ების სურვილის საწინააღმდეგოდ შევამცირეთ,“ – ამბობს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების გამგე ნინო მაღლაკელიძე.
იგეგმება თუ არა ააიპ-ების შერწყმა, – ამ საკითხით დაინტერესდა ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე. დეპუტატ ეკა შველიძის აზრით, გადასახედია ააიპ-ებში წრეების მუშაობა.
„ააიპ-ებ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მკაცრ მოთხოვნებსა და მითითებებს ველოდებით ცენტრალური ხელისუფლებისგან, – განმარტავს ვლადიმერ გელაშვილი, – უსაქმური ხალხისთვის ხელფასის მიცემა ვეღარ გაგრძელდება.“
ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა შტატში მყოფთა 10%-ზე მეტია. ამიტომ შემცირებები ამ კუთხითაც მოსალოდნელია. ამავე დროს, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება გადასახედია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ააიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად ხვალ, 22 ნოემბერს, საკრებულოში განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი