ერთხელ ჯუდი უცნაურ სამყაროში მოხვდა, სადაც ყველაფერი განაცრისფერებულიყო.ირგვლივ მხოლოდ დიდი შენობები შემორჩენოდა გარემოს. სიმწვანე დაკარგულიყო. სიხალისე წაერთვათ დედამიწისთვის. გოგონა დააბიჯებდა უცნაურ ზედაპირზე, სადაც აღარც ერთი ხე აღარ ყვაოდა. ფოთლების შრიალიც მონატრებოდა არემარეს და ასე უმცენაროდ დარჩენილი დედამიწა წყვდიადს მოეცვა.

ჯუდი ფიქრობდა, – სად წავიდა ჩემი პლანეტა, ნუთუ გადაგვარდა. ხეები, რომლებიც სუნთქავდნენ, მოკვდნენ თუ უბრალოდ მე ვერ ვხედავ. იქნებ, ჩემი ხედვის ჰორიზონტი ძლიერ შემცირდა, ან დედამიწა ხეების ზიდვით დაიღალა.

…ვაი რომ, ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდებოდა, არ იყო ჯუდის ფიქრებთან მიახლოებული. შექმნილი ატმოსფეროდან გამომდინარე, გოგონას სუნთქვაც კი უჭირდა. ირგვლივ ჟანგბადი ძალიან მცირე რაოდენობით იყო. ალბათ მიხვდებით, რატომაც. მცენარეები გაქრნენ. ეტყობა არ მოეწონათ ადამიანების დამოკიდებულება და ისინი დატოვეს.

ჯუდი განაგრძობდა სიარულს, მაგრამ ხედავდა არა ადამიანებს, არამედ დაჰიპნოზებულ ზომბებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავდნენ და ივიწყებდნენ იმას, რომ დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია და ჰაერი სჭირდება ისევე, როგორც ადამიანებს. ისიც იღიმის და წუხს კაცობრიობის ბნელი ბედის გამო.

ამ ფიქრებში გართულმა ჯუდიმ ვაშლის ხე დაინახა. იგი ეულად იდგა ცალკე მდგომ ნიადაგის ნაგლეჯზე. გოგონას მისი დანახვა გაუხარდა. მალევე გაეშურა მისკენ, რათა მისი ნაყოფი ეგემა, მაგრამ მოულოდნელად ადამიანები ხერხებით ხელში გამოჩნდნენ და ხის მოჭრას შეუდგნენ. ისე მიაყენეს პირველი ჭრილობა მწვანე მცენარეს, თვალიც არ დაუხამხამებიათ. ისინი მხოლოდ შედეგებზე ფიქრობნენ. ამ ხისგან ისეთი ავეჯი უნდა დაემზადებინათ, რომ მათი ჯიბეები ფულით ავსებულიყო. როგორც ჩანს, მათი მენტალური შესაძლებლობები ამის იქით განვითარებას წყვეტდნენ. არ ფიქრობდნენ, რომ ამით ისინი საკუთარ თავსაც დიდ ზიანს აყენებდნენ.

ამის შემხედვარე ჯუდი ვერაფერს აკეთებდა, უბრალოდ უყურებდა ხის წამებას და მის ღაჟღაჟა ლოყებზე ცრემლები იკვლევდნენ გზას. სულ ათი წუთი დასჭირდათ ხის მოსასპობად. ისე ამოძირკვეს, ფესვებიც არ დაუტოვეს, ანუ ის ნაწილი, რაც მას დედა გარემოსთან აკავშირებდა. ამოუგლიჯეს სხეული, მოუსპეს წარსული, აწმყო და მომავალი, სატვირთო მანქანაზე დააგდეს, როგორც უსულო საგანი და ქარხნისაკენ გააქანეს. ჯუდი საკუთარ თავს საყვედურობდა, რადგან წინააღმდეგობა არ გაუწია ვაშლის ხის მოჭრისას იმ პრიმატებისათვის, რომლებსაც, სამწუხაროდ, ადამიანები ჰქვიათ.

უცებ ჯუდიმ იგრძნო, რომ ვეღარ სუნთქავდა. მისი ფილტვები ჟანგბადს ვეღარ შეიგრძნობდნენ. ჩასუნთქვის დროს მთელი სხეული სტკიოდა. მიხვდა, რომ გონებას კარგავდა და ვარდისფერ ნისლში მიდიოდა.

-ჯუდი, ჯუდი გაიღვიძე…

ჯუდი ოფლში ცურავდა. თან უხაროდა, რომ ის საშინელი სამყარო მხოლოდ მისი სიზმრის ნაყოფი იყო. ლოგინიდან წამოხტა. დედას გადაეხვია და მთელ ხმაზე ყვიროდა: ხე ცოცხალია, მე ცოცხალი ვარ, დედამიწა ცოცხალია. ეიფორიაში მყოფ ჯუდის გარედან ხერხის ხმა მოესმა. წამსვე შეიმოსა და გარეთ გავიდა, რათა რეალობაში მაინც წინააღმდეგობა გაეწია ხის მჭრელებისათვის. ჯუდიმ აუხსნა პოტენციურ „მკვლელს,“ თუ რა ზიანს მიაყენებდა ერთი ხის მოჭრაც კი მთელ გარემოს და როგორ გაუძნელდებოდა სუნთქვა ადამიანებს.

ჯუდიმ უკვე ერთი ხე გადაარჩინა სიკვდილს. ახლა კი ჩვენი ჯერია, დავიცვათ სამყარო უჟანგბადობისგან.

თამარ ჭიპაშვილი

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე