დათვმა ჯერ პეპლებს ადევნებულ ბელს გახედა, შემდეგ არემარეს შეავლო თვალი და გულდამშვიდებულმა ცივი, ანკარა მდინარისკენ გასწია.

მდინარე თავის კალაპოტს აჩქარებით მიუყვებოდა. მერე თითქოსდა შეცბაო, ერთ ადგილას დატრიალდებოდა, ისევ ზვირთებითა და ტალღებით იწევდა წინ. შემდეგ კლდიდან თავპირისმტვრევით ეშვებოდა და ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირებს. მდინარის მეორე მხარეს ციცაბო კლდე აღმართულიყო. მხოლოდ ერთ ადგილას იყო ფონი. ფონის ორივე მხარეს ბილიკი იწყებოდა – ერთი სოფლისკენ მიდიოდა, მეორე – საძოვრებისკენ.

დათვი მდინარეში შევიდა და თევზაობას შეუდგა. მზის სხივები მდინარის ტალღებს დასთამაშებდა. ცივი, მაცოცხლებელი წვეთები დათვს თავისკენ მოუხმობდა. ის იყო გასაგრილებლად მორევში უნდა შეეცურა, რომ რაღაც გაახსენდა, უკან გამობრუნდა და ნაპირზე ბელს ბუზღუნით დაუწყო ძებნა. ბელი კი ბალახში ჩაწოლილიყო. პატარა თათებით მინდვრის ყვავილები ჩაებღუჯა და მზეს გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა. დედა დათვს ამ სილამაზის დანახვაზე გაბრაზებამ გადაუარა. ბელი კი ფეხზე წამოდგა და დედისკენ გაემართა.

მზის მცხუნვარება არემარეს მოსდებოდა. ჩიტების ჭიკჭიკი მთელ ტყეში ისმოდა. მწვანით შემოსილ ხეებს ფესვები წყლის პირას გაედგათ და მათ წვეროებს სიო მშვიდად აქანავებდა. დათვმა ბელი მდინარისკენ წაიყვანა, მერე ორივემ მდინარეში შესცურეს. ბელი დედის მოძრაობებს აკვირდებოდა და ცდილობდა მისთვის მიებაძა. დათვს ძალიან სიამოვნებდა ბელის მონდომება და ხვდებოდა, რომ თავისი პატარა ცურვის რთულ ხერხებს სწრაფად დაეუფლებოდა.

წყლიდან გამოსულმა დედა-შვილმა მზიან ადგილს დაუწყეს ძებნა. მზის სხივებს ეფიცხებოდნენ და ბეწვს იშრობდნენ.

მოსაღამოვდა. დათვებმა ციცაბო კლდეს შემოუარეს და მოცვნარისაკენ აიღეს გეზი. ბელი დედას შორიახლოს მიჰყვებოდა. ის შვილს აჩქარებდა, სურდა დაღამებამდე იქაურობას გასცლოდნენ. დათვი გულის სიღრმეში რაღაც იდუმალ შიშს გრძნობდა და თვითონაც უკვირდა, რატომ და როდის მოექცა ამ შიშის ტყვეობაში. ის იყო კლდეები უკან მოიტოვეს, რომ დათვმა შორიდან ძაღლების ყეფა გაიგონა. მიხვდა, რომ ეს შიში ამ ხმებს უკავშირდებოდა.

მოულოდნელად ძაღლების ყეფა უფრო საშინელმა ხმამ გადაფარა. დათვმა ბელს პირი დაავლო და  დიდი სისწრაფით შეერია გაუვალ ბუჩქნარს.

თითქმის მთელი ღამე გაურბოდა დათვი იმ საშინელ ხმას და ბოლოს, თავი რომ სამშვიდობოს დაიგულა, მაშინღა მიხვდა, რა უბედურება დაატყდა თავს. მის პატარას თავი უსიცოცხლოდ გადაეგდო და მძიმედ სუნთქავდა. დათვმა დაჭრილი ბელი მიწაზე დასვა. გაცოფებული მზერა ტყეს მოავლო და საშინელი ხმით იღრიალა. დედის ღრიალზე ბელმა თვალები ოდნავ გაახილა. უნდოდა, მკერდში ძველებურად ჩახუტებოდა. მისკენ გაიწია, მაგრამ ძალა აღარ ეყო. დედას უკანასკნელად შეხედა, საცოდავად ამოიკვნესა და თვალზე ცრემლი მიეყინა.

გავიდა დრო. ბუნებამ მრავალჯერ იცვალა ფერი. აქაფებული მდინარე ისევ ხმაურით მიუყვება კალაპოტს, აზვირთებულ ტალღებს მიაქანებს ქვემოთ. ერთ ადგილას თითქოს შეცბაო, უჩვეულოდ წყნარდება და თავპირისმტვრევით ეხეთქება კლდეს. მზეც ამოსვლისთანავე მოაბნევს თავის მცხუნვარე სხივებს ყვავილებით მოფენილ მინდორს და პეპლებს ადევნებულ ფუმფულა დათვის ბელს კვლავ უშედეგოდ ეძებს.

თემიკო მაღლაკელიძე
ზვარეს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე