სად ვარ? თვალებს ვახელ… სიზმარი არ არის… თავი? თავი ადგილზეა…. ფეხი? ერთი კი, კარგია! გადავდგი… მეორე? არ მემორჩილება…
ნუთუ გამიმეტებს მოსაკლავად? არა! მოვა და თავისუფლებას მაჩუქებს… მაგრამ ეს რა არის, რატომ მოვხვდი ხაფანგში? იქნებ არც არის ხაფანგი და უბრალოდ რაიმე გაუგებრობაა ჩემს თავს?
ბახ….
-ვაიიიი!!! დაიკვნესა ცაში შაშვმა და დაეშვა დედამიწაზე.
ეს ვინ გააკეთა? ადამიანმა?! არა, შეუძლებელია… მაგრამ მომეჩვენა? შორია, იქნებ კარგად ვერ დავინახე? ან იქნებ შიმშილით თავგზა ამებნა? ნამდვილად ასე იქნება. შეიძლება შაშვი საკვებად გამოიყენოს, მაგრამ მე, მელა, რაში ვჭირდები? ხორცს ჩემსას არ ჭამენ და… ააა, ბეწვი? არა, არა ტყუილია, ამისთვის არ გამწირავს ადამიანი. ნამდვილად შიმშილის ბრალია. უკვე სამი დღეა, არაფერი მიჭამია, ფეხიც ძალიან მტკივა, ხაფანგში მთლად დამებეგვა. გონებაც მებინდება, მაგრამ უნდა გავუძლო როგორმე. მალე მოვა ხაფანგის პატრონი და… თავისუფლებას მაჩუქებს.
-კაკ, კუკ… – ეს რა ხმაა?
-ვაი, ვაიიიი!!! – აკვნესდა წლების ნაზარდი ნაძვი. ეს ხომ ცულის ხმაა?
-კაკ, კუკ, – იმატა  ხმამ, იმატა ნაძვის კვნესამაც. იგრიალა ხუთი მეტრი სიმაღლის ნაძვმა. შეზანზარდა ტყე… სიწყნარემ მოიცვა გარემო. ზამთარი ახლოვდება, აცივდა და გასათბობად სჭირდება ადამიანს შეშა, მაგრამ აქ უამრავი ხმელი ხეა, თუნდაც ეს ნახევრადხმელი ნეკერჩხალი. ღმერთო! მგონი, მეც ადამიანივით დავიწყე ფიქრი. ნეკერჩხალსაც ხომ უნდა სიცოცხლე! შეშა სჭირდება ადამიანს, შვილები უნდა გაათბოს, მაგრამ მე, მელა, რაში ვჭირდები? მხოლოდ ბეწვისთვის გამიმეტებს? არა, შეუძლებელია.
-მამა! მამა! ნახე, რა ლამაზი ყვავილებია! დავკრეფ, დედას წავუღებ, გაეხარდება, – ტყის პირას, ტრიალ მინდორზე ხუჭუჭთმიანი ბავშვი გამოჩნდა. ყვავილებს დასწვდა და თაიგული გააკეთა. ყვავილები დედიკოს გასახარებლად სჭირდება პატარას, მაგრამ მე, მელა? არა, ამას ვერ დავიჯერებ. მხოლოდ სილამაზისთვის არ გამიმეტებს ადამიანი.
მგონი ფეხის ხმა ისმის…
-აქეთ მოდით, აქეთ, მელა გაბმულა! რა ლამაზიაა! რა ვუყოთ, მამი?
ნეტავ რას ეტყვის? მგონი, კეთილი სახე აქვს. ნეტავ რას ეტყვის?..
ნია ყიფიანი
მარელისის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე