ხარაგაულელების დიდი ხნის პრობლემა, – უხარისხო წყლის გრაფიკით მოწოდება, – ივლისიდან უმაღლესი ტარიფის დაწესებამ კიდევ უფრო დაამძიმა.

ხარაგაულელ მომხმარებლებს ერთ ტონა წყალში 42 თეთრს გვახდევინებენ.

ხარაგაულის მოსახლეობამ დაწესებული წყლის უმაღლესი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) გააპროტესტა.

სემეკისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც ხარაგაულელი მომხმარებლები წყლის ტარიფის გადახედვას, წყლის ხარისხისა და მიწოდების გაუმჯობესებას ითხოვენ, 8 ნოემბერს თბილისში სემეკმა განიხილა.

განხილვაში მონაწილეობდნენ სემეკის, წყალმომარაგების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე.

შეხვედრაზე პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია, პატარა ხარაგაულის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ხარჯებით მოწყობილი წყალმომარაგების ალტერნატიული სისტემიდან მთელი ხარაგაულის მოსახლეობამ ისარგებლოს. ამის საშუალებას წყლის დებეტი იძლევა. მხოლოდ ამისთვის კომპანიამ 1,5 კმ სიგრძის მაგისტრალი უნდა გაიყვანოს. „წყალმომარაგების კომპანიამ და თვითმმართველობამ ტექნიკურ დეტალებზე უნდა მოილაპარაკოთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ზაფხულზე წყლის დებეტის შემცირების, ან წვიმის დროს წყლის მიწოდების შეწყვეტისას, კომპანია ალტერნატიულ წყალს გამოიყენებს. თუ ეს ორი სისტემა ერთმანეთს დაუკავშირდება, წყალმომარაგების ხარისხიც გაუმჯობესდება.“

ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობის მოუწესრიგებლობის გამო წვიმიან ამინდში მოსახლეობა წყალს საერთოდ ვერ იღებს. წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ თათარაძე ამბობს, რომ სათავე ნაგებობის დასაპროექტებლად ტენდერი მალე გამოცხადდება.

სავარაუდოდ 2018 წლის გაზაფხულზე პროექტი მზად იქნება. სათავე ნაგებობის მოწესრიგების შემდეგ კი წყლის ხარისხი სადავო აღარ იქნება.

შეხვედრაზე ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან წყლის გადასახადს ზოგი ოჯახი მრიცხველის, ზოგი კი – სულადობის მიხედვით იხდის.

„მაინტერესებს, შვიდ წელიწადში რა თანხა დახარჯა კომპანიამ ხარაგაულის მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, – კითხულობს მანანა ბარბაქაძე, – სხვა მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემებს აწესრიგებთ, ხარაგაულში კი – არა. შემოსავალს იღებთ, დანახარჯებს არ სწევთ.“

ხარაგაულის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძემ შეხვედრაზე ყურადღება მრავალბიანიანი კორპუსების მოსახლეობის პრობლემაზე გაამახვილა, – წვიმიან ამინდებში, წყლის ხშირი გადაკეტვის გამო, წყალგაყვანილობა დაზიანდა.

მიხეილ თათარაძემ ზუსტი დრო, თუ როდის გამრიცხველიანდება მრავალბიანიანი კორპუსები, ვერ დაასახელა, თუმცა ეს პროცესი წელს აუცილებლად დაიწყება.

„წყალმომარაგების კომპანიას ტარიფის შემცირების უფლება აქვს, – ამბობს სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა მანდარია, – კომპანიამ ზოგიერთ რეგიონში ტარიფი მთავრობასთან შეთანხმებით შეამცირა. სემეკი ამ საკითხში არ ერევა. ტარიფს რეგიონისთვის კი არა, კომპანიისთვის ვაწესებთ. ტარიფის კორექტირება კი წყალმომარაგების კომპანიის გადასაწყვეტია.“

შეხვედრაზე დასმული საკითხების ადგილზე შესასწავლად უახლოეს ხანში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ხარაგაულში ჩამოვლენ.

ნინო კაპანაძე