21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს ახალი შემადგენლობა ავირჩიეთ. რა პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნონ მათ არჩევის პირველ წელს, – ამაზე ამომრჩევლები საუბრობენ.
ნუნუ ლომიძე, წაქვაში მცხოვრები: -საკრებულოს მაჟორიტარისგან სოფელი ბევრს ელოდება. პირველ რიგში, მოსაგვარებელია გზის პრობლემა. მიმდინარე წელს ჩვენი სოფლის ერთ-ერთ უბანში გზის ნახევარი მობეტონდა და მოსახლეობა კმაყოფილია. თუმცა, წაქველთა მეორე ნაწილი გზის გარეშე დარჩა და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მოლოდინი აქვთ, რომ მომავალ წელს ეს პრობლემა მოგვარდება. უბან-უბან არის წყლის მიწოდების პრობლემა და სოფელი ცემენტითა და წყლის მილებით დახმარებას საჭიროებს.
მისასალმებელია, რომ მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება, მაგრამ იგივე სოფლებიდან მასწავლებლები სკოლამდე ფეხით მოდიან და ეს უკმაყოფილებას იწვევს. კარგი იქნება, თუ ამ პრობლემას შესაბამისი პასუხისმგებელი პირი და ორგანიზაცია მოაგვარებს.
სოფელში სკოლა კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. ხევის საჯარო სკოლა ინვენტარის განახლებას საჭიროებს. გასული საუკუნის 70-იან წლებში მიღებული მერხები და სკამები გვაქვს. სამასწავლებლოს ავეჯიც მოძველებულია. ჩვენი ძალებით ინვენტარის შეცვლას ვერ ვახერხებთ.
კარგი იქნება, თუ გზის პრობლემა გადაიჭრება და მუნიციპალიტეტის ცენტრში უპრობლემოდ გადმოვალთ. კარგი იქნება, თუ ჩვენი სოფელი გაზიფიცირდება და გარე განათება მოეწყობა.
მთელი მუნიციპალიტეტის გულშემატკივრები ვართ, თუნდაც ცენტრიდან უკიდურესად დაშორებულ სოფლებში ვცხოვრობდეთ. ხარაგაული ტურისტებისთვის მიმზიდველი რომ გახდეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზა უნდა მოწესრიგდეს. ხარაგაული მდიდარია ტაძრებითა და წმინდა ადგილებით. ტაძრებამდე მისასვლელი გზის მოპირკეთება ადგილობრივი ხელისუფლების საზრუნავია.
წაქვასა და ახლომახლო სოფლებში არსადაა კეთილმოწყობილი თანამედროვე, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ადგილობრივ ხელმძღვანელობას ამის გაკეთება შეუძლია.
ავტობანი ჩვენს სოფელში გადის და ბევრი სახლი განსახლების ზონაში ხვდება. სტრესში ვართ, აქაური მაცხოვრებლები სხვაგან წასასვლელად გვენანებიან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაგვეხმაროს, რომ გამოიყოს ადგილები და განსახლების ზოლში მოხვედრილმა მოსახლეობამ საცხოვრებელი აქვე მოიწყოს.
მიხეილ ლომიძე, ხუნევის მცხოვრები: -სოფელში წყლისა და გზის პრობლემებია მოსაგვარებელი. ეკლესია დაგვრჩა შემოუღობავი. სოციალური დახმარებები იმ ოჯახებმა უნდა მიიღონ, ვისაც მართლა უჭირს. სოფელში არც კლუბი გვაქვს, არც ბიბლიოთეკა. როცა მოსახლეობასთან შეხვედრაა, ქუჩაში ვიკრიბებით.
ამხელა სოფელში ბიბლიოთეკა უნდა იყოს. ახალგაზრდა ან წიგნს წაიკითხავს, ან გაზეთს. სოფელი კულტურულ ღონისძიებებს მოკლებულია. ერთი სამოთახიანი შენობა რომ აშენდეს, კარგი იქნება. ახალგაზრდობა ძალიან უყურადღებოდაა. უმუშევრობაზე საუბარიც აღარ შეიძლება. მეზობლები მყავს, უმუშევრობის გამო, ოჯახი ვერ შექმნეს, ასეთი კარგი ვაჟკაცები დაბერდნენ სოფელში.
დეპუტატი ყველა პრობლემის საქმის კურსში უნდა იყოს, რომ მუნიციპალიტეტის ხელძღვანელობას აცნობოს, მან კიდევ ზემდგომს უთხრას და უნდა ეშველოს ქვეყანას, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდეს.
ხარაგაულს რომ პრობლემები აქვს, იმდენი – არც ერთ რაიონს. ოღონდ ხარაგაულში ნუ წამიყვანო, – ამბობენ ხოლმე აქაურები. ახალარჩეულმა მერმა მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოს. აქ ადრე მოდიოდნენ დეპუტატებიც, გამგებელიც.
ახლა გამგებლის სახელი და გვარიც დაგვავიწყდა. მარტო არჩევნების დროს კი არ უნდა მოგვაკითხოს, მოსახლეობის გასაჭირით ყოველთვის უნდა დაინტერესდეს. ზოგს იმის შესაძლებლობა არ აქვს, გამგეობაში მივიდეს და თავისი გასაჭირი უამბოს. გამგებელი უნდა ყველა სოფლის, მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობას იცნობდეს.
სოფლის დეპუტატსა და მუნიციპალიტეტის მერს იმიტომ ვირჩევთ, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარონ. პენსია – 180 ლარი, დღეს 18 ლარია და არ ვიცით, საჭმელი ვიყიდოთ, თუ წამალი. ხელისუფლებამ ცოტა თავის ჯიბეებს უნდა მოაკლოს და გაჭირვებულ ხალხს ორი კაპიკი მიაწოდოს, პენსიონერებს – განსაკუთრებით.
თამარ ლომიძე, ვერტყვიჭალას მცხოვრები: -დარწმუნებული ვარ, რომ არჩეული მაჟორიტარი დამსახურებულად გაიმარჯვებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მოლოდინებს გაამართლებს. სასურველია, რომ ყველა სოფელს კეთილმოწყობილი გზა და ბუნებრივი აირი ჰქონდეს. ახალგაზრდების განვითარებისთვის 21-ე საუკუნეში ასევე აუცილებელია ინტერნეტი.
როგორც ვიცი, ხარაგაულში ახალგაზრდებს აქვთ თეატრალური წარმოდგენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ნახვის შესაძლებლობა, რასაც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობა მოკლებულია. სასურველია, სოფლებში ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ახალგაზრდებმა უკეთესი განათლების მიღება შეძლონ და განვითარდნენ.
მარინა წერეთელი, ბორითის მცხოვრები: -პირველ რიგში, ბუნებრივი აირი გვესაჭიროება. ტყეში შეშა აღარ არის, ტყემდე მისასვლელი გზები მოუწესრიგებელია. ისეთი სოფლებია გაზიფიცირებული, რომ მიკვირს, ბორითში აქამდე რატომ არ გვაქვს ბუნებრივი აირი. დეპუტატმა და გამგებელმა, ვისაც ევალება, ეს პრობლემები უნდა მოგვიგვაროს.
ბორითში სკოლა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო არის და ეს კარგია. კმაყოფილები ვართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებითაც. თუმცა, სასურველია, ბორითში სტაციონარი ფუნქციონირებდეს.
მაქათუბანში გზა გაკეთდა და ამბობენ, რომ ძალიან კარგიაო. თუ ჩვენსკენაც გაკეთდება ტყისკენ მიმავალი გზები, უმჯობესი იქნება. მეტი ყურადღება გვჭირდება. თუნდაც ის, რომ მოვიდნენ და თბილი სიტყვა გვითხრან. პენსიონერებს სოფლისთვის ბევრი გვაქვს შექმნილი და ეს უნდა დააფასონ.
სულიკო დონაძე, ბორითის მცხოვრები: -უნდა გაგრძელდეს ის კურსი, რაც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და სახელმწიფოს. ამას ჩვენი სოფლის მაჟორიტარი, ქალბატონი მანანა ბარბაქაძე, ძალიან კარგად უძღვებოდა. ძირითადად, სოციალური პროგრამებია გადასახედი. მისახედია შიდა საუბნო გზები.
ბორითში ორი სპორტული წრეა – ფეხბურთისა და ჭიდაობის. თუ დაემატება კიდევ ერთი წრე – კალათბურთის – კარგი იქნება. მართალია, სპორტული წრეები გვაქვს, მაგრამ მარტო ვარჯიში და ერთი ადგილის ტკეპნა არ გვაწყობს არც ბავშვებს და არც მწვრთნელებს. გვინდა, რომ ფეხბურთელებმა რეგიონის პირველობაზე იასპარეზონ. პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს და რაიონის მასშტაბით კარგი გუნდი შეიკრიბება. ამისთვის დაფინანსებაა საჭირო.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ნიკო თოფურიძე დაგვპირდა, რომ ამ საქმეში გვერდით დაგვიდგება. ბორითში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და დახმარება მანაც აღგვითქვა. წელს ეს საკითხი ვერ გადაწყდება და მომავალ წელს ვიმედოვნებთ, რომ გვერდში დაგვიდგებიან. ჩვენც არ გავჩერდებით, რომ ამას მივაღწიოთ, – შევაწუხებთ ახალარჩეულ მერსა და ჩვენი თემის მაჟორიტარ დეპუტატს.
ტრისტან გამცემლიძე, მაქათუბნის მცხოვრები: -ჩვენი თხოვნაა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ადრე ფულადი შემწეობა ჰქონდათ, სამართლიანად უნდა გადამოწმდნენ.
გზები გაკეთდა, ძალიან კარგია, მაგრამ მაქათუბანში სალოცავებამდე მისასვლელი გზები მოსაწესრიგებელია. ბუნებრივ აირზე ლაპარაკობენ, მაგრამ იმედი გვაქვს გაცრუებული. გაზს ჩვენ სოფელში ვინ მოიყვანს?!
ტყეში ხალხს არ უშვებენ. ბარათი არ აქვთ, რომ ზამთრისთვის შეშა მოიტანონ. ამაში ხელშეწყობა და მოხმარება გვჭირდება. სოფელში მცხოვრები საღორესა და ბოსელს ვეღარ აშენებს. ჩვენი სოფლის მოსახლეობა ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობას ითხოვს.
ნანა გამცემლიძე, მაქათუბნის მცხოვრები: -ჩვენი თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ქალბატონი მანანა ბარბაქაძის, მიმართ საყვედური არ გვეთქმის. ყურადღებიანი ქალბატონია. ბევრ მამაკაც დეპუტატს არ გაუკეთებია იმდენი სოფლისთვის, რაც მან შეძლო. წელს გზები გაგვიკეთეს, მაგრამ სოფელში უამრავი პრობლემაა, – მათ შორის უმთავრესი – ახალგაზრდების უმუშევრობაა.
ადრე ტყეში მუშაობდნენ და ახლა შეზღუდეს. ხმელი ჯირკები რომ მოაქვთ ტყიდან დატვირთული მანქანით, იმათ ხვდებიან გზაში და აჯარიმებენ. გაჭირვებული ოჯახები შეშას იმისთვის ყიდიან, რომ იმ ფულით წამალი შეიძინონ. არიან ოჯახები, რომლებიც სოციალური დახმარების მოხსნის შიშით არ მუშაობენ. მამაკაცები მთელი დღე „ბირჟაზე“ დგანან. მათ მანქანებიც ჰყავთ, უზარმაზარი სახლებიც აქვთ და სოციალურ დახმარებას იღებენ.
რამდენჯერმე გადამამოწმეს, მაგრამ სოციალური დახმარება არ დამენიშნა. ხანდაზმული მეუღლე მყავს, სმენადაქვეითებული, ინფარქტიანი და შრომის უუნარო. ჩემთან ცხოვრობს ოცი წლის შვილიშვილი, რომელიც ტრავმით არის დაბადებული. წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის, რადგან უსახსრობის გამო კრამიტის სახურავი ვეღარ შევცვალეთ. თავს მეუღლის პენსიით ვირჩენთ, რაც წამალშიც არ გვყოფნის. ჩემნაირი ოჯახი მაქათუბანში ძალიან ბევრია. ეს პრობლემები რჩება და რჩება წლების მანძილზე.
წელს ხალხს ტყეში არ უშვებენ. მოსახლეობის 80%-ს ზამთრისთვის შეშა არ აქვს. სოფელში მარტო გზის გაკეთება არ კმარა. გული კიდევ იმაზე გვწყდება, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არჩევენ. ხალხი ერთმანეთს გადაემტერა. ვიღაცა რომ ოდესღაც „ნაციონალი“ იყო, ამის გამო აღარავინ ეხმარება. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა,არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ და ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი