დავით კიკნაძისთვის საუკეთესო იყო 2009 წლის ახალი წელი, რომელსაც პირველად შეხვდა მეუღლესთან ერთად.
-ზოგადად, მიყვარს ყველა ახალი წელი, – ამბობს ბატონი დავითი, – რადგან ახალი იმედები მოაქვს. ყოველ წელს ელოდები სასიკეთო სიახლეს. ძალიან მიყვარს ახალ წელს თოვლი. 31 დეკემბერს მთელი ოჯახი ვიკრიბებით. ღამის 11 საათზე ვსხდებით სუფრასთან. განსაკუთრებით მიყვარს, როცა ტელევიზორში ისმის„მრავალჟამიერი,“ მე კი გავდივარ გარეთ და ახალ წელს თოფის სროლით ვეგებები.
ახალ წელს ასეთი ტრადიცია გვაქვს ოჯახში – სუფრასთან მივირთმევთ რამდენიმე ყურძნის სუფთა წვენს ე.წ. „ბუკეტს,“ რომელსაც საგანგებოდ ახალი წლისთვის ვამზადებთ და საახალწლოდ ვინახავთ.
დაახლოებით 15 წლის წინ, ჩემი ძმისშვილი პატარა იყო, გავიკეთე თოვლის ბაბუას მაკიაჟი და ღამის თორმეტ საათზე მივუტანე საჩუქრები. დაახლოებით ხუთი წელი სჯეროდა, რომ ნამდვილად მოვიდა თოვლის ბაბუა.
გოგი კვირიკაშვილი: –ძალიან მინდოდა, ახალ წელს ჩვენს გარემონტებულ თეატრში შევხვედროდით და ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ახალი წელი, მაგრამ არ მოხერხდა. შესანიშნავი ნამუშევარია და ძალიან კარგად აკეთებენ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, მალე გავხსნით და ეს იქნება ჩემთვის დიდი ბედნიერება.
ახალ წელს ყველა ოჯახი ზეიმითა და ლხინით ხვდება. ერთ-ერთი ახალი წლის ღამეს, როდესაც სტუმრები ოჯახიდან გამოვაცილე, ჩემმა მეგობარმა გუნდა მესროლა, მაგრამ ღამეში ვერ გაარჩია და რაიონში მაშინდელ თანამდებობის პირს მოახვედრა. ახალ წელთან დაკავშირებით ყოველთვის ამ ამბავს ვიხსენებ ხოლმე.
ჩემს ხარაგაულელებს დიდი სიყვარულითა და გულით მინდა მივულოცო ახალი წელი. ვუსურვო მათ სიკეთე და გახარება.
ქეთევან ზუმბაძე:-საბავშვო ბაღში არ მივლია და ბაღის ზეიმები ცოტათი უცხო იყო ჩემთვის. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად 2011 წლის დეკემბერში დავინიშნე. ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმი. ამდენი ლამაზად ჩაცმული ბავშვი, ლამაზი გარემო, კახიძის „ალილო“ და უამრავი ბავშვი სანთლებით ხელში ნაძვის ხის გარშემო, – ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.პატარებიც იმდენად იყვნენ ჩართულნი, თითქოს საახალწლო ღამე იყო.
ამ მომენტში გაიღო კარები და შემოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები „ლეგოს“სათამაშოებით. 12 ყუთი სათამაშო, – თითქოს ეს ყველაფერი თოვლის ბაბუას მოსვლას ჰგავდა…ემოციისგან თავი ვერ შევიკავე და ვიტირე.
ვუსურვებ ყველა ხარაგაულელს მეტი მიტევება შეძლონ ერთმანეთის მიმართ, მეტი სიყვარული. ყველა ოჯახს ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი, ოჯახში ყველა ადამიანი იყოს დასაქმებული.
მამა ფილიპე (აბაშიძე): -ახალი წელი ადამიანისთვის ყოველთვის განსხვავებულია და უკეთესი იქნება, ვიდრე ძველი წელი. ამ იმედით ხვდება ყველა ახალ წელს. ტრადიციულად იშლებასუფრა, ისვრიან მაშხალებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რა განწყობითაც შეხვდები ახალ წელს, იმ განწყობით გაატარებ მთელ წელს. ეს ცრურწმენაა. ადამიანის ბედი და მისი მომავალი ცხოვრება მის ნებაზეა დამოკიდებული.
ვისურვებდი, რომ ახალი წელი ყოფილიყოს განსაკუთრებული, პირველ რიგში, ამდენი ლტოლვილისა და უსახლკარო ადამიანისთვის. ეს ახალი წელი მათთვის ყოფილიყოს დაბინავებისა და საკუთარ კერაზე დაბრუნების წელი. ლტოლვილები და სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები ყველაზე დიდი ტკივილია ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ყოველი ახალი წელი სასიკეთო იქნება. სასიხარულოა, რომ ქართველი ადამიანი იბრძვის თავისი კეთილდღეობისთვის. ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ღვთის მადლითა და შეწევნით.
ახალი წელი საქართველოში ხმაურით აღინიშნება – სიხარულს გამოხატავენ ხმაურით, სროლით, ყვირილით, თრობით.
მართლმადიდებელი და მორწმუნე ადამიანი ლოცვით გამოხატავს სიხარულს, გალობითა და სიმღერით.
პირველი იანვარი მარხვაა და ყველა მართლმადიდებლისთვის აუცილებელია, ზომიერებით გამოხატოს სიხარული ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით. ეს არ უნდა გადაიზარდოს ღრეობაში. ჩვენი ცხოვრება საცეკვაოდ არ არის მოწყობილი. თუ შენ კარგად ხარ და შენს გვერდით ადამიანი არის ცუდად, ამაზეც უნდა ვიფიქროთ. უნდა ვისწავლოთ ადამიანის თანაგრძნობა. ღმერთმა ინებოს, რომ სულ სასახარულო და სამხიარულო დრო დადგეს საქართველოში.
დავლოცავ ჩემს უძვირფასეს ხარაგაულს,აქ მცხოვრებ უკეთილშობილესადამიანებს. აქ ძალიან დიდი სითბოა. ყველას დავლოცავ და ვუსურვებ სიკეთესა და ბედნიერებას.
მაია გელაშვილი: -ჩემთვისსაუკეთესო იყო 2004 წლის ახალი წელი.ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და მთელ ქვეყანა ზეიმობდა. ამდენი გახარებული სახე და მხიარული ადამიანი არასდროს მინახავს. სამწუხაროდ, არ გაამართლა იმ რევოლუციამ, მაგრამ მაინც ის იყო ჩემთვის საუკეთესო ახალი წელი, – ყველა იღიმოდა და ბედნიერი იყო, ყველა იმედიანი მოლოდინით იყო აღვსილი.
ვგიჟდები ახალ წელზე. შობის შემდეგ, ყველა დღესასწაულს მირჩევნია. ვუსურვებ საქართველოს ბევრ ღიმილიან სახეს, უკეთეს მომავალს და ახალგაზრდებს – კომპლექსებისგან გათავისუფლებას, – ჭორაობის შიშით გამოწვეულ კომპლექსებს ვგულისხმობ.
ზეინაბ ბუაჩიძე:-რამდენიმე განსაკუთრებული ახალი წელი მახსენდება. ბავშვობა ბორჯომში მაქვს გატარებული. იქ გავიზარდე ბებიასთან. შემოდგომაზე ჩურჩხელებს ავლებდა და მერე მთელი შემოდგომა ვთხოვდით ჩურჩხელას. გვეუბნებოდა, ახალი წელი რომ მოვა, მაშინ მოგცემთო. ველოდებოდით ახალ წელს დიდი სასოებით… საერთოდ, ბორჯომის თოვლი, ცისფერიგარემო ულამაზესია და ძალიან კარგად დამამახსოვრდა ჩემი ბავშვობის ახალი წლები.
სტუდენტობის პერიოდში ტრადიცია გვქონდა, ყოველ ახალ წელს კურსელები ერთმანეთს ვეპატიჟებოდით. რუსთაველი თანაკურსელი მყავდა, ბადრი ბანძელაძე. ახალ წელს წავედით მასთან. სახლს ვერ მივაგენით, – ქუჩებში ვიარეთ, ბევრი ვიმხიარულეთ, ვიმღერეთ და ბოლოს, როცა მივედით, მასპინძლი დაგვიხვდა ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი. მე მისი პორტრეტიც შევასრულე. 30 წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და მითხრა, პორტრეტი ახლაც შენახული მაქვს და ძალიან ვუფრთხილდებიო.
ძალიან სასიხარულო ახალი წელი მქონდა 2011 წელს. სამი წელი ველოდი შვილიშვილს. 2011 წელს, როცა ხაჭაპურებს ვაცხობდი, ვთქვი, რომ მე ჩემს პატარა შვილიშვილს უნდა გამოვუცხო პატარა კოკორი. თან რაღაცნაირი წინათგრძნობა მქონდა. გამოვაცხვე პატარა კოკორი, დავდე საახალწლო სუფრაზე და ვთქვი, რომ ეს არის ჩემი პატარა შვილიშვილის. ერთ კვირაში ჩემმარძალმა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო…
ყოველი ახალი წელი ზეიმისა და სიხარულისაა, მაგრამ ბოლო სამი წელი განსაკუთრებულია ჩემთვის.
მადლობა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, რომ ყოველ ახალ წელს მაძლევს საშუალებას, ახალი წელი მივულოცო ხარაგაულებს თქვენი გაზეთის ფურცლებიდან. ყველა ხარაგაულელს ვუსურვებსიკეთეს, სიხარულს, ბარაქას. ამაზე მეტი გაჭირვება ქართველ ერს აღარ ენახოს. უფალს ებარებოდეთ.
თამთა გოგოლაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ