28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მისი დაღუპვის დღეს, 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილას აღმართულ მონუმენტთან მისი თანამებრძოლები და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ღონისძიება პატრიოტული სიმღერებით გაალამაზეს თამარ მეფის სახელობის თბილისის სკოლა-პანსიონის (დირექტორი მამა მირიანი (სამხარაძე) მოსწავლეებმა და ხარაგაულის კულტურის ცენტრთან (დირექტორი ვასილ კიკნაძე) არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „კახორი“.
ღონისძიების ორგანიზატორი, მერაბ კოსტავას თანამებრძოლი მამა მირიანი (სამხარაძე) შეგვახსენებს, რომ მერაბ კოსტავას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე.
„საუკუნეებში ერთხელ იბადებიან ასეთი ადამიანები, მეოცე საუკუნეში ოთხი ეროვნული გმირი აჩუქა უფალმა საქართველოს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მათ იხსნეს ერი გადაგვარებისაგან და იმ საფრთხეებისაგან, რაც ჩვენს სამშობლოს დამპყრობელისგან ელოდა.
საქართველოს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. ილია ჭავჭავაძის თავდადებამ შედეგი 1918-21 წლებში გამოიღო, თუმცა მცირე ხნით. შემდეგ ისევ გააქტიურდნენ საქართველოს მტრები და საქართველოში 70-წლიანმა წყვდიადმა დაისადგურა. ქვეყანას ათეისტური რეჟიმი მართავდა. ორმა ბუმბერაზმა ადამიანმა – მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ ქართველი ერი გამოაფხიზლა. მათი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა, 1991 წლის 9 აპრილს საქრთველომ დამოუკიდებლობა გამოცხადა.
13 ოქტობმერს აქ, ამ ადგილას, დატრიალებულმა ტრაგედიამ ფრთა მოტეხა ზვიად გამსახურდიას. მახსოვს ის დღე, ამ ტრაგედიიდან ნახევარი საათის შემდეგ მე უკვე აქ ვიყავი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. არასოდეს უნდა დავივიწყოთ იდეები, რომლისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ,“ – ამბობს მამა მირიანი (სამხარაძე).
„1988 წლის შემოდგომაზე თბილისში მთავრობის სასახლის წინ აქციები მიმდინარეობდა – იხსენებს ეროვნული მოძრაობის მონაწილე გია თავზარაშვილი, – აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, – გაბრიელ (გაბული) ისაკაძემ მთავრობის სასახლიდან საბჭოთა დროშა ჩამოხსნა და მის ნაცვლად ქართული დროშის დაკიდებას შეეცადა, მაგრამ ეს ახალგაზრდა დააპატიმრეს. 9 აპრილის აქციის დროს ზვიადი, მერაბი და ამ აქციის სხვა აქტივისტები დააპატიმრეს. თუმცა მალევე გამოუშვეს.
ამ პერიოდში მიმდინარეობდა გაბული ისაკაძის სასამართლო. ვცდილობდით როგორმე ჩვენი ძალებით ეს ახალგაზრდა ციხიდან გამოგვეყვანა. ზვიადს ვერ შევბედე დახმარების თხოვნა. მერაბთან მივედი და ავუხსენი მდგომარეობა. მან მაშინვე დაიწყო ამ საქმეზე მუშაობა და მეორე დღის საღამოს გაბული ისაკაძე გაათავისუფლეს. გულისხმიერი ადამიანი იყო მერაბ კოსტავა,“ – იხსენებს გია თავზარაშვილი.
მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაიბადა. 1946 წელს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) შეიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან შემდგომში თავისი თანამოაზრე და თანამებრძოლი ზვიად გამსახურდია. ახალგაზრდების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა კონსტანტინე გამსახუდიამ.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული, ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი ბორითში საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში