ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში მცხოვრები ვახტანგი კვირიკაშვილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდა. მას უფლება ჰქონდა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის განცხადებით 3 ოქტომბრამდე მიემართა და ამომრჩეველთა სიაში შეყვანა მოეთხოვა.
„2016 წელს ამომრჩეველთა სიაში ვიყავი და არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად მივიღე, – ამბობს ვახტანგი კვირიკაშვილი, – ახლა არ მიმიმართავს კომისიისთვის, არ არის დიდი პრობლემა, თუ სიაში არ ვიქნები, თუმცა, ეს საკითხი ჩემთვის ბუნდოვანია. პირადობის მოწმობის ვადა 2027 წლამდეა. ათი წელი ოჯახთან ერთად უცხოეთში ვცხოვრობდი, მაგრამ ორი წელია, ხორითიდან არსად წავსულვარ. იქნებ აღმოვჩნდე იმ სიაში, რომელსაც საარჩევნო კომისია 19 ოქტომბერს მიიღებს. აუცილებლად გავარკვევ, რა მიზეზით არ ვარ ამომრჩეველთა სიაში.“
ვახტანგი კვირიკაშვილის დოკუმენტაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა გადაამოწმა. სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის განმარტებით, ხორითში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვახტანგი კვირიკაშვილი მუდმივ საცხოვრებლად საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რაც რეგისტრაციიდან მოხსნის ერთ-ერთი საფუძველია. როგორ აღმოჩნდა მაშინ ის გასულ წელს ამომრჩეველთა სიაში, ამის შესახებ პასუხი ვერ მივიღეთ.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიაში ხარვეზების გამოსასწორებლად თავად ამომრჩევლებმა უნდა იაქტიურონ. 21 სექტემბერს, როგორც კი საუბნო კომისიები შეიკრიბნენ, უბნებში ამომრჩეველთა სიები დაუყოვნებლივ გამოიკრა, – ამბობს გია ცისკაძე, – #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში სიებში 16 გარდაცვლილი მოქალაქე აღმოჩნდა, რადგან მათი გარდაცვალების ფაქტზე შესაბამისი დოკუმენტაცია თავის დროზე არ იყო გაცემული. მივმართეთ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, რომლებიც პიროვნებების გარდაცვალების შესახებ ოქმებს სამოქალაქო რეესტრს გადაუგზავნიან.
სიაში რეგისტრაციის ადგილის გადამოწმების მიზნით 19-მა მოქალაქემ მოგვმართა. რამდენიმე მათგანი, რადგან პირადობის მოწმობა ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრში აიღეს, ფიქრობდა, რომ რეგისტრაციის ადგილიც ავტომატურად შეიცვალეს. მათ ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში რეგისტრაცია სურდათ – ორს – ვახანში, ერთს – ბორითში, ერთს – საქასრიაში, ორს ნადაბურში, ერთს – დაბა ხარაგაულში. ვაცნობეთ, რომ 3 ოქტომბრამდე სამოქალაქო რეესტრისთვის მისამართის შეცვლის მოთხოვნით მიემართათ. ვიცი, რომ ორმა მოქალაქემ მიმართა. ორი მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში პირადობის მოწმობის ვადის გასვლის გამო აღარ აღმოჩნდა. სამოქალაქო რეესტრს მათაც მიმართეს.“
ამომრჩეველთა სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისა და სიაში არყოფნის შემთხვევაში საჭირო პროცედურებზე ინფორმირების მიზნით #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაბა ხარაგაულსა და კიცხში აქცია მოაწყო. გია ცისკაძე ამბობს, რომ ამომრჩევლებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და განუმარტეს, როგორ მოქცეულიყვნენ. მოქალაქეებს შეეძლოთ, საოლქო კომისიის წევრების თანდასწრებით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი მოეძებნათ. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქციამ მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხარაგაულის რაიონული კოორდინატორის, ქეთევან პავლაძესთვის ამომრჩეველთა სიის ხარვეზებზე წელს არც პოლიტიკურ პარტიებს და არც ამომრჩევლებს არ მიუმართავთ.
ნინო კაპანაძე
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი – II“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში