მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ. ამის მიუხედავად, იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებსაც, უმეტესად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აწყდებიან, გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებად ზრუნავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველო“ სექტემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქალების საჭიროებები გამოიკვლია. კვლევის ანგარიში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაკა ცერცვაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგებლებსა და მერობის კანდიდატებს 7 ოქტომბერს ხარაგაულში გააცნო.
კვლევა იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში, ჩაღრმავებული ინტერვიუს სახით სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ ათ ქალბატონთან ჩატარდა.
პროექტის სახელწოდებაა „მეტი ქალის ხმა თვითმმართველობაში“ და მისი მიზანია, ქალების გააქტიურება, მათი შესაძლებლობების გამოსავლენად ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
ხარაგაულში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა კონსტრუქციული კომუნიკაციის საჭიროება ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, რაც ხელს შეუწყობს გონიერი და მზრუნველი ადგილობრივი პოლიტიკის გატარებას.
კვლევის დროს გამოიკვეთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის საკითხი, მარტოხელა მოხუცებისთვის სადღეღამისო ცენტრის შექმნის, სოციალური შემწეობის პროგრამის სამართლიანობის, დასასვენებელი პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის, პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები, სკოლამდელი განათლების სერვისის დახვეწის საჭიროება.
კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ დისკუსია გაიმართა. „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობის პროგრამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან საკითხს არასწორად აყენებს, როცა სოცაგენტებისა და სამსახურის უფროსების ბრალეულობაზე საუბრობს. მისი თქმით, რეალური პრობლემაა პროგრამა, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს ვერ „ხედავს“ და სიღარიბის აღმოფხვრას ვერ ემსახურება.
„ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატ ნიკო თოფურიძესთვის „მეტი ქალი პოლიტიკაში“ ნიშნავს იმას, რომ არჩევის შემთხვევაში მეტ გონიერ ქალს დანიშნავს ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებად. „ათი თვე ვიმუშავე გამგებლად და ძალიან დიდი სიმპატიებით ვარ ქალბატონების მიმართ, – ამბობს ნიკო თოფურიძე, – ვაკანსიები სადაც გამოჩნდა, უპირატესობა ქალბატონებს მივანიჭეთ. გენდერულ ბალანს არ ვარღვევ. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და მუშაობს ხარაგაულში და ვისურვებდი, რომ კიდევ მეტ გონიერ ქალს ემუშავა საჯარო სპექტრში.“
სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით ნიკო თოფურიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია სოციალური შემწეობის პროგრამის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე შესაძლო გადმოცემის თაობაზე.
„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გულადი ყრუაშვილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან იმ მოქალაქეების უფლებების დაცვას ითხოვს, რომლებმაც ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმუშავეს და სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიებმა მათ ხელფასები არ გადაუხადეს.
„მე არ ვარ მომრიგებელი მოსამართლე, არც პროკურორი და არც ქურდი, საქმე რომ გავარჩიო, – ამბობს ნიკო თოფურიძე, – ვიცი ამ პრობლემის შესახებ. მოქალაქეებს ვაფრთხილებ, რომ მომავალში ხელშეკრულების გაუფორმებლად არსად იმუშაონ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მე იმ ხალხს ავუხსენი სიყვარულით, რომ თავად უნდა მისდიონ ამ საქმეს. კატეგორიულად ვემიჯნები იმას, რაც ხარაგაულში გამგებლად ჩემს არჩევამდე, – 2016 წლის 21 ნოემბრამდე ხდებოდა.“
ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ინიციატივიან ადამიანებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობა მომავალი თვითმმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. ამას ხელს უნდა უწყობდეს ადგილობრივი ხელისუფლება. ინგა მაღრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ საკრებულოში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შევლენ და აზრთა ურთიერთგაცვლით რეალურ შედეგებს მიაღწევენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა თემურ ფცქიალაძემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ერთობლივი აქციები დაიწყონ წყალმომარაგების სისტემის მუნიციპალიტეტზე გადმოცემის მოთხოვნით.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ქალთა დასაქმების კონცეფცია ან პროექტი, შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნისა და ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის პროექტი, თემურ ფცქიალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება.
სოციოლოგმა, რომელმაც იმერეთში ქალთა საჭიროებების კვლევა ჩაატარა, ქალების მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რეკომენდაციები შეიმუშავა. ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სოციალური შემწეობის დანიშვნა-მოხსნის პროცესში, შესაძლოა, იყოს ის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეიქმნას პროგრამა, რომლითაც შემწეობაშეწყვეტილი ოჯახი, სანამ ხელახლა გადამოწმების უფლებას მოიპოვებს, – ერთი წლის განმავლობაში, – თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღოს.
მაკა ცერცვაძის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ კვლევაში დასმული პრობლემების ადვოკატირება რეგიონული ტელევიზიის პირდაპირი ეთერის საშუალებით გაგრძელდება.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში