„რამდენიმე თანაკლასელს ერთმანეთი საბავშვო ბაგა-ბაღიდან გვახსოვს. მე, მაყვალა სებისკვერაძე, ალა კვირიკაშვილი, შორენა ბუაჩიძე, „ჭიპილია,“ „ნოყია,“ „ხოზიკა,“ სულ ერთად ვიყავით. ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვაკავშირებს. რამდენი კურიოზი გადაგვხდა, რამდენი ბედნიერი დღე გავატარეთ ერთად. ამიტომ შევიკრიბეთ და ბავშვობას ვიხსენებეთ, – განმარტავს 50 წლის წინ ხარგაულის #2 საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ზურაბ ზუმბაძე თანაკლასელების შეკრების მიზეზს.
მშობლიურ სკოლაში მისვლამდე მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ თხელიძე მოინახულეს. მოსწავლეებისა და მასწავლებლის შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ყველა თვალცრემლიანი იხსენებდა სკოლის პერიოდს.
„ძალიან დიდხანს კარგად უნდა იყოთ, ნუნუ მასწავლებელო. სანამ თქვენ ხართ, ჩვენც თავი ისევ ბავშვები გვგონია,“ – მიმართა მასწავლებელს მაყვალა სებისკვერაძემ.
„ჩემს მეხსიერებაში იქნებით, როგორც ულამაზესი მასწავლებელი,“ – ეს ზაირა ლაცაბიძის სიტყვებია.
„მუდამ ვიხსენებ, როგორ გვაწერინებდით თემებს, შემდეგ სახლში მიგქონდათ ჩვენი რვეულები და ასწორებდით. რამდენს შრომობდით, რა დიდი ძალა და ენერგია გქონდათ. ყველაზე მთავარი და ღირებული – მოსწავლების, საზოგადოების სიყვარული დაიმსახურეთ, ნუნუ მასწავლებელო,“ – ასე შეაფასა ლალი ალექსიძემ მასწავლებელი.
„დედაჩემთან მეგობრობდით და ასე მგონია, ახლა დედაც ჩემს გვერდითაა,“ – ემოციები ვერ დამალა შორენა ბუაჩიძემ.
„თქვენი კლასი ძალიან კარგად მახსენდება, – ამბობს ღვაწლმოსილი მასწავლებელი ნუნუ თხელიძე, – მოსწავლეების უმრავლესობა მართლაც საუკეთესოდ სწავლობდა. 88 წლის ვარ. ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში ვერა ლეჟავას დირექტორობის დროინდელი კოლექტივიდან ცოცხალი მე და როზა კვირიკაშვილი ვართ. დღეს თქვენი სტუმრობით ისე გამახარეთ, რომ რამდენიმე წლის სიცოცხლე მომემატა.“
1967 წელს ხარაგაულის #2 საშუალო სკოლა 52-მა მოსწავლემ დაამთავრა. ეს ამ სკოლის 26-ე გამოშვებაა. ერთ კლასს გუგული ინარიძე ხელმძღვანელობდა, მეორეს – ტასო ლოლაძე. სკოლაში შეკრებილმა მეგობრებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გარდაცვლილი თანაკლასელები ნოდარი მაღრაძე, ნოდარი ბერაძე, ნუგზარი ქურდოვანიძე, რაისა ბუხნიკაშვილი, ამირან ჭიპაშვილი, თავრიზი ოსანაძე, დარეჯან კიკნაძე, არმაზი შავიძე, ნუგზარი გლუნჩაძე და ვიტალი თაბუკაშვილი გაიხსენეს.
კურსდამთავრებულებს მშობლიურ სკოლაში სკოლის დღევანდელმა დირექტორმა ვალერი გოგნაძემ უმასპინძლა. მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში კურსდამთავრებულთა შეკრების კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია.
დიდი ხნის უნახავმა თანაკლასელებმა ერთმანეთს უამბეს, თუ როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ. ყველაზე დიდი სიხარულით მაინც მოსწავლეობის წლებზე საუბრობდნენ.
„დედაჩემი ქიმიას გვასწავლიდა, – იხსენებს ზურაბ ზუმბაძე, – ყველა გაკვეთილის წინ გეგმას წერდა. კლასელები მკითხავდნენ ხოლმე, ხომ არ იცი, გაკვეთილს რომელს მოგვაყოლებსო. გამოვარკვიე, – წერტილს რომელი მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივაც დასვამდა, გაკვეთილსაც იმას გამოკითხავდა. დღეს თავი ისევ პატარა ბავშვი მგონია. ერთ-ერთი ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ამ შენობაში ჩემთვის ყველა კედელი მშობლიურია. მიხარია, რომ ჩემი შვილიშვილი ხარაგაულის #2 სკოლაში სწავლობს.“
„დღემდე მომყვება თანაკლასელების მიმართ სითბო და სიყვარული, – ამბობს მაყვალა სებისკვერაძე, – ბავშვობაში განცდილი მუდამ გახსოვს, ბავშვობისდროინდელი მეგობარი შეუცვლელია. სკოლაში სულ ვიგვიანებდი. შევიდოდი ეზოში და ზარიც ირეკებოდა. ჩემი კლასელები ფანჯრიდან რომ დამინახავდნენ სკოლის ჭიშკართან მოსულს, დაიძახებდნენ, აბა, მოვწესრიგდეთ, მაყვალა მოდის და ზარი დაირეკებაო. ყველა ძალიან კარგად ვსწავლობდით. სწავლა 2-3 მოსწავლეს თუ უჭირდა. გამორჩეული იყო ზაირა ლაცაბიძე. ყველა საგანში ფრიადი ეწერა.“
„გოგონები ყველა საგანს კარგად ვსწავლობდით, – იხსენებს ზაირა ლაცაბიძე, – ბიჭებს უფრო მათემატიკა უყვარდათ. ფიზკულტურის მასწავლებელმა ერთხელ სემესტრის ბოლოს ოთხიანი დამიწერა. ბევრი ვინერვიულე. წლის ბოლოს კი არ გამოვაყოლებო, – ასე დაუმშვიდებია მამაჩემი მასწავლებელს.“
„ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, – ამბობს თამარ ხევსურიანი, – რამდენიმე საათით ბავშვობაში გადავსახლდი. თვალწინ გამიცოცხლა მოსწავლეობის დღეები. ჩემი მომავალი მეუღლე, ნოდარ ბერაძე, ყოველ დილით, სკოლაში მოსვლისთანავე გადმომცემდა წერილს. „თამრიკო, როგორ ხარ?“ – მხოლოდ ეს სამი სიტყვა ეწერა. გული მწყდება, ჩემი გულისხმიერი მეუღლე რომ აღარ არის და თანაკლასელების შეკრებით გამოწვეულ სიხარულს ვერ იზიარებს….“
„სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი. ხშირად ჩემთან ვიკრიბებოდით და ვქეიფობდით, – იხსენებს ლალი ალექსიძე, – დედაჩემს ჩემი მეგობრების სტუმრობა ყოველთვის უხაროდა. სუფრას ნოდარი მაღრაძე თამადობდა… ბედნიერი დღეები იყო…“
50 წლის წინ კურსდამთავრებულთა შეხვედრა სუფრასთან გაგრძელდა. დარბაზში მეგობრებს თანაკლასელ ლალი ალექსიძის მიერ მომზადებული სიურპრიზი დახვდათ – ეკრანზე მათი მოსწავლეობის ამსახველი ფოტოკადრები. მიხარია, რომ იმ დღეს ერთმანეთს მონატრებული მეგობრების ბედნიერი სახეები გადავიღე.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში