ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის.
ორგზის პარლამენტარი – 2004 წელს პროპორციული სიით არჩეული, ხოლო 2008-2012 წლებში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძე კენჭს საარჩევნო ბლოკიდან „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ იყრის;
რკინიგზელი გულადი (გია) ყრუაშვილი ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია საარჩევნო ბლოკიდან – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;
პროფესიით ექიმი, 2007-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დღეს საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი მერობის კანდიდატია საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი პაატა კიკნაძე ხარაგაულის მერობის კანიდადატად დასახელებულია პარტიიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ ხარაგაულის მერობის კანიდიდატია ლევან მარდალეიშვილი, რომელიც ამ დრომდე ხარაგაულში არ გამოჩენილა;
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე კენჭს ნიკოლოზ თოფურიძე იყრის. ის 2016 წელს, შუალედურ არჩევნებზე ხარაგაულის მოსახლეობამ გამგებლად აირჩია.
მერობის კანდიდატების, მათი ხედვებისა და დაპირებების გასაცნობად მათ რამდენიმე ერთნაირი შეკითხვით მივმართეთ.
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღები შენდება, გზები იგება; მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება.
ამის მიუხედავად, ხარაგაულში, ძირითადად მიგრაციის გამო, ყოველწლიურად მცირდება მოსახლეობა, რაც ყველაზე თვალნათლივ მოსწავლეთა რაოდენობაზე აისახება. მაგალითად, წყალაფორეთის საჯარო სკოლაში დღეს 18 მოსწავლე სწავლობს, ლაშეში – 23, სარგვეშში – 13, შარშან სოფელ ვანში სკოლა გაუქმდა.
მერად თქვენი არჩევის შემთხვევაში, კონკრეტულად რას გააკეთებთ ახალგაზრდა ოჯახების ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასამაგრებლად? როგორ უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი?
2. თქვენი არჩევის შემთხვევაში, კონკრეტულად რას ჰპირდებით ხარაგაულის მოსახლეობას და არჩევის პირველ წელს კონკრეტულად რას გააკეთებთ თქვენი ამ დაპირებების შესასრულებლად?
3. თვითმმართველობის ეფექტურად მუშაობა არსებული საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად მართვას და დამატებითი რესურსების მოძიებაზე ზრუნვას გულისხმობს.
აპირებთ თუ არა გარკვეული მომსახურებების (მაგალითად, დასუფთავების, კეთილმოწყობის, მარტოხელათა კვების, საინფორმაციო მომსახურების) ტენდერით შესყიდვას, გამგეობის ააიპ-ების სუბსიდიით დაფინანსების ნაცვლად, უკეთესი ხარისხის მომსახურების იაფად მიღების მიზნით?
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ხარჯის დიდი წილი ააიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებზე მოდის იმ პირობებში, როცა იმავე ააიპ-ებს კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად თანხა აღარ რჩებათ.
მერად თქვენი არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება თუ არა ააიპ-ების რეორგანიზაცია იმისათვის, რომ საბიუჯეტო სახსრები ეფექტურად გაიხარჯოს და მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად მიიმართოს?
ჯაბა მაღლაკელიძე, ხარაგაულის მერობის კანდიდატი საარჩევნო ბლოკიდან „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“:
1. ხარაგაულს არა მარტო ახალგაზრდები ტოვებენ, არამედ – ასაკოვანი ადამიანებიც. კარგია, რაც კეთდება, მაგრამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის პრიორიტეტებს აცდენილია და სწორად არ არის განსაზღვრული. ადამიანები რომ ხარაგაულში დაკავდნენ, ამის ერთადერთი გზა სამუშაო ადგილების შექმნაა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხარაგაულში არც ერთი კომერციული ობიექტი არ შექმნილა, არც ერთი დიდი პროექტი არ განხორციელებულა. დიდვაკეში 800 მეტრიანი გზა დაიგო, მაგრამ იქ დასაქმებული 25-30 კაცი ყოველ დილით ზესტაფონიდან და თერჯოლიდან მოდიოდა. არც ერთი ხარაგაულელი გზის მშენებლობაზე არ მუშაობდა. ადგილობრივ ხელისუფალს, როცა რამეს აკეთებს, იმდენი მაინც უნდა შეეძლოს, რომ ადგილობრივი დაასაქმოს.
ახალგაზრდებისთვის პატარ-პატარა სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, მათი ბიზნეს იდეები დაფინანსდეს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებითაც ხარაგაულს ტურისტებისთვის მიმზიდველს გავხდით. ხარაგაული არის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი სამთო ტურიზმის განსავითარებლად. ხარაგაულელი სტუდენტები უნდა წავახალისოთ, რომ საზღვარგარეთ ისწავლონ. უნდა მოწესრიგდეს ხარაგაულის პარკი, სადაც რომან შერგელაშვილის გამგებლობის შემდეგ სკამებიც არ შეუღებავთ. რა გახდა პარკში უფასო ინტერნეტის ჩართვა!
ხარაგაულში არიან ე. წ „პრიორიტეტული სოფლები,“ სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ. იქ გზაც მოწესრიგებულია და გაზიფიცირებაც დასრულებულია. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი ყველასთვის ხარ და არსებული ფინანსები სამართლიანად უნდა გაანაწილო.
2. ჩვენი არჩევის შემთხვევაში ხარაგაულის მოსახლეობის პენსიას 20-დან 25 ლარამდე გავზრდით. ეს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე შესაძლებელია. 4 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. 25-25 ლარის დამატების შემთხვევაში წელიწადში 960 ათასი ლარია საჭირო. ამ თანხის მოძიება შეგვიძლია. 500 ათასი ლარი ხარაგაულის პარკში ესტრადის მოწყობისთვის დაიხარჯა და დღეს ისევ დანგრეული შენობა გვაქვს. პასუხისმგებელი კი არავინაა.
3. არ ვფიქრობ, რომ დღეს ხარაგაული ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტია ან ყველაზე უკეთ განათებული.
კონკურენციის პირობებში ყველაფერი უკეთესად კეთდება. რის საშუალებასაც მოგვცემს კანონმდებლობა, ყველა შემთხვევაში ტენდერი გამოცხადდება. არც ერთი პროექტი ერთ პირთან მოლაპარაკებით არ განხორციელდება. ერთადერთი აუცილებელი პირობა ტენდერში გამარჯვებულთან იქნება ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს.
4. ადმინისტრაციული ხარჯის დიდი წილი რომ ააიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებზე მოდის, სწორედ აქ არის „ძაღლის თავი დამარხული.“ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მხარდამჭერები დაასაქმეს, მათი მოლოდინები უზომოდ გაზარდეს. ამ ადამიანებს დღეს აქვთ კრედიტები და ღმერთმა არ ქნას, რომ უსამსახუროდ დარჩნენ. ნებისმიერი მერი, ვისაც აირჩევენ, ძალიან ძნელი გადაწყვეტილების წინაშე დადგება – ბიუჯეტის ფულით ან მხოლოდ ხელფასები უნდა გასცეს, ისევ ვერაფერი აკეთოს და მხართეძოზე წამოწვეს, ან ზედმეტი ხალხი სამსახურიდან გაუშვას.
ჩემი არჩევის შემთხვევაში არც ერთ დასაქმებულს სამსახურიდან გაშვება არ ემუქრება. ვეცდები, დამატებითი თანხები მოვიძიო. ვინც ჩვენი მუშაობის ტემპს აჰყვება, იმუშავებს.
გულადი (გია) ყრუაშვილი, ხარაგაულის მერობის კანდიდატი საარჩევნო ბლოკიდან „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“:
1. მთელ საქართველოში დამძიმებული მდგომარეობაა, დაცარიელდა სოფლები, ოჯახები. ბავშვები უდედოდ იზრდებიან და ეს მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. დღეს რა გააჩერებს ხარაგაულში ადამიანს, რა არის, რა ცოცხლობს, რა ფუნქციონირებს. ახალგაზრდები ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიაში ცუდ პირობებში მუშაობენ.
მეცხოველეობის, სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. ხარაგაულში
ბევრი ადგილია, სადაც მეცხოველეობის განვითარება შეიძლება. ჩვენ თუ ადამიანებს მივცემთ იმის საშუალებას, რომ ერთი-ორი მანქანა ეყოლებათ, ყველის, ქათმის, ხორცის რეალიზაციას შეძლებენ. უამრავი გრანტია, რითაც სოფლის მეურნეობის კუთხით გვეხმარებიან. რა თანხებიც შემოდის, სწორად უნდა განაწილდეს. ხარაგაულმა 20-25 ახალგაზრდა უნდა გამოზარდოს, რომელიც ამ საქმეს ხელს მოკიდებს და არსად აღარ წავა.
2. კონკრეტულად ხარაგაულს ვპირდები, რომ ყველა ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას დავეხმარები იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგინონ ბიზნეს-გეგმა და რაც მომავალში ხარაგაულში პერსპექტიული იქნება, იმას გავაკეთებ.
3. ტენდერული სიტუაციის პრინციპი მე მომწონს. ოღონდ უნდა იყოს ობიექტურად და სამართლიანად გადაწყვეტილი და არ უნდა ემსახურებოდეს ბიძაშვილ-მამიდაშვილების დასაქმებას, ტენდერის გამოცხადების შემდეგ რომ კეთდება რაღაც ფირმები. ტენდერულ სიტუაციებს მე მხარს ვუჭერ, მხოლოდ ის ყველასთვის გამჭვირვალე უნდა იყოს. გამოცდილების მქონე ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, ტენდერი მოიგოს.
4. ააიპ-ებში ხალხი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაასაქმეს. ეს არ არის საქმეზე დახარჯული ფული. ეს ტყუილად გაფანტული ფულია და დასაქმებულთა პროფესიულ ზრდას არ ემსახურება. ზოგს რომ ჰკითხო, საკუთარ ტიტულს ვერ გეტყვის. დამიჯეროს იმ ხალხმა, ააიპ-ებში დახარჯული ფულით ხელი შეუწყონ ბიზნესს, ახალგაზრდები დაამკვიდრონ ხარაგაულში.
თორნიკე ავალიშვილი, ხარაგაულის მერობის კანდიდატი საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:
1. ფაქტობრივად, ხარაგაულში მოსახლეობას საკუთარი შრომა-საქმიანობით თავის რჩენა არ შეუძლია. ხარაგაულში ავეჯის მწარმოებელი მინი საწარმოების ფუნქციონირება შეჩერებულია. მოქალაქეებს სამასალე მერქნის მოპოვების უფლება უნდა მიეცეთ.
საქართველოში ტურიზმი ყველაზე მეტად შემოსავლიანია. ტურისტები დაინტერესებული არიან მთიანი რეგიონებით. მაგალითად ზვარეში, წიფაში, მოლითში, თუ მოსახლეობას ექნება ბინების გაქირავების საშუალება, დიდ შემოსავალს მიიღებენ. თუ მივცემთ საშუალებას, რომ ეს ნაბიჯები გადადგან, შემოსავალს მიიღებენ და სოფლებში დამაგრდებიან.
ჩვენი არჩევის შემთხვევაში ყველა ახალგაზრდას თვითმმართველობის საქმიანობაში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩავრთავთ. ახალგაზრდებისგან წამოსულ ინიციატივებსა და პროექტებს ხელს შევუწყობთ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ.
2. ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველა ცენტრალური და საუბნო გზა მოწესრიგდება, უწყლოდ დარჩენილ ყველა სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება. აუცილებლად გავაკეთებ ხარაგაულის პარკში ესტრადის დემონტაჟს. ესტრადა გადაიხურება, გარემონტდება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება. ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობაზე ხელოვნური ფილტრატები დამონტაჟდება.
ყოველ მიზეზგარეშე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მაღალგამავლიანი მანქანები უნდა შევუძინოთ. მოსახლეობას ვპირდები მრავალბინიანი კორპუსების შიდა და გარე ფასადების მოწესრიგებას.
3. შეცდომებზე საუბარს არ გავექცევი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად ჩემი მუშაობის პერიოდშიც ვაფინანსებდით სუბსიდიით გამგეობის გაზეთს და ვაღიარებ, რომ ეს იყო შეცდომა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების შრომა-საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმირებული უნდა იყოს. საინფორმაციო მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდება.
დასუფთავების მხრივ ტენდერი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, მხოლოდ სატენდერო პირობაში უნდა ჩაიდოს, რომ დღეს იქ დასაქმებული პირები სამსახურიდან არ უნდა წავიდნენ.
4. რაც შეეხება ააიპ-ებს, ყველგან გაზრდილია საშტატო ნუსხა. დასაქმებულები არიან მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. დაბა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, 2014 წელს არჩევისთანავე, მეუღლე ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის გამგედ დაანიშნინა.
ნასამართლევ პიროვნებას, კრიმინალს, რომელიც ახლა დასუფთავების სამსახურში სოფელ ბორითში მუშაობს, სამსახურში არ დავტოვებ.
მოვაგვარებ იმ საკითხს, რომ ააიპ-ებიდან არც ერთი თანამშრომელი ჩემი და სამსახურის უფროსის საკარმიდამოს დასამუშავებლად არ ივლის. ყველა ააიპ-ის ხელმძღვანელს ეცოდინება, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპლიტეტში და რისი გაკეთების უფლება აქვს. თანამშრომლებს ეცოდინებათ, თუ არ ავალიათ.
სამსახურიდან შემცირდებიან ის პიროვნებები, რომლებიც არაფერს აკეთებენ, საკუთარი უფლება-მოვალეობები არ იციან და ხელფასის მაგივრად პენსიას იღებენ. შტატი, რომელიც არ სჭირდება სამსახურს, არ უნდა იყოს. სამსახურებში პრემია მხოლოდ დამსახურების მიხედვით გაიცემა და არა ისე, ყოფილმა გამგებელმა „ქუთაისობის“ დღესასწაულში მონაწილეობისთვის რომ გამოუწერა საკუთარ თავს.
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი შეცდომებია ის, რომ საავადმყოფო სამგლიის სერზე ააშენენეს, „ღია ესტრადის“ რემონტზე ნახევარი მილიონი ლარი წყალში გადაყარეს, სასულიერო გიმნაზიის ღობის კეთილმოწყობაში – 450 სამშენებლო ქვაში 52 ათასი ლარი გადაიხადეს.
პაატა კიკნაძე, ხარაგაულის მერობის კანიდადატი პარტიიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“:
1. პირველ რიგში, ალბათ უნდა ვიფიქროთ სამუშაო ადგილების შექმნაზე და უნდა მოვიძიოთ, თუ რა პოტენციალია დღეს ხარაგაულში. ამის მიხედვით შეიძლება ფიქრი მცირე საწარმოებსა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
საჭიროა გავარკვიოთ, თუ რისი ბაზა გვაქვს ხარაგაულში; ძირითადად, რა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შექმნა შეიძლება, როგორი მცირე საწარმოების მობილიზება, რომ ახალგაზრდა ადგილზე დამაგრდეს. ამავე დროს ტურიზმის საკითხიც გადასახედია. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ბუნება, ბრწყინვალე ტურისტული ბაზა. უნდა ჩამოყალიბდეს მცირე ტურისტული ფირმა ან ტურისტული ჯგუფები.
ამასთან ერთად ხარაგაული ძალიან საინტერესოა ისტორიული ძეგლებით. მათი რეაბილიტაციის შემდეგ შეიძლება ტურისტული ინფრასრუქტურის განვითარებაზე საუბარი. ამითაც შეიძლება უკვე რაღაცა სამუშაო ადგილების შექმნა. ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია კონკრეტული დარგების მიხედვით ჩამოვაყალიბოთ, სად რა შესაძლებლობები გაჩნდება.
2. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტები ხარისხიანად შესრულდეს. დღეს ყველაზე დიდი დეფიციტია პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების. თუ კეთილსინდისიერად ვიმუშავებთ და პროფესიონალი ადამიანები იქნებიან ჩემს გვერდით, დიდ შედეგებს მივაღწევთ. ყველაზე დიდი ყურადღება მიექცევა ხარისხს. ზოგჯერ კეთდება რაღაც და მეორე-მესამე წელს იგივე ინფრასტრუქტურის მოწყობაში თავიდან გამოიყოფა ფული. ზოგჯერ არის თანხა განსაზღვრული და თავიდანვე ჩანს, რომ არასაკმარისია.
3. ზოგ შემთხვევაში ტენდერი მართლაც ამართლებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ჩემთვის როგორც მშენებელისა და არქიტექტორისთვის, ტენდერი მიუღებელია. ზოგჯერ ტენდერს ჯობია, თავად მუნიციპალიტეტმა განსაზღვროს გარკვეული სამუშაო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით და არ გადასცეს იმას, ვინც დაბალ ფასს შესთავაზებს.
4. ააიპ-ებში ბევრი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ მათ სამსახურიდან ხელაღებით ვერ გავუშვებთ. ვეცდებით, რომ პირველ ეტაპზე ხუთი კაცი მცირე საწარმოებში დასაქმდეს და ასე გადავანაწილოთ. მე საჩხუბრად არ ჩამოვედი. მოვედი იმ განწყობით, რომ უკეთესად გავაკეთო. როგორც არქიტექტორს, გული მიკვდება, როგორ არის მიტოვებული არქიტექტურული ძეგლები. გზაც კარგია, მოხუცის დახმარებაც, მაგრამ კულტურული ძეგლები არ უნდა დავივიწყოთ.
ნიკო თოფურიძე, ხარაგაულის მერობის კანიდადატი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში გაგრძელდება ის კურსი, რაც ქვეყანაშია მთლიანად მიგრაციის შესაჩერებლად. ერთი სიტყვით გეტყვით, – ეს არის ცივილიზიის მიტანა ყველა ოჯახთან. საბავშვო ბაღების მშენებლობა შეაჩერებს მიგრაციას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის – ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი დაპირება. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ყველაფერში ვგულისხმობ მათ ჩართულობას, სამსახურებში აყვანას და ა. შ. შარშან რომ გამგებლად ამირჩიეთ, გახსოვთ თქვენ, ხარაგაულელი ახალგაზრდები ზოგი თბილისიდან ჩამოვიყვანე. ასე გაგრძელდება ახლაც.
ვრცლად, როცა ამირჩევთ, მაშინ მოგახსენებთ. იმედი მაქვს, ამირჩევენ და გავიმარჯვებ. მერე მობრძანდით და ვრცლად გეტყვით, რას და როგორ ვგეგმავ.
2. ხარაგაულის მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდები ერთგულებას, თანადგომას, ნდობას. მე თავს ვიკავებ კონკრეტული დაპირებებისგან. შარშანაც გითხარით, რომ არ დაგპირდებით, მაგრამ ბევრი გაკეთდება; იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
3. მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში პროგრესს გვპირდებით. დღეს მე აქ დეტალებს ვერ გავშლი. ცვლილებები აუცილებლად იქნება. ცვლილების გარეშე პროგრესი არ ხდება. მაქსიმალურად ვეცდებით, რაციონალურად გამოვიყენოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ხარაგაულის მოსახლეობას ეკუთვნის.
4. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველა მიმართულება გადაიხედება. არჩევის შემდეგ მე შემიძლია უკვე კონკრეტულად ვისაუბრო ამ დეტალებზე. მესმის, რომ მოსახლეობას აინტერესებს, თან ძალიან აინტერესებს. ფაქიზად ვეკიდები ამ მდგომარეობას, ამ მიმართულებებს, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ კონკრეტული პასუხები გაგცეთ არჩევის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მექნება.
არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, დაპირებები და ამომრჩველის ბურუსში გახვევა. ამომრჩეველი თვითონ გრძნობს, რაზე უნდა გააკეთოს არჩევანი. ამიტომ არჩევნების დამთავრებისა და ჩემი არჩევის შემდეგ, – რაშიც დარწმუნებული ვარ, – უფრო დეტალურად გავივლით ამ თემებს. ყველაფერი მიმართული იქნება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და მაქსიმალურად ეფექტურად მოხმარდებათ საბიუჯეტო თანხები.
ახლა ბევრი საქმე მაქვს, ბევრი საფიქრალი და ლაპარაკისთვის დრო აღარ მრჩება. ძალიან საპასუხისმგებლოა ეს ადგილი, სადაც ვმუშაობ.
ნინო კაპანაძე
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი – II“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი