ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის 2017 წლის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 6 ათასი ლარით შემცირდა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს ორგანიზაცია 99, 8 ათასი ლარით ფინანსდება.
„ბიუჯეტის შემცირების გამო თანამშომელთა ხელფასები 20%-ით უნდა შეგვემცირებინა, მაგრამ ერთი თანამშრომელი პენსიაში გავიდა, ასევე შევამცირეთ შიგა სარემონტო სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა და ხელფასების 20%-იანი კლება არ დაგვჭირდა,“ – ამბობს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი.
შემცირებული ბიუჯეტის გამო, უკვე მეორე წელია, მოსწავლეთა სახლში რუსული ენის წრის დამატება ვერ ხერხდება. პრობლემად რჩება ორგანიზაციაში ბუნებრივი აირის შეყვანის საკითხიც, რადგან დიდი თანხაა საჭირო. მაია ბლუაშვილი იმედოვნებს, რომ იქნებ 2018 წელს მაინც შეძლონ შენობის ბუნებრივი აირით გათბობა. წელიწადში 1500 ლარის შეშას იძენენ. ზოგჯერ ესეც არასაკმარისია. ამ ზამთრისათვის სათბობი უკვე მოიმარაგეს. ბუნებრივი აირით გათბობა, ქსელის მოწყობის შემდგომ, მოსწავლეთა სახლის დირექტორის აზრით, გაცილებით იაფი დაუჯდებათ.
მიუხედავად შემცირებული ბიუჯეტისა, მოსწავლეთა სახლი ახალ სასწავლო წელს განახლებული ავეჯითა და ინვენტარით შეხვდა.
-მოსწავლეს, რომელიც ჩვენთან პირველად მოდის და არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ წრეზე უნდა იაროს, სწავლის პირველ დღეებში საშუალებას ვაძლევთ, ყველა წრის მეცადინეობას დაესწროს და მისთვის სასურველი წრე აირჩიოს, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – მოსწავლეთა სახლში თითოეულ წრეზე 10-10 მოსწავლე სწავლობს, თუმცა ზოგიერთ მათგანში ბევრად მეტია გაერთიანებული. ბოლო დროს მოსწავლეები უპირატესობას საგნობრივ წრეებს ანიჭებენ.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ყველა წრე უფასოა. გასულ სასწავლო წელს 300-ზე მეტი ახალგაზრდა ირიცხებოდა. თუ მოსწავლემ აქედან ყოველდღიურად რაიმე ახალი არ წაიღო, აღარ მოვა და ვერც დაავალდებულებ. აქ ასწავლიდნენ პედაგოგები, რომლებმაც მოსწავლეები ვერ შეინარჩუნეს და იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მუშაობა 1983 წელს დავიწყე. მაშინ „პიონერთა და მოსწავლეთა სახლი“ ერქვა და ნინიკო სახვაძე ხელმძღვანელობდა. იმის მიუხედავად, რომ წრეები ერთ პატარა ქოხში ფუნქციონირებდა, იქ ცხოვრება დუღდა. სამსახურში რომ მოვიდოდი, სახლში წასვლა აღარ მინდოდა. ასე იყვნენ მოსწავლეებიც. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებისთვის აქ მოსვლა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. ვცდილობთ ჩვენს მიერ მოწყობილ ღონისძიებებში ყოველწლიურად სიახლე შევიტანოთ და უფრო საინტერესო და სანახაობრივი გავხადოთ.“
ადრე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ხშირად მართავდა კონკურსებსა და ტურებს წრეების მიხედვით. ახლა ყველა კონკურსი კომერციულია და ერთი ბავშვის მონაწილეობა 50 ლარამდე ჯდება. ხარაგაულის მოსწავლეთა სახლს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მოსწავლე კონკურსებში ჩართოს.
გასულ სასწავლო წელს მოსწავლეთა სახლის საესტრადო წრის (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) მოსწავლეებმა ნინო რამიშვილმა და მარიამ მანჯავიძემ ქართული სიმღერის კონკურში – „ჩემი საქართველო აქ არის“ გრანპრი დაიმსახურეს. ნინო რამიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა ყოველწლიურ კონკურსზე „იმერეთის ხმა“.
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ხალხური სიმღერის წრის (პედაგოგი ვასილ კიკნაძე) მოსწავლეებმა გაიმარჯვეს კონკურსში, რომელშიც საქართველოს რეგიონებში მოქმედი მოსწავლეთა სახლების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში