ხარაგაულელი გიორგი გოგოლაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების პერიოდის განყოფილების თანამშრომელია. ის კოლეგებთან ერთად საქართველოში შუა საუკუნის ძეგლებს იკვლევს.
აგვისტოში გიორგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ დავით მინდორაშვილთან ერთად, არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩაერთო, ქობულეთიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ პეტრას ციხის მიდამოებში.
„არქეოლოგიური სამუშაოები პეტრას ციხის მიმდებარედ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მიმდინარეობდა, – გვიამბობს გიორგი გოგოლაძე, – წელს ეს პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფინანსა.
ჩვენი ჯგუფი იკვლევდა პეტრას ციხის ერთ უბანს. კვლევის პროცესში გამოირკვა, რომ ციხის კომპლექსის ეს უბანი თავდაცვითი დანიშნულების კოშკი უნდა ყოფილიყო.
კვლევის პროცესი ძალიან საინტერესო გახლდათ. გათხრების შედეგად აღმოვაჩინეთ განძი, რომელიც 94 ვერცხლის მონეტისაგან შედგება. ეს იყო სასანიდური ირანის მიერ წარმოებული მონეტები, რომლებიც მე-6 საუკუნით თარიღდება. საქართველოს ისტორიაში ეს პერიოდი ეგრისში დიდი ომიანობითაა ცნობილი. ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ ამ პერიოდში პეტრას ციხე სასანიდური ირანის საკუთრებაში იყო და მისთვის ბიზანტიაც იბრძოდა. აღმოჩენილი ნივთების განლაგებით ვასკვნით, რომ ამ ციხისთვის ბრძოლა მოულოდნელად დაწყებულა.
გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღების დიდი რაოდენობა, რითაც ძალიან მარტივია განსაზღვრო იმ პერიოდის მეომრის ჩაცმულობა და საბრძოლო აღჭურვილობა. აღმოჩენილია ხელცულები, შუბის პირები, სხვადასხვა ზომის სატევრები და უამრავი საბრძოლო დანიშნულების ნივთები.
ამ აღმოჩენამდე უცნობი იყო, ამ პერიოდში რომელ მხარეს ეკავა სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე. ასეთი რაოდენობის მონეტები საქართველოში ჯერ აღმოჩენილი არ არის. მონეტებზე რამდენიმე მეფეა გამოსახული, რაც ნუმიზმატებს სასანიდური ირანის მეფეების შესახებ მეტი ინფორმაციის დაადგენის შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნული არქეოლოგიური აღმოჩენები ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც კარიერული, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. მე ჯერ კიდევ დამწყები არქეოლოგი ვარ და ეს აღმოჩენა ჩემთვის დიდი გამოწვევაა.
გიორგი გოგოლაძე თავს იღბლიან არქეოლოგს ეძახის. გასულ წელს ის კახეთში დოლოჭობის ბაზილიკაზე მუშაობდა. ეს არის ყველაზე დიდი და ადრეული ბაზილიკური ტიპის ტაძარი საქართველოში და მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის ძალიან დიდია.
გიორგი გოგოლაძე ამჟამად ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებისთვის ემზადება, – სამუშაოები თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე, ბრინჯაოს პერიოდის სასახლეში, მიმდინარეობს. გიორგის თქმით, წლევანდელი სეზონი ამ სამუშაოებით დასრულდება. 2018 წელს კვლავ იგეგმება პეტრას ციხის სხვა უბნის არქეოლოგიური გათხრები.
გიორგი გოგოლაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არქეოლოგიურად გამოკვლეული არ არის: „ჩემი ხარაგაულელი არქეოლოგი მეგობრები პროექტის მომზადებას ვფიქრობთ ხარაგაულის არქეოლოგიური გამოკვლევის ხელშესაწყობად. დარწმუნებული ვარ, ხარაგაულშიც ბევრი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა შესაძლებელი.
პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია. იმედია, გამოინახება ფინანსები მის განსახორციელებლად.
გიორგი გოგოლაძემ 2010 წელს დაამთავრა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, შემდეგ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, არქეოლოგიის განხრით.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: პეტრას ციხის არქეოლოგიური აღმოჩენის პრეზენტაციაზე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში