ღვაწლმოსილ ჭიათურელს, რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერს, წლების მანძილზე ჭიათურის მაღაროს სხვადასხვა სამმართველოს მთავარ ენერგეტიკოსს, პროფესიული სასწავლებლის ყოფილ დირექტორს, შოთა ნიორაძეს 23 სექტემბერს 84 წელი შეუსრულდა. ბატონი შოთა, ასაკთან შედარებით. მხნედ გამოიყურება.
მასთან საუბარი, როგორც წარსულზე, ისე თანამედროვე და მომავალ ცხოვრებაზე, ძალიან საინტერესოა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შოთა ნიორაძეს შინ ვესტუმრეთ. პირველ რიგში, ავტობიოგრაფიის მოყოლა ვთხოვეთ.
„ძალიან მიყვარს ჭიათურა და საერთოდ იმერეთი, – გვიამბობს ბატონი შოთა ნიორაძე, – დედაჩემი ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისიდანაა, მამა – ზესტაფონის რაონის სოფელ ძირულიდან. მშობლების მხრიდან ბაბუები ვაჭრები იყვნენ – ვაჭართა პირველი გილდიის წევრები. სავაჭრო დუქნები ზესტაფონსა და სურამში ჰქონდათ. ჩემი დედ-მამა ისე დაქორწინდნენ, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ, – ეკლესიაში, ჯვრისწერისას ნახეს ერთმანეთი. მათმა მშობლებმა მოილაპარაკეს და საქმე გადაწყვიტეს.
1920 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ჩემი მშობლებისა და ბებია-ბაბუების ოჯახებს ძალიან გაუჭირდათ, გააკულაკეს, ყველაფერი წაართვეს. მამაჩემის უფროსი ძმა ხარაგაულში სერგო ორჯონიკიძესთან ერთად სწავლობდა. სერგოს მოუკითხავს ბავშვობის მეგობარი. ისიც შეხვდა და ყველაფერი უამბო.
ბაბუას სახლი დაუტოვეს, მაგრამ ყველა დუქანი ჩამოართვეს. სერგო ორჯონიკიძემ ბიძაჩემი წნორში რკინიგზის სადგურის უფროსად გაამწესა. მანამდე თბილისში უფროს მეისრედ მუშაობდა. ჩემი მშობლებიც წნორში გადავიდნენ საცხოვრებლად. დედას ტიფი დაემართა და ძირულაში დაბრუნდნენ. იქ საჭმელ-სასმელი უჭირდათ. ამიტომ სამუშაოდ ჭიათურაში წამოვიდნენ.
მამაჩემს ოთხი კლასის განათლება ჰქონდა მიღებული და მღვიმევის მაღაროში მწონავად დააყენეს. მამა მიყვებოდა, – 1 ლიტრა და 200 გრამი საუკეთესო ღვინო რომ ერთი აბაზი ღირდა, მე დღეში 75 კაპიკს მაძლევდნენო. ეს იმ დროისთვის საკმაოდ კარგი ფული იყო. 1929 წელს ობლიგაციაში მამამ 5 ათასი მანეთი მოიგო. მაშინ შეიძინა სახლი, რომელშიც დღემდე ვცხოვრობ. მე ოჯახის ერთადერთი შვილი ვარ, ამ სახლში დაბადებული.
1941 წელს ჭიათურის მეორე საშუალო სკოლაში შევედი. 1952 წელს დავამთავრე სკოლა. იმ წელიწადს გამოსაშვებ გამოცდებზე დამსწრეები ქუთაისიდან ჩამოიყვანეს. ქალაქის ოთხივე საშუალო სკოლაში თითო-თითო მედლის კანდიდატი ვიყავით. მედალი ვერც ერთმა ვერ ავიღეთ. სამაგიეროდ, ინსტიტუტში უმაღლესი ქულებით ჩავირიცხე. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგური ფაკულტეტი ელექტრომექანიკოსის სპეციალობით დავამთავრე. წინასწარ განვსაზღვრე, რომ ჭიათურაში დავბრუნდებოდი და აქ ვიმუშავებდი.
1956 წელს ჭიათურაში ითხვისის მაღაროთა სამმართველო გაიხსნა. მისმა გაშვებამ კადრების სიმცირე გამოწვია მარგანტრესში და თუ სადმე უმაღლეს დამთავრებული მექანიკოსი და ენერგეტიკოსი იყო, ყველა აქ გამოუშვეს. მე, როგორც გამონაკლისი, 1957 წელს ითხვისის მაღაროთა სამმართველოს მთავარ ენერგეტიკოსად დამნიშნეს.
შემდეგ მღვიმევის საამქროში გადამიყვანეს. მერე შახტმშენსა და მარგანტრესტში მთავარ ენერგეტიკოსად ვმუშაობდი. 1986 წლიდან პროფტექნიკუმის დირექტორად დავინიშნე. ეს სასწავლებელი გასული საუკუნის 30-იან წლებში მარგანტრესტის ბაზაზე შეიქმნა და მუშა-სპეციალისტებს ამზადებდა.
პროფტექნიკუმს 1994 წლამდე ვხელმძღვანელობდი. 1994 წლიდან მარგანტრესტის მმართველის მოადგილედ გადმომიყვანეს. 1998 წელს მმართველად გამოუცდელი პირი დანიშნეს. არ მოწონდა, როცა შეცდომებზე ვუთითებდი. ამიტომ მოადგილის შტატი გააუქმა და ახალი ტექნიკის განყოფილებაში გადამიყვანა. 2001 წელს მუშაობას თავი დავანებე.
მაღაროში უდიპლომო ელმავლის მემანქანეს ვერ მიიღებდნენ. ელექტროზეინკალს კატეგორია უნდა ჰქონოდა მინიჭებული. პროფესიულ სასწავლებელში კულინარიასაც ვასწავლიდით. პირველი კოპიუტერული ჯგუფი ჭიათურაში 1991 წელს მე გავაკეთე. მარგანტრესტმა 25 ათასი დოლარი მომცა.
ჩვენი პროფესიული სასწავლებელი ერთ-ერთი სამაგალითო იყო და ხშირად სხვა რაიონებიდან გამოცდილების გასაზიარებლად თანამშრომლებს აგზავნიდნენ. არაჩვეულებრივი სახელოსნო და კლუბი გვქონდა, საქართველოში ყველაზე საუკეთესო ესთეტიკის კაბინეტი.
ჭიათურაში ორი პროფესიული სასწავლებელი იყო – #129 და #20. მე #20 პროფტექნიკუმს ვხელმძღვანელობდი. ცხრაკლასდამთავრებულებს ვიღებდით და ძირითადად მოდიოდნენ მოსწავლეები, ვინც სკოლაში არ სწავლობდა. ერთი მოსწავლე გვყავდა, ფულის ცნობა არ იცოდა, თუმცა საუკეთესო შემდუღებელი გამოვიდა.
კულინარიის ჯგუფში გვყავდა ერთი გონებაშეზღუდული, – საუკეთესო კერძებს ამზადებდა. რვა წელი ვიყავი პროფტექნიკუმის დირექტორი და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ლენინგრადში ხშირად დავდიოდი. კურსებზე ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით ადამიანის ფსიქოლოგია და ეს ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.
-რა კუთხით გამოგადგათ?
-მაგალითად, თუ გინდა, რომ ადამიანთან ურთიერთობა დაამყარო, არ უნდა უთხრა ისეთი რამ, რაც მან არ იცის. ასე თქმა სჯობს, – „თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ასეა.“ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფსიქოლოგია აღსაზრდელებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა.
-ბატონო შოთა, გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების საამაყო მომენტები.
-უამრავია ასეთი. იღბლიანი ინჟინერი ვიყავი. ყველა საქმიდან გამარჯვებული გამოვდიოდი. კალინინის სახელობის მაღაროში ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა და ერთ-ერთი კომპრესორი გაფუჭდა. ეს მაღარო ერთ დღე-ღამეში უმაღლესი ხარისხის 1200 ტონა სასაქონლო პროდუქციას უშვებდა. სასწრაფოდ დაიწყეს კომპრესორის გაკეთება. ორი დღე და ღამე მუშაობდნენ. მათ საქმიანობას ვაკვირდებოდი.
მშენებლობა მე არ მეკუთვნოდა, მაგრამ კომპრესორის გაშვების წინა საღამოს თათბირზე ვთქვი, რომ მოწყობილობა არასწორად მონტაჟდებოდა და არ იმუშავებდა. 24 წლის ვიყავი და ეჭვით შემომხედეს. კაპიტალური მშენებლობის უფროსმა გიორგი (ჟორა) შანიძემ თქვა, ამოვალ და ვნახავ, რა მოხდებაო. ჩემს მოადგილეს მითითება მივეცი, თუ კომპრესორი ვერ ამუშავდებოდა, როგორ მოქცეულიყო. მანაც ეჭვით შემომხედა. როგორც კი ჩართეს, მაშინვე აფეთქდა.
შანიძემ უხმოდ შემომხედა. მაშინვე შემომთავაზეს, თუ შეგიძლია, შენ შეაკეთეო. ცენტრალური საწყობიდან წამოღებული მასალით ერთ დღეში ავაწყვეთ ყველაფერი. მალე ტრესტში დამიბარეს და საექსპლოატაციო მშენებლობის სამმართველოს მთავარ ენერგეტიკოსად გადმომიყანეს. ეს მეტად პრესტიჟული თანამდებობა იყო. იქედან დაიწყო ჩემი წინსვლა.
ხშირად ვიყავი ქალაქის დეპუტატი. სოფლებს რომ უჭირდათ და დენი არ ჰქონდათ, მე მაგზავნიდნენ. მაშინ სხავანაირი დრო იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა…
-ბატონო შოთა, როგორ შეიცვალა ჭიათურა, რას გულისხმობთ ცვლილებაში?
-ჭიათურა იყო საქართველოს ინტელიგენციის სამჭედლო. ქვეყანაში რომ სახალხო მეურნეობის საბჭოები ჩამოყალიბდა, ჭიათურის ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებით დააკომპლექტეს. ახლა რა შეიცვალა? აქედან ვუყურებ და გული მწყდება ძალიან – ჭიათურის სავიზიტო ბარათი – საშევარდნოს კლდე სულ გადათხრილია. წვიმის დროს ლაფი ჩამოდის. ქალაქში მარგანეცით დატვირთული, ვითომ გადახურული მანქანები დადის და გზები სულ გააფუჭეს. ქალაქში საშინელი მტვერია. ბევრი რამ კეთდება, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა.
-გაიხსენეთ თქვენი მეგობრები, ვისთან ერთადაც „ჭიათურმარგანეცში“ მუშაობდით.
-მარგანტრესტის ყველა თანამშრომელი ჩემი მეგობარი იყო და მე მათი მეგობარი ვიყავი. ჩვენ ერთ გუნდად ვმუშაობდით და აქ ღალატი არ შეიძლებოდა. სამთოელები, როგორც ალპინისტები, ისე არიან. ხუთშაბათი უსაფრთხოების დღე იყო. მთავარი სპეციალისტები მაღაროებს ვამოწმებდით – რა იყო ჩვენს დარგში კარგი და რა – ცუდი. ყველაფერს მეგობრულად ვასწორებდით.
-ბატონო შოთა, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
-მამა სულ მეუბნებოდა, 25 წელს არ გადააცილო დაქორწინებაო. ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში ჩემზე ერთი წლით უკან სწავლობდა. გულღია, თბილი და კომუნიკაბელური იყო.
უფროსი ქალიშვილი 30 წლის წინ ავტოავარიაში დამეღუპა. მაშინ გავნადგურდით მე და ჩემი მეუღლე. ჩემი შვილი რვა თვის ორსული იყო. ბავშვი გადაარჩინეს. ჩემმა მეუღლემ გაზარდა. 2012 წელს ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. შვილიშვილი 30 წლისაა. თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, დაოჯახებულია და პატარა ქალიშვილი ჰყავს.
უფროსი ვაჟი და უმცროსი ქალიშვილი თბილისში ცხოვრობენ. ჩემი შვილიშვილი – შოთა ნიორაძე უმცროსი – 24 წლისაა.
-რას ურჩევთ თქვენი შვილიშვილების თაობას?
-ახალგაზრდებს შენი აზრები თავს არ უნდა მოახვიო. ისე უნდა უთხრა სათქმელი, რომ დაგიჯეროს და გაიზიაროს. ასე თქმა სჯობს – „მე რომ ვიყო შენს ადგილზე ასე კი არა, ისე მოვიქცეოდი…“ დიდი პროგრესი და მიღწევები, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება, ახალგაზრდებმა განახორციელეს. ახალგაზრდა ბუნებით ოპტიმისტია. ასე რომ არ იყოს, ცხოვრება წინ ვერ წავიდოდა.
ერთი მასწავლებელი მყავდა, ვალიკო კურტანიძე, ფიზიკას მასწავლიდა, კარგი მცოდნე იყო. ის ამბობდა ხოლმე, – სამყარო უსასრულოა დროსა და სივრცეში. იმდენი რამ ხდება ამ უსასრულო სამყაროში, რომ ჩვენი გონება ვერ მიწვდება. აინშტაინი ამტკიცებდა, რომ დრო ფიზიკური ერთეულია. მე შემიძლია წარსულშიც ვიყო და მომავალშიც. თქვენ არ მოგზაურობთ დროში? როცა ვოცნებობთ, ეს ხომ მომავალში მოგზაურობაა. ოცნებაში მოდის პროგრესი და სიახლე. მერე იმ სიახლის განსახორციელებლად ვიბრძვით.
ადამიანი ბედნიერია მაშინ, როცა მიზანს მიაღწევს. ბევრი მიზანი უნდა გქონდეს და ბედნიერებაც ბევრჯერ გეწვევა. ხშირად ვყოფილვარ ბედნიერი. ჩემი ახლანდელი მიზანია, რომ შვილიშვილები მყავდნენ კარგად, ისეთი რამ დავუტოვო, რომ სანამ ისინი იცოცხლებენ, მათ მეხსიერებაში მეც ვიცოცხლო. ამას, მე მგონი, უკვე მივაღწიე.
შვილები შრომას უნდა მიაჩვიო. უფროსი შვილიშვილი უმაღლესში ჩასაბარებლად რომ წავიდა, უკვე კარგი ელექტროზეინკალი იყო. მე რასაც ვაკეთებდი, ჩემმა შვილმა და შვილიშვილებმა ყველაფერი იცოდნენ.
ოჯახის სიწმინდე და შვილები იყო ჩემთვის უმთავრესი. რთულია ცხოვრება. იღბალიც უნდა გქონდეს, რომელიც ხანდახან გიმტყუნებს, მაგრამ არ უნდა გაბოროტდე. ცხოვრებაში მთავარია, ადამიანმა სიკეთე აკეთო. ძალიან მომწონს ეს გამონათქვამი – „მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება.“ ყველა ადამიანში არის ორი მე – კეთილი და უკეთური. უკეთურს უნდა სძლიო.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში