აზიური ფაროსანა არის პრობლემა, რომელიც ყველას ეხება!

აზიური ფაროსანა (halyomorpha  halys – აზიური ბაღლინჯო) საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა. 2016 წელს მავნებელმა დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ფაროსანა აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს. განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლს, ვაშლატამას, მსხალს, ჟოლოს, პამიდორს, წიწაკას, მზესუმზირას, სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა 70% – იც კი შეიძლება შეადგინოს.

მცენარით კვებას მავნებელი გაზაფხულზე აპრილის ბოლოს, მაისიდან იწყებს და შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტის და ნაყოფის წვენით. ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებურ ლპობად ლაქებს.

მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში, ფარდულებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებისა და ტყეების ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. მწერი იძინებს აპრილამდე.

ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია. განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურით, ფეხებზე, მუცელზე, გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად გაანადგურეთ იგი. გახსოვდეთ, ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას.

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში?

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მავნებლის დაბალი გავრცელებაა. მიუხედავად ამისა, საჭირო და აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ  უყურადღებოდ არ დატოვოს საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთები და გამოიყენოს მარტივი მექანიკური მეთოდები მავნებლის გასანადგურებლად.

ამ პერიოდიდან აზიური ფაროსანა იწყებს მოზამთრეობისთვის მზადებას. იზამთრებს ზრდასრული ფორმით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იზამთრებს ძირითადად შენობა-ნაგებობებში. თუკი შენიშნავთ თქვენს სახლში, ბაღში, ყანაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე, იმოქმედეთ შემდეგნაირად:

მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი-ყუთი, რომელშიც თავსდება მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა, (შეიძლება ძველი გამოუსადეგარი ტანსაცმელიც). ყუთებს უკეთდება ნახვრეტები მწერის შესაძრომად. ეს თავშესაფარი უნდა მოთავსდეს მშრალ ადგილას, რომ არ დასველდეს.

აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად. ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად.

სახლებში შესული ფაროსანა შეგიძლიათ დაიჭიროთ მტვერსასრუტით ან აიღეთ ნებისმიერი რამდენიმე ლიტრის მოცულობის ღრმა ჭურჭელი, ჩაასხით წყალი ნახევრამდე, დაუმატეთ თხევადი სარეცხი საშუალება. ჭურჭელს მიანათეთ მაგიდის ნათურა. დაელოდეთ 12 საათი. სახლში არსებული მწერები ჩაცვივდებიან ნათურის ახლოს წყალში.

გარდა მექანიკური მეთოდისა, მავნებლის მასიური გავრცელების ადგილებში გამოიყენება ქიმიური წამლობა.

როგორ უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა და რა სახის პრეპარატებია რეკომენდებული?

ქიმიური პრეპარატების შესხურება უნდა ჩატარდეს მათი გამოყენების წესებისა და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვით. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა.

პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე. ფაროსანას წინააღმდეგ ასევე გამოიყენება შემდეგი დასახელების ინსექტიციდები: პირინექს სუპერი (ბიფენტრინი+ქლორპირიფოსი) – 0,8-1,5ლ/ჰა; ანტიხრუში (ბიფენტრინი+იმიდაკლოპრიდი) – 1კგ/ჰა; ნურელ დ (ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) – 0,4-1 ლ/ჰა; ეფდალ-ფოსეტრინი (ქლორპირიფოსი+ციპერმეტრინი) – 0,4 ლ/ჰა; არივო (ციპერმეტრინი) – 0,2 ლ/ჰა; აქტარა (თიამეტოქსამი) – 0,12-0,14 კგ/ჰა; კონფიდორ მაქსი (იმიდაკლოპრიდი) – 0,1 კგ/ჰა.

მნიშვნელოვანია, რომ ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან დაიწყოს ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში. უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა, რომელიც ეფექტურია ნიმფის (მატლის) ფაზაში.

პირველი წამლობა ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ – კოლხეთის დაბლობზე – ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში – მოგვიანებით. ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე.

მეორე წამლობა ზემოჩამოთვლილ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში.

მესამე წამლობა ტარდება თხილის მოსავლის აღების შემდეგ.

მეოთხე წამლობა ტარდება სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე. ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში მეხუთე წამლობა ტარდება სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.

პესტიციდების გამოყენებისას დაიცავით უსაფრთხოების წესები!

იქონიეთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სპეცტანსაცმელი, სპეცფეხცაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი;

შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება;

პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი. მოარიდეთ ფუტკარი წამლობას, – წამლობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სკებიდან არ გამოუშვათ. შესხურება  ჩაატარეთ დილის და საღამოს საათებში.

შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში.

წამლობა ტარდება დილას ან საღამოს, უქარო ამინდში.

არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს.

არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა!

ნინო სახვაძე
ტელ.: 591 11 34 72