სამი კვირაა, რაც ესტონეთის ქალაქ კადრინაში ხარაგაულელი მეთერთმეტე კლასელები დეა ბერაძე და თინათინ ჩხეიძე სწავლას შეუდგნენ. დეა ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეა, თინათინი – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის. კადრინაში ისინი ერთი სასწავლო წლის მანძილზე ისწავლიან. გაცვლითი სასწავლო პროგრამა კადრინასა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოქმედებს.
დეასა და თინათინს ესტონეთში პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
დეა ბერაძე: -ყოველთვის საინტერესოდ ვცხოვრობდი და მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ ერთ მშვენიერ დღეს მარტოს მომიწევდა ყველა გამოწვევასა და პრობლემასთან გამკლავება. ფიქრები ამიხდა და სრულიად მოულოდნელად გაცვლითი პროგრამით ესტონეთის ქალაქ კადრინაში ამოვყავი თავი.
ესტონეთის მიწაზე რომ პირველად დავდგი ფეხი, მივხვდი, ამინდთან შეგუება ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იქნებოდა. სიცივისგან შექმნილი დისკომფორტი მალევე დამავიწყა ესტონელების თბილმა დახვედრამ.
ესტონეთის ულამაზესი ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას, ოღონდ მთების გარეშე. მეგონა, რომ გამიჭირდებოდა საქართველოს დატოვება და საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრება. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, რომ პირველ დღეებში არც არავინ გამხსენებია. კადრინაში ყველა ცდილობს, თავი ისე გაგრძნობინოს, როგორც საკუთარ სახლში, ყველა გიღიმის და მეგობრულად გექცევა.
ესტონეთში ქართული სკოლებისგან რადიკალურად განსხვავებული სკოლებია. თანამედროვე ტექნოლოგიები დიდ როლს თამაშობს სასკოლო ცხოვრებაში. მასწავლებლები ძალიან თბილები და მეგობრულები არიან. სულ ცდილობენ, რომ გაკვეთილებზე არ მოვიწყინოთ და გამუდმებით გვეკითხებიან, დახმარება ხომ არ გვჭირდება. იმაზე კარგი შეგრძნება არ არსებობს, ესტონურ გაკვეთილზე რომ შედიხარ და მასწავლებელი ქართულად გესალმება.
თიკომ მიამბო, როგორ მოიწყინა ერთ-ერთ გაკვეთილზე ვიდეორგოლის ნახვისას, რომელშიც ესტონურად საუბრობდნენ და არაფერი ესმოდა. ამ დროს გაისმა „სულიკოს“ მელოდია. ჩვენი ძილმორეული თიკო თანაკლასელებისთვის უცნობმა მელოდიამ სასიამოვნოდ გამოაფხიზლა. დამოუკიდებლად ვცხოვრობთ ველოსიპედებით, ყვავებითა და ქოლგებით სავსე პატარა ქალაქში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ვხედავ საქართველოს, ოღონდ მთების გარეშე.
მადლობას ვუხდით ქალაქ კადრინას მერს იანუს რეისნერს და ხარაგაულელ, ამჟამად ესტონეთში მცხოვრებ გოჩა მაჭავარიანს ასეთი შანსის მოცემისათვის. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების დამსახურებით ესტონეთში სწავლას კიდევ ბევრი ხარაგაულელი გააგრძელებს.
თინათინ ჩხეიძე: -ესტონეთი ძალიან მოწესრიგებული და ლამაზი ქვეყანაა; ხალხი კი, -ამინდისგან განსხვავებით, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. როცა გავიგე, რომ შანსი მქონდა, გავცნობოდი ახალ კულტურას, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და შემეძინა ახალი მეგობრები, დაუყოვნებლივ ჩავერთე ამ პროექტში. გამიმართლა და თავი ესტონეთში ამოვყავი.
კადრინაში დიდი შემართებით დავიწყეთ სწავლა. სწავლის აქაური მეთოდები სრულიად განსხვავებულია ქართულისაგან. თუმცა, ხარაგაულში მიღებული განათლება ძალიან მადგება და ამისთვის დიდი მადლობა ადამიანებს, რომლებმაც ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და განათლებაში დიდი როლი ითამაშეს.
ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ გამეხარდებოდა მაღაზიის დახლზე „ნატახტარის“ ქართულწარწერიანი ლიმონათის დანახვა.
ვიმედოვნებ, რომ კადრინაში საინტერესო გამოცდილებას მივიღებთ, პირნათლად დავძლევ ჩემს ვალდებულებებს და ამით სხვა ხარაგაულელებსაც გავუძლიერებ ესტონეთში სწავლის სურვილს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი