ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში მცხოვრები თამარ თაბუკაშვილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შედეგებით უკმაყოფილოა. თამარი ამბობს, რომ მისთვის კომისიის წევრთა შერჩევის კრიტერიუმები ბუნდოვანია.
„ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საბუთები რომ შევიტანე, არასასურველი სტუმარივით შემხვდნენ, – გვიამბობს თამარი, – კეთილსინდისიერი, ობიექტური და სამართლიანი ვარ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ყველა არჩევნებზე ვარ პარტიიდან, მაგრამ მე საოლქო კომისიისგან დანიშვნა მსურდა. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი. მაშინ ჩემი ხმები გააყალბეს. დღემდე, ყოველ არჩევნებზე, ხიდრის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში იგივე პიროვნებები არიან. ამიტომ მას შემდეგ მსურს, რომ კომისიის წევრი ვიყო და ყველას ხმა დავიცვა.“
თამარ თაბუკაშვილი 2012 წლის არჩევნებს იხსენებს. ის მაშინ კომისიის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან იყო. „კომისიის წევრებმა მდივნად ამირჩიეს, – იხსენებს თამარი, – საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, მაყვალა სულაქველიძემ, ჩემს მიერ შევსებული ოქმი, როგორც საუკეთესო, სამაგალითოდ გამოაცხადა. გამაგებინონ ერთხელ და სამუდამოდ, საოლქო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს რა კრიტერუმებით არჩევს. მე რომ მოსწავლის განმავითარებელ შეაფასებას ვწერ, ვუთითებ, რა უნდა გააუმჯობესოს. მითხრას საოლქო კომისიამ, რა უნარები უნდა გავიუმჯობესო, რომ საუბნო კომისიის წევრად ამირჩიონ.“
თამარ თაბუკაშვილი ფიქრობს, რომ საუბნო კომისიების შემადგენლობას პარტია „ქართული ოცნების“ შტაბი წყვეტს და არა საოლქო კომისია.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ჩატარებული კონკურსის მიმართ პრეტენზიები აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძეს. დეპუტატი აპროტესტებს, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეორე ნომრის, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გივი თხელიძის მეუღლე და ქალიშვილი დაბა ხარაგაულის საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები არიან.
„ბატონი გივის დიდი ძალისხმევით, დაბა ხარაგაულის #1 საარჩევნო უბანზე მისი შვილია კომისიის თავმჯდომარე, #2 საარჩევნო უბანზე – მისი მეუღლე,“ – ამბობს ქეთევან ზუმბაძე და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძისგან პასუხს ითხოვს, თუ რატომაა ყოველ წელიწადს ყველა უბანზე უცვლელად თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი ერთი და იგივე პიროვნება?
ქეთევან ზუმბაძე უკანონოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაბა ხარაგაულის #2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამავდროულად #2 საბავშვო ბაღის გამგეა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. დეპუტატის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის გამგე შვებულებაში არ იმყოფება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი განმარტავს, რომ საბავშვო ბაღის გამგე საჯარო მოხელე არ არის და მას შეუძლია საბავშვო ბაღსაც უხელმძღვანელოს და საუბნო საარჩევნო კომისიასაც.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე განმარტავს, რომ საუბნო კომისიის წევრების შერჩევისას უპირატესობა იმ კონკურსანტებს მიანიჭეს, რომელთაც კომისიის წევრებად მუშაობის გამოცდილება აქვთ. მისივე თქმით, საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის მქონე და ადმინისტრატორის კურსებგავლილი პიროვნებებიც გაითვალისწინეს. „გამოცდილებაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ იმას, თუ რამდენი წელი მუშაობდა საარჩევნო კომისიის წევრად, – ამბობს გია ცისკაძე, – მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, როგორი ურთიერთობები ჰქონდა კომისიის წევრებთან.“
რაც შეეხება დ. ხარაგაულის #1 და #2 საარჩევნო უბნების თავმჯდომარეების არჩევის საკითხს, გია ცისკაძე ამბობს, რომ „ეს პროცესი კანონმდებლობის დაცვით წარიმართა და კომისიის ყველა წევრმა მათ არჩევას მხარი დაუჭირა. ოქმებში არ არის დაფიქსირებული განსხვავებული აზრი, – ამბობს გია ცისკაძე, – ორივე უბანზე თავმჯდომარის არჩევას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრებმაც მხარი დაუჭირეს. კომისიის წევრები დეპუტატის ცოლობისა და შვილობის გამო არ აგვირჩევია. რა ვქნათ ახლა, ხარაგაულში ყველა ყველას ნათესავია და არჩევნების ჩასატარებლად უცხო პლანეტიდან ვერავის ჩამოვიყვანთ.“
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიიდან“ – თამარ მაღლაფერიძემ და ქეთევან გიორგაძემ – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს. კონკურსანტების შერჩევაში მონაწილეობდა და ამ კუთხით საოლქო კომისიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თემურ ფცქიალაძე.
„მთელ საქართველოში ასეა – „ქართული ოცნების“ შტაბიდან მოდის გამზადებული სია, ვინ უნდა გახდეს კომისიის წევრი, – ამბობს თემურ ფცქიალაძე, – ეს სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა და ახლა შედეგს ვიმკით. თუ კომისიის წევრებს გამოცდილებისა და საარჩევნო მოხელის სერტიფიკატით ირჩევენ, მაშინ რატომ არ მიანიჭეს უპირატესობა ვახანელ კონკურსანტ თამარ გოგოლაძეს, რომელიც საარჩევნო სერტიფიკატს ფლობს? წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი წინასაარჩევნო დიქტატი გრძელდება. საარჩევნო კომისიის წევრებად და კომისიის ხელმძღვანელებად პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებს ირჩევენ. ისინი ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენას ახდენენ.“
ხარაგაულის 37 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში 266 კონკურსანტი მონაწილეობდა. საოლქო კომისიას 6-6 წევრი უნდა შეერჩია. ასარჩევი 222 კონკურსანტიდან საოლქო კომისიამ 2016 წლის არჩევნებისთვის შერჩეული შემადგენლობიდან 113 კვლავ დატოვა. 10 პიროვნება გასულ წელს საარჩევნო კომისიებში კონსერვატიული პარტიიდან იყვნენ წარდგენილნი, წელს ისინი კონკურსის წესით საოლქო კომისიამ აირჩია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ რეალურად დამოუკიდებელი, კომპეტენტური კადრები და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ან მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები.
„პროფესიული კადრების კვოტის პოლიტიკურად არანეიტრალური პირებით შევსება საფრთხეს უქმნის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობას, – ნათქვამია განცხადებაში, – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ცესკოს, რომ გააგრძელოს მუშაობა საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი წესების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, რათა საარჩევნო კომისიების მსურველ პირთა შორის უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა.“
საქართველოს პარლამენტის მიმართ კი საიას რეკომენდაცია ასეთია: დაიწყოს დისკუსია და განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირეული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) პროფესიული ნიშნით აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდებიან.
ნინო კაპანაძე
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი – II“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში