სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს, 27-დან 29 სექტემბერის ჩათვლით წინასაარჩევნოდ გამოკითხვას ჩაატარებს.

გამოკითხვა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება. მისი შედეგების პრეზენტაცია კი მოგვიანებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ გაეცნობიან ამომრჩეველი მოსახლეობის უმრავლესობის საჭიროებებს და შესთავაზებენ მათი გადაჭრის გზებს.

გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება, თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი  შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

რატომ ვსაუბრობთ ქალი ამომრჩევლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე?
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა. არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ მათი პრიორიტეტები და საჭიროებები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.