დაბა ხარაგაულის მოსახლეობა 2017 წლის ივლისიდან მოხმარებული წყლის საფასურს მრიცხველის ჩვენებების მიხედვით იხდის. რამდენიმე მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომ წყალში იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირში. ერთი ტონა მოხმარებული წლის საფასური 42 თეთრია.
მოსახლეობის სატკივარს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრში 19 სექტემბერს კომპანიის რეგიონული ფილიალის მენეჯერი პაატა დარახველიძე გაეცნო.
„მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან ზოგიერთ ოჯახს მრიცხველის ჩვენების მიხედვით სოლიდური თანხის გადახდა უწევს, – ამბობს პაატა დარახველიძე, – გავითვალისწინეთ მათი სოციალური მდგომარეობა და აბონენტებს, რომლებსაც თანხის ერთბაშად გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ, 2018 წლის პირველი იანვრიდან, კომპანიასთან შეთანხმებით, დღემდე გადასახდელი თანხა 3-დან 24 თვემდე ვადით გადაუნაწილდებათ.
პარალელურად, მათ მომდევნო თვეებში მოხმარებული წყლის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ყველა აბონენტს მოვუწოდებთ, რომ მოაწესრიგონ შიდა ქსელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძველებული და ამორტიზებულია. კომპანია, სამწუხაროდ, თანხის ქვითარში ასახვის შემდეგ ვეღარაფერს შეცვლის.“
პაატა დარახველიძე ამბობს, რომ დაბა ხარაგაულში მრიცხველების გადალუქვა 2017 წლის 3 ივლისიდან ეტაპობრივად განხორციელდა. ამჟამად 900-მდე აბონენტია გამრიცხველიანებული.
„შევასრულეთ პირობა, რომ ხარაგაულს 24-საათიანი წყალმომარგება ექნებოდა, – ამბობს პაატა დარახველიძე, – გამრიცხველიანების შემდეგ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება დღის განმავლობაში მხოლოდ ქსელში დაზიანების გამო შევწყვიტეთ.
რაც შეეხება მრავალბინიან კორპუსებში მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად ვსწავლობთ პრობლემას. კორპუსებში მოსახლეობას წყლის ინდივიდუალური მრიცხველი აუცილებლად უნდა დავუმონტაჟოთ.
უსამართლობაა, ერთი ქუჩის მცხოვრებნი იხდიდნენ წყლის გადასახადს მრიცხველით, – მეორე ქუჩის – სულადობის მიხედვით. ვსწავლობთ, როგორ დავაყენოთ მრიცხველები ისე, რომ არ დაზიანდეს არც მოსახლეობის და არც კომპანიის ინტერესები. კონკრეტული ვადები და პრობლემის მოგვარების მეთოდები, ახლა არ შემიძლია რომ გითხრათ. შესწავლის პროცესში ვართ.“
დაბა ხარაგაულში წყალი წვიმიან ამინდში იმღვრევა და გამოსაყენებლად უვარგისია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია, ჯერჯერობით, ასეთ ხერხს იყენებს – წვიმიან ამინდში წყალს კეტავს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღემდე სასმელი წყლისგან მოსახლეობის მოწამვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამბობს პაატა დარახველიძე, – ექვს თვეში ხარაგაულში წყლის ამღვრევის გამო გადაკეტვის რვა შემთხვევაა დაფიქსირებული. კარსტული წყალი ძალიან ფაქიზად რეაგირებს კლიმატურ პირობებზე.
რაც შეეხება ამ პრობლემის მოგვარებას, ორი მიმართულებით ვმუშაობთ, – ერთის მხრივ განიხილება თანამედროვე ფილტრების დაყენების საკითხი და მეორე – ალტერნატიული წყლის მოძიების, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული ლეღვნის წყალსადენზე. არსებობს ალტერნატივა და, შესაძლოა, ხარაგაულში კამკამა წყალი მივიღოთ. წლის ბოლომდე ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.“
მოსახლეობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას მრიცხველის ხარისხთან დაკავშირებით პაატა დარახველიძე ასე პასუხობს:
-წყლის მრიცხველი სპეციალურ ყუთშია ჩაყენებული და გათვალისწინებულია ხარაგაულის კლიმატური პირობები. წესით და რიგით, თუ ძლიერი ყინვა არ იქნა, მრიცხველი მწყობრიდან არ უნდა გამოვიდეს. თუ ზამთარში მრიცხველი დაზიანდა, მომხმარებელი წერს განცხადებას კომპანიის სახელზე და უმოკლეს ვადაში უსასყიდლოდ ახალ მრიცხველს დავუმონტაჟებთ.
თუ მოქალაქეს ეჭვი ეპარება მრიცხველის ვარგისიანობაში, მისი შემოწმების უფლება აქვს. კომპანიის თანამშრომელი მოუხსნის მრიცხველს და დაულუქავს. მოქალაქეს შეუძლია მრიცხველი ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე საქსტანდარტის ლაბორატორიაში შეამოწმებინოს.
თუ მრიცხველი უხარისხოა, მაშინ აბონენტისთვის დარიცხული თანხა მყისიერად დაკორექტირდება, მრიცხველის შემოწმებაში გადახდილი თანხა – 14 ლარი ბარათზე ერიცხება და ახალი მრიცხველი დაუმონტაჟდება. თუ აბონენტი მართალია, რა უფლება გვაქვს, თანხა გადავახდევინოთ.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში