ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ წარდგენილი კანდიდატი ნიკო თოფურიძე მოსახლეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში უბნების მიხედვით ხვდება.
„წინა არჩევნების დროს არაფერს დაგპირდით, – მიმართა დაბა ხარაგაულში კოპიტნარის უბნის მოსახლეობას ნიკო თოფურიძემ, – მესმის თითოეული თქვენგანის და შეგრძნებული მაქვს ის მატერიალური პრობლემები, რომელთა წინაშეც დგახართ. ოქროს კოშკებს რომ არავინ აგიშენებთ, იცით, მაგრამ რეალურად შევხედოთ იმას, რისი გაკეთებაც შევძელი.“
მუნიციპალიტეტის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა მოსახლეობას უთხრა, რომ შარშან გამგებლად არჩევისთანავე „გამგეობის სამსახურები თბილისიდან ჩამოყვანილი ხალხით გააძლიერა და უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები მოიძია.“ ნიკო თოფურიძე საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სოფელში გზის კეთილმოწყობა და ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაფინანსდა.
„კერძო სექტორში რომ ვიყავი, მეც მქონდა ასეთი შეკითხვა, გზები კარგია ბატონო, მაგრამ დანარჩენს რა ვუყოთ? – მიმართა ნიკო თოფურიძემ მოქალაქეებს, – ვგულისხმობ სამუშაო ადგილებს, ახალგაზრდების დასაქმებას. ბევრ თქვენგანს აქვს უსამართლობის განცდა, რომ თანამდებობის პირები სამსახურებში ნათესავებს, ბიძაშვილებს ნიშნავდნენ. ბუნებრივია, ეს საქართველოა და ამას არავინ უარყოფს. ახლა სახელმწიფოში სხვანაირი მოწყობა იწყება და სამსახურებში პიროვნებები მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაინიშნებიან. 2018 წლის პირველი იანვრიდან ნახავთ, როგორ დალაგდება ყველაფერი.“
ნიკო თოფურიძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსახლეობას ყველაზე დიდი პროტესტი „სოციალურ კანტორაზე“ აქვს. მისი ინფორმაციით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ოჯახებისთვის ფულადი სოციალურ შემწეობის დანიშვნისთვის გამგებლის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობა აუცილებელი იქნება.
ნიკო თოფურიძის თქმით, სიკეთისგან და კარგი ცხოვრებისგან შორს ვართ, მაგრამ როგორც იქნა, სახელმწიფომ ხალხისკენ მოიხედა.
„მე რომ ამაში დარწმუნებული არ ვიყო, ხარაგაულში არ ჩამოვიდოდი, – უთხრა მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს, – არც მშიოდა, არც მწყუროდა. იცოდეთ, უძილო ღამეების გარდა, არაფერი მიმიღია. ნაკლები ხელფასი მაქვს ახლა, ვიდრე მქონდა. პირდაპირ გეუბნებით, შემეძლო, სადაც მოვითხოვდი, იქ წავსულიყავი. ტყუილს არ ვიკადრებ თქვენთან. მყავს შვილები, შვილიშვილი. აქ მინდა ვიცხოვრო, სიბერე გავატარო. არ მინდა ვინმემ თქვას, ეს კაცი რომ იყო ხუთი წელი გამგებელი, გვატყუა, გვატყუა, არაფერი გააკეთა და წავიდაო. ამას მე ვერ დავუშვებ.“
ნიკო თოფურიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომავალ სამ წელიწადში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. მან ყურადღება ჩუმათელეთი-ძირულას გზის მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „ხარაგაულში უპრეცედენტო რაოდენობის თანხები გაუჩნდება ხალხს, ვინც რაღაცას შექმნის.“
მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახელმწიფოსგან შემოთავაზებულ პროექტებში ჩაერთონ, – კოოპერატივები შექმნან და გრანტები მოიპოვონ საკუთარი მეურნეობის გასაძლიერებლად.
„საბანკო სესხებზე არ ვილაპარაკებ, – აღნიშნა ნიკო თოფურიძემ, – ჩვენ თვითონ გავიუბედურეთ თავი. მეც არანაკლები თანხები მაქვს თავის დროზე ბანკისგან ნასესხები. პრაქტიკულად, საბანკო სესხები ჩვენს მიმართ განხორციელებული დივერსიაა, რაც ძალიან მძიმე შედეგებით სრულდება. ბევრი ჩვენგანი ონლაინ სესხებზეა დამოკიდებული, ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით.“
ნიკო თოფურიძემ მოსახლეობას მიმართა, რომ ბიძაშვილობა და ნათესაობა გვერდზე გადადონ, რადგან თუ მათი ნათესავი კენჭს სხვა პარტიიდან იყრის, მაინც ვერ გაიმარჯვებს. „თუ 50%-ს პლუს ერთი ხმა ვერ მივიღე, მეორე ტური გაიმართება და სახელმწიფომ ამაზე კიდევ ფული უნდა დახარჯოს,“ – აღნიშნა გამგებლობის კანდიდატმა.
კონკრეტული პასუხი, თუ როგორ დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება, ვერ მიიღო შეხვედრაზე მყოფმა სოციალურად დაუცველმა ნატო გორგაძემ. ფულადი სოციალური შემწეობა – 170 ლარი მას წამლებში არ ჰყოფნის და ორი შვილის გამოკვება უჭირს.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში