ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში ა/ო „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა.

„საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის“ ქართულ-პოლონურ პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

სასკოლო მზაობის ჯგუფები იმ სოფლებში იხსნება, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს.

მარელისში ჯგუფის ამოქმედება აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და აღმზრდელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა და სასწავლო პროგრამების კოორდინატორმა თამარ ავალიშვილმა მიულოცეს.

მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფში ათი აღსაზრდელია. აღმზრდელი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ მომავალ წელს აღსაზრდელთა რიცხვი გაიზრდება – დეკემბერში სამი ბავშვი სამი წლის შესრულდება.

„სასკოლო მზაობის ჯგუფში შვილების მოყვანის მსურველი კიდევ რამდენიმე მშობელია, რომლებიც ადმინისტრაციული შენობიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ, – ამბობს თამარ მაისურაძე, – ამხელა მანძილიდან ბავშვების მოყვანა უჭირთ. ჩემთან ერთად აქ ყოველდღე ერთ-ერთი მშობელი იქნება. პატარები სასკოლო მზაობის ჯგუფში დღეში 4 საათს გაატარებენ.

ყველა საპროგრამო თემა და აქტივობა დავამუშავე. ვფიქრობ, წლის ბოლოს აღსაზრდელების გონებრივი და ფიზიკური განვითარების კუთხით კარგი შედეგები გვექნება.“

ა/ო „კივიტას გეორგიკას“ დაფინანსებით მარელისში ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე ერთი ოთახი გარემონტდა. შეძენილია ყველა საჭირო ინვენტარი, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სახელმძღვანელოები, გადამზადდა აღმზრდელი.

ხუთი წლის ნიკოლოზ ცისკაძის დედა ელენე ცისკაძე მოხარულია მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფის ამოქმედებით. „ბავშვები ბევრ რამეს ისწავლიან და სასკოლოდ მოემზადებიან, – ამბობს ქალბატონი ელენე, – მშობლებს გვევალება კიდეც და მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით თამარ მასწავლებელს.“

აღსაზრდელთა მშობლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას სველი წერტილის შენობაში მოწყობის თხოვნით მიმართეს. გაერთიანებამ საჭირო ინვენტარი შეიძინა და სავარაუდოდ, ერთ კვირაში სველი წერტილი შენობის იმავე სართულზე მოეწყობა, სადაც ჯგუფია განთავსებული.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ მარელისელი აღსაზრდელები სასკოლოდ არაჩვეულებრივი თემატური ლიტერატურითა და პროგრამით მოემზადებიან.

გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფის გახსნა შესაძლოა, საბავშვო ბაღის ამოქმედების საწინდარი გახდეს.

„შარშან „კივიტას გეორგიკამ“ სასკოლო მზაობის ჯგუფი ნადაბურში გახსნა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – უახლოეს პერიოდში ნადაბურში საბავშვო ბაღი გაიხსნება. თუ აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზარდა, მარელისში საბავშვო ბაღის აშენებაზე უნდა ვიფიქროთ.“

მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფის ფუნქციონირებას წლის ბოლომდე „კივიტას გეორგიკა“ დააფინანსებს, მომავალი წლიდან კი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება.

18 სექტემბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ თექვსმეტივე საბავშვო ბაღში განახლდა. სწავლას 500 აღსაზრდელი შეუდგა.

ნინო კაპანაძე