ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საღანძილის საარჩევნო უბანი ერთ-ერთია იმ 12 საარჩევნო უბანს შორის, სადაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, კერძოდ კი ეტლით მოსარგებლეებისთვის, სპეციალური ხმის მისაცემი კაბინები მოეწყო.

საღანძილის საარჩევნო უბანი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზეა განთავსებული და იქ მოსახვედრად თხუთმეტსაფეხურიანი კიბეა ასავლელი. კიბეს პანდუსი არ აქვს და შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე საარჩევნო უბანში ვერ შევა.

ანალოგიური მდგომარეობაა ფარცხნალის, წყალაფორეთის, ზვარეს, ბაზალეთისა და წიფას საარჩევნო უბნებზე. ეტლით მოსარგებლეს ამ უბნებში შესასვლელი რამდენიმე საფეხურიანი უპანდუსო კიბე დახვდება. ეტლით შესვლა შესაძლებელი ბორითის, კიცხის, ლეღვანის, მოლითის, ხიდარისა და ხუნევის საარჩევნო უბნებზე.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე ამბობს, რომ 12 საარჩევნო უბანზე, სადაც შარშან შშმ პირებისთვის სპეციალური კაბინები დამონტაჟდა, ეტლით მოსარგებლე 32 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მისივე ინფორმაციით, არცერთი მათგანი არჩევნების დღეს უბანზე ხმის მისაცემად არ მისულა.

„ეტლით მოსარგებლეებისთვის სპეციალური კაბინები იმ საარჩევნო უბნებში მონტაჟდება, სადაც ეტლით მოსარგებლეები ცხოვრობენ, – ამბობს მაყვალა სულაქველიძე, – ამ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს ჯანდაცვის სამინისტრო აწვდის. რაც შეეხება პანდუსების მოწყობას და შენობების ადაპტირებას, ეს საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას ცდება.“

რა ღონისძიებები გაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, ამ შეკითხვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ანა მიქელაძეს მივმართეთ.

„ახლა ვაზუსტებთ, 2017 წლის არჩევნებზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული რამდენი საარჩევნო უბანი გვექნება საქართველოში, – ამბობს ანა მიქელაძე, – სავარაუდოდ – არანაკლებ 1 110 უბანი. წელს ვგეგმავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოგვაწოდონ დეტალური ინფორმაცია, უბანზე ხმის მისაცემად სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო, სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე) რამდენი ამომრჩეველი მივიდა.“

ანა მიქელაძე ამბობს, რომ ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ხელშესაწყობად 2015 წელს ცეკსო-ს, თბილისის მერიას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმომწერ ინსტიტუციებს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა დაევალა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 3 702 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებული იყო 1 115 უბანი, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 1 013-ით მეტია. აქედან, რეგიონებში ადაპტირებულ უბანთა რაოდენობა 836-ს შეადგენდა, ხოლო თბილისში – 271-ს.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საარჩევნო უბანზე უსინათლოებისთვის სპეციალური ჩარჩო ფორმა შემოიღო, – ამბობს ანა მიქელაძე, – ეს ჩარჩო ფორმა უნივერსალურია და მისი გამოყენება რეფერენდუმსა და პლებისციტზეც შეიძლება. გარდა ამისა, მხედველობა დაქვეითებულებისთვის ყველა უბანზე იყო ორ-ორი გამადიდებელი ლინზა. რაც შეეხება სმენადაქვეითებულებს და ყრუებს, მათთვის საარჩევნო კაბინაში სპეციალური პოსტერია განთავსებული, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა.“

ანა მიქელაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია კამპანია, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობისთვის ახორციელებს. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი სრულად ხელმისაწვდომია უსინათლოებისთვის. უსინათლოებს საკუთარი თავის სიაში გადამოწმება შეუძლიათ. წელს პირველად დაინერგა აპლიკაცია – ვიდეო ზარის საშუალებით ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლები ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორისგან საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ. ასევე ყველა პრესკონფერენცია, რომელსაც ცესკო არჩევნების დღეს გამართავს, ეთერში ჟესტური ენის თარჯიმნის საშუალებით გადაიცემა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:
-უსინათლო ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;
-მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;
-ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
-ყრუ ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას არასაკმარისად აფასებენ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ნანა გოჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით ყველა მოქალაქის უფლებაა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამის მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამ უფლებით სრულყოფილად ვერ სარგებლობენ. ამის ძირითადი მიზეზი, ნანა გოჩიაშვილის თქმით, არაადაპტირებული გარემოა.

„ეს პროცესი ეტაპებად უნდა დავყოთ, – ამბობს ნანა გოჩიაშვილი, – პირველია წინასაარჩევნო პერიოდი და მეორე უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურა. წინასაარჩევნო პერიოდში ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე, სად მოიძიოს კანდიდატების ვინაობა, მათი პროგრამები, დაპირებები, ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები.

წინასაარჩევნო ინფორმაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, – იქნება ის უსინათლო, ეტლით მოსარგებლე, სმენის არმქონე თუ ინტელექტუალური შეფერხების მქონე, – მათთვის მიუწვდომელია. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყრუ და სმენის არმქონე პირები ინფორმაციას თარჯიმნის საშუალებით იღებენ, მაგრამ ეს არასაკმარისია.

ცესკოში შექმნილია შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე საბჭო. ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, თუმცა ჯერ ვერ შევაფასებთ, პრაქტიკაში ხმის მიცემის პროცედურა როგორი იქნება. წინა წლის არჩევნებიდან გამომდინარე ვასკვნით, რა ბარიერები იყო.“

ნანა გოჩიაშვილის ინფორმაციით, ბარიერებია ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის კუთხით. მისივე თქმით, მარტივად ადაპტირებული უბნების შემთხვევაში არ იყო დაცული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. არ იყო გათვალისწინებული სველი წერტილების საკითხი. „შეიძლება ეს არ მივიჩნიოთ დიდ პრობლემად, მაგრამ რადგან ჩვენთან მოქმედებს გაეროს შშმ პირთა კონვენცია, მისი მოთხოვნები უნდა შევასრულოთ, – ამბობს ნანა გოჩაიშვილი, – ჩვენ შშმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ვმსჯელობთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ან სპეციალური კაბინა არ დახვდათ, ან საარჩევნო უბანზე ვერ შეაღწიეს.“

ნანა გოჩიაშვილი 2015 წელს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებაზე გვიამბობს. „პირები, რომლებიც ქმედუუნაროდ ითვლებოდნენ და ხმის მიცემა ეკრძალებოდათ, სამოქალაქო კანონდებლობაში განხორციელებული რეფორმის შემდეგ მხარდაჭერის მიმღებ პირებად იწოდებიან, – ამბობს ნანა გოჩიაშვილი, – მხარდაჭერის მიმღები პირია ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხება პრობლემის გარეშე. მას სჭირდება განსაკუთრებულად ადაპტირებული ფორმით ინფორმაციის მიწოდება როგორც წინასაარჩევნო ეტაპზე, ასევე უშუალოდ კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობის დროს. რამდენად მზად არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ამისთვის, უცნობია. ცესკოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი ხედვა მივაწოდეთ, – პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა გადამზადებულიყვნენ. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღემდე არ მოგვარებულა.“

ნინო კაპანაძე


სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი – II“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.