ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის 36-ე გამოშვება – 1977 წელს კურსდამთავრებულები 40 წლის შემდეგ მშობლიურ სკოლაში შეიკრიბნენ. მათ სახეებზე მოსწავლეობის წლების გახსენებით გამოწვეული სიხარული, მონატრება, თანაკლასელის დანახვისას – „აბა, თუ მიცნობ“ ემოცია იკითხებოდა.
40 წლის წინ ხარაგაულის #2 საშუალო სკოლა 46-მა მოსწავლემ დაამთავრა. ერთ პარალელურ კლასს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი როზა კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, მეორეს – ფიზიკის მასწავლებელი – მაყვალა ფერაძე.
ფოტოს, რომელიც „ბოლო ზარის“ შემდეგ სადამრიგებლო კლასთან გადაიღო, მაყვალა მასწავლებელი დღემდე სათუთად ინახავს. ფოტოზე საკუთარი ხელით აქვს მიწერილი მოსწავლეების სახელები და გვარები.
„ზოგიერთი თქვენგანის სახე გონებაში აღარ მახსოვდა, – მიმართა კურსდამთავრებულებს მაყვალა მასწავლებელმა, – მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ და 40 წლით გამაახალგაზრდავეთ. იმის მიუხედავად, რომ ცელქობდით, შესაძლოა, ზოგჯერ გაკვეთილსაც აცდენდით და არ სწავლობდით, დღეს თითოეული თქვენგანი კარგი პიროვნება და საზოგადოების ღირსეული წევრია. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა, რომ სკოლას არ ივიწყებთ.“
„იცით, როგორი სამსახურიც მაქვს, – მგზავრების გადაყვანას ვემსახურები, – ამბობს თანაკლასელთა შეკრების ორგანიზატორი ომარი ტაბატაძე, – ამ ზაფხულს ხარაგაულში ჩამოსულმა ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ სკოლის დამთავრების აღსანიშნავ მრგვალ თარიღებს აღნიშნავდნენ. ერთ დღესაც, სახლში მისულმა სკოლის ალბომი ავიღე და თანაკლასელების მოძებნა დავიწყე. ერთი კვირა დამჭირდა. ყველას დავუკავშირდი, ყველამ გამოთქვა მოსვლის სურვილი. ცხრამეტი შევიკრიბეთ.“
მოსწავლეებმა მასწავლებლებს – მაყვალა ფერაძეს, თამარ სულიაურსა და ვალერი გოგნაძეს საკუთარი საქმიანობისა და ოჯახების შესახებ უამბეს. თან მოსწავლეობის დროს მომხდარ კურიოზებს იხსენებდნენ.
„მასწავლებლებს – მიშა ჩიკვაიძესა და მუზა ჭუმბურიძეს ერთი ფერის საწვიმარი ლაბადები ჰქონდათ, – იხსენებს ფიზიკის მასწავლებელი მაყვალა ფერაძე, – ერთ დღესაც, ძალიან ცივაო, მიშა მასწავლებელმა, სამასწავლებლოში ლაბადა მოიხურა და ისე წავიდა გაკვეთილზე…“
„…ავტეხეთ სიცილი, – ამბის მოყოლას აგრძელებს ლია გაჩეჩილაძე-დოლაბერიძე, – ჯიბიდან მუზა მასწავლებლის ცხვირსახოცი და შარფი ჩანდა. მიშა მასწავლებელი კარგა ხანს ვერ მიხვდა, რატომ ვიცინოდით.“
კურსდამთავრებულების შეხვედრას სევდა ახლდა – გარდაცვლილი თანაკლასელები – თემური კვაშილავა, ვაჟა შავიძე, სოსო ტაბატაძე, მერაბი ავალიშვილი, რუსიკო ბერაძე და დათო ჭიპაშვილი მუდამ მათ ხსოვნაში იქნებიან…
„დიდი სიხარულია ბავშვობასთნ შეხვედრა, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაღველი, – ამბობს დათო ფოფხაძე, – ყველა გარდაცვლილ თანაკლასელზე გული ძალიან მწყდება, მაგრამ განსაკუთრებით – მერაბ ავალიშვილზე. ჩვენ საბავშვო ბაღიდან ვმეგობრობდით. მერაბი გამორჩეული ბიჭი იყო. ნეტა რუსიკო ბერაძე ქალიშვილის – ანას ბედნიერებას და შვილიშვილს მოსწრებოდა… ძალიან კარგია, რომ ვიკრიბებით. ახლა მახსენდება, ბაზალეთში წამოგვიყვანეს ყურძნის მოსაკრეფად. მერაბ ავალიშვილმა სამგლიის სერზე ცხენი დაინახა. ისე გაიპარა, არავის შეუმჩნევია. 40 წუთში ცხენზე ამხედრებული დაგვადგა თავზე. ძალიან ძლიერი ბიჭი იყო, მოხერხებული. გასახსენებელი ძალიან ბევრია.“
„ენით აუწერელია ჩემი ემოცია, – ამბობს ლია გაჩეჩილაძე-დოლაბერიძე, – სულ ჟრუანტელი მივლის. საოცარი კლასი ვიყავით – უმრავლესობა ვცეკვავდით, ვმღეროდით, სკოლას წარმოვაჩენდით ყველა ღონისძიებასა და ფესტივალზე. რამდენიმე თანაკლასელი, 40 წელია, არ მინახავს და ძლივს ვიცანი. პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ცოდნა მიგვეღო. ჩვენს ურთიერთობებში უმთავრესი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა იყო. დღევანდელი თაობა ერთმანეთთან გაუცხოებულია. კომპიუტერით ყველაფერი ვირტუალური გახდა – მეგობრობაც და სიყვარულიც.“
„ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, სკოლა, თანაკლასელები, დამოკიდებულება მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, – ამბობს ქეთევან ალექსიძე, – ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული არასდროს დაგვიკარგავს. 40 წელი არც ძალიან ბევრია და არც ძალიან ცოტა. შეუდარებელია თანაკლასელებთან ურთიერთობის სითბო და სიყვარული. ბევრ მათგანთან საბავშვო ბაღიდან ვმეგობრობ. ველოდი, რომ უფრო მეტი მასწავლებელი მოვიდოდა და გული დამწყდა, მოსლა რომ აღარ შეუძლიათ.“
„ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში ქვებიდან გადმოვედი, – ამბობს როზა ჭყოიძე, – სკოლაში გატარებული ორი წელი დიდი სითბოთი და სიყვარულით მახსენდება. ომარი ტაბატაძემ რომ დამირეკა, თანაკლასელები ვიკრიბებითო, გული პატარა ბავშვივით ამიფანცქალდა. დღეს კურიოზიც შემემთხვა, – მივედი და თამრიკო მასწავლებელს ვეუბნები, გოგო, რომელი ხარ, ვერ გიცანი-მეთქი.“
შეხვედრის ორიგინალური და გამორჩეული მომენტი გახლდათ ომარ ტაბატაძის სიურპრიზი, – სკოლის წინ გადაღებული ფოტო რამდენიმე საათის შემდეგ რომ ჩამოურიგა თანაკლასელებს.
სასიამოვნო მოგონებებს ბოლო არ უჩანდა. მეგობრები ერთმანეთს მომავალში ყოველწლიურად შეკრების სურვილით დაემშვიდობნენ.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: შეხვედრა მშობლიურ სკოლაში 40 წლის შემდეგ;
ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის Xბ კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარი“ 1977 წ.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში