მესამე წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ამოქმედებაზე საუბრობენ. იდეა ხარაგაულელ რუსუდან გურგენიძეს ეკუთვნის. მან ამ საკითხზე მუშაობა შშმ ბავშვთა მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯის“ დამფუძნებელ მაგდა ყურაშვილთან ერთად 2014 წელს დაიწყო.
ერთი წლის მანძილზე იდეის ავტორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად მსჯელობდა, სად შეიძლებოდა დღის ცენტრის ამოქმედება – დაბა ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალის დაწყებითი სკოლის თუ ძირულას ხეობაში მოქმედი რომელიმე სკოლის ბაზაზე.
დღის ცენტრისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი თანხა ხარაგაულის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არ გაითვალისწინეს. იმავე წლის მარტში საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ბორის სკოლა-პანსიონის საკუთრებაში მყოფ ერთ-ერთ შენობაში რამდენიმე ოთახი შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გაერემონტებია. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 37, 3 ათასი ლარი გამოიყო. გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დღის ცენტრისთვის საჭირო ავეჯი შეიძინეს.
„შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ჯანდაცვის სამინისტროში წერილი გაიგზავნა, – ამბობს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – ხელშეკრულებები ა/ო „თაირისს,“ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტრო ვაუჩერს გამოყოფს, არასამთავრობო ორგანიზაცია კი მომსახურებას გაწევს. ამჟამად მშობლები, ვისაც სურთ, რომ მათმა შვილებმა დღის ცენტრში ისწავლონ, ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადებს ავსებენ.“
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით, ბორის დღის ცენტრში ამჟამად სამი ბენეფიციარია დარეგისტრირებული. ორი მშობელი უახლოეს დღეებში აპირებს განაცხადის შევსებას. მისივე თქმით, მშობლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათ დღის ცენტრის მომსახურებაზე მაქსიმალურად აწვდიან ინფორმაციას.
„ძალიან გამოცდილმა და კომპეტენტურმა ორგანიზაცია „თაირისმა“ აიღო ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ დღის ცენტრის ბენეფიციარებს ხარისხიანად მოემსახურებიან, – ამბობს დავით კიკნაძე, – ორგანიზაციას ქუთაისსა და იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის წარმომადგენელი რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა და ბორში დღის ცენტრის ამოქმედების შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება სთხოვა.
ვინაიდან შშმ პირების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვების სიას ვერ გვაწვდის, ჩვენ თავად ვეძებთ ბენეფიციარებს. იურიდიული საკითხები მოგვარებულია და დღის ცენტრი ხუთი ბავშვისთვისაც ამოქმედდება. სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ბორში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი უნდა გაიხსნას.“
დავით კიკნაძე შშმ ბავშვების მშობლების მხრიდან პასიურობის მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. ის იმედოვნებს, რომ ცენტრის ამოქმედება სხვა მშობლებსაც დააინტერესებს.
„თავიდან რომ დღის ცენტრის შექმნაზე ვსაუბრობდით, 18 ბენეფიციარის მშობლის თანხმობა გვქონდა, რომ შვილებს დღის ცენტრში ატარებდნენ, – გვიამბობს დავით კიკნაძე, – ახლა, როცა დღის ცენტრი უკვე იხსნება, გვეუბნებიან, რომ დააკვირდებიან საქმიანობას და შემდეგ გადაწყვეტენ. სკეპტიკოსებისგან მსმენია, რომ დღის ცენტრისთვის შენობის გარემონტების ფული წყალში გადაყრილია. ეს ასე არ არის. ჩვენ ამ ეტაპზე ბენეფიციარებს ძირულას ან ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან ტრანსპორტით ბორში ვერ ვატარებთ. ამის ფუფუნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით არ გვაქვს. დღის ცენტრში კიცხის ზონის, დაბა ხარგაულისა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ შშმ ბავშვთა ტრანსპორტირებას შევძლებთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რომ დღის ცენტრი მომავალში ვერტყვიჭალაშიც გაიხსნება. ეს შეუქცევადი პროცესია.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „თაირისის“ დამფუძნებელი ირინე აბდალაძე გვიამბობს, რომ დღის ცენტრის ამოქმედება ხუთი ბენეფიციარისთვისაც შეიძლება.
„თითქმის ყველგან ასე მცირე კონტინგენტით დავიწყეთ, – ამბობს ირინე აბდალაძე, – დღის ცენტრში ჩვენი ვალდებულებაა ბავშვების ფუნქციური და აკადემიური, სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა, ბენეფიციართა ტრანსპორტირების ორგანიზება, რაშიც დახმარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ აღგვითქვა. ბენეფიცირებს ექნებათ ორჯერადი კვება. ისინი სხვადასხვა ტიპის კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან. მათ სპეცმასწავლებელი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი და მასაჟისტი მოემსახურებიან.
ჩვენ კადრებს გადავამზადებთ. შემდგომში კი მეთვალყურეობას გავუწევთ, რომ პროგრამა და სერვისები ხარისხიანად განხორციელდეს.
დღის ცენტრი შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ბენეფიციარების 90% სწავლას საჯარო სკოლებში აგრძელებს და ამისთვის მათ დღის ცენტრი ამზადებს. ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევებს, კომუნიკაციას, თანატოლებთან და სოციუმთან ურთიერთობებს ვასწავლით და არაფორმალურ აკადემიურ განათლებას ვაძლევთ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ვამზადებთ. ისინი ეუფლებიან პროფესიას და პრაქტიკაში არის შშმ პირთა დასაქმების არაერთი შემთხვევა.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, ბორის დღის ცენტრში, ჯერჯერობით, ორი ბენეფიციარი დაარეგისტრირეს.
ხარაგაულში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი 18 წლამდე ასაკის 71 პირს აქვს.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში