ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი თექვსმეტი საბავშვო ბაღიდან ექთანი ათ საბავშვო ბაღში ჰყავთ. ხუნევის, კიცხის, მოლითის, ხევის, წიფისა და ღორეშის საბავშვო ბაღებში ექთნის მოვალეობას აღმზრდელები და საბავშვო ბაღის გამგეები ითავსებენ.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ჯანმრთელობას და ჰიგიენურ მდგომარეობას, უკვე 45 წელია, ექთანი ნათელა დეკანოსიძე ამოწმებს.
„თვრამეტი წელი საბავშვო ბაღის ბაგის ჯგუფებში 0,5 განაკვეთზე ვიმუშავე, – იხსენებს ნათელა დეკანოსიძე, – ქუთაისის დახელოვნების ინსტიტუტში სპეციალური კურსების გავლის შემდეგ მედდა-აღმზრდელის სტატუსი მივიღე და აღმზრდელად ვმუშაობდი. ადრე ბაგის ჯგუფებში მუშაობა განსაკუთრებით რთული იყო. დეკრეტული შვებულება მხოლოდ ოთხი თვე გრძელდებოდა და ზოგ შემთხვევაში 5-6 თვის ბავშვები მოჰყავდათ საბავშვო ბაღში. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად ვუვლიდით და ხელით ვაჭმევდით. ორჯერ ვაძინებდით. იმ პერიოდში საბავშვო ბაღში 8 ჯგუფი ფუნქციონირებდა და თითოეულ მათგანში 25 აღსაზრდელზე მეტი ირიცხებოდა.
1990 წლიდან ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში უფროს ექთნად გადამიყვანეს. საბავშვო ბაღის ექთნის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, – ყოველ დილით საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიღების შემდეგ თითოეულ ჯგუფში მათ რაოდენობას აღვრიცხავ. ბავშვთა რაოდენობის მიხედვით გამოვყოფთ საჭირო რაოდენობის პროდუქტებს და ვაკვირდები კერძების მომზადების პროცესს.
ყოველდღიურად ვამოწმებ ბავშვების ზოგად ჰიგიენურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ რომელიმე აღსაზრდელს ტემპერატურა ან გამონაყარი აღენიშნება, მშობელს ვუკავშირდები. მის მოსვლამდე ბავშვს ცალკე ოთახში ვათავსებთ. ხშირია შემთხვევები, როცა მშობელი საბავშვო ბაღიდან გამონაყარის გამო ბავშვის წაყვანაზე უარს ამბობს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშობელმა მომიტანოს ექიმის ცნობა, რომ გამონაყარი გადამდები არ არის. საბავშვო ბაღში პირველადი დახმარების მედიკამენტები ყოველთვის გვაქვს, მაგრამ მშობლის თანხმობის გარეშე აღსაზრდელს წამალს ვერ მივცემთ.
კვირაში ერთხელ აღსაზრდელებს ვუტარებ პედიკულოზზე (დატილიანებზე) შემოწმებას. ამის გამო აღსაზრდელები „ტილების მასწავლებელს“ მეძახიან.
საბავშვო ბაღში ათდღიან საორიენტაციო მენიუს საბავშვო ბაღის გამგე, სამნეო ნაწილის უფროსი და ექთანი ადგენენ. ამ მენიუს მიხედვით იგეგმება მთელი თვის მენიუ.
საბავშვო ბაღში კვირაში ორჯერ აუცილებლად ვამზადებთ ხორციან კერძებს, კვირაში ერთხელ აღსაზრდელებს თევზს, ლობიოს, კვერცხს ვთავაზობთ სხვა პროდუქტებთან ერთად.
დილის საუზმეზე ბავშვები ძირითადად ჩაის და ფაფებს მიირთმევენ, შესაძლებელია მოხარხული კვერცხიც. სადილზე აუცილებელია წვნიანი კერძი, სხვა პროდუქტთან ერთად. აღსაზრდელთა მენიუში აუცილებლად შედის ბოსტნეული, რძის ნაწარმი, მაკარონი, პურ-ფუნთუშეული, ნამცხვარი, კამფეტები და ვაფლი.“
ნათელა დეკანოსიძე ამბობს, რომ კვების ნორმები წლების მანძილზე თითქმის არ იცვლება. გამოთვლილია სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საჭირო საკვების კალორიულობა, მათ შორის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა და ამის მიხედვით დგინდება სკოლამდელ დაწესებულებაში კვების ნორმები. საბავშვო ბაღში პროდუქტების მიღებას აუცილებლად ვესწრები და ვამოწმებ თითოეული საკვები პროდუქტის ვარგისიანობის ვადებსა და ხარისხს“.
ნათელა დეკანოსიძე არა მხოლოდ აღსაზრდელების კვებაზე ზრუნავს, მას ასევე საბავშვო ბაღში ჰიგიენური პირობების გაკონტროლება ევალება.
„ჰიგიენური ნორმები ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში მაქსიმალურადაა დაცული, – ამბობს ქალბატონი ნათელა, – იატაკს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვამუშავებთ. აღსაზრდელთა ლოგინს სისტემატიურად ვამზიურებთ. თეთრეული და სათამაშოები ირეცხება. ჭურჭელი სოდიანი წყლით 65 გრადუს ტემპერატურაზე სპეციალურ ჩანებში ირეცხება და გამდინარე წყალში სპეციალური ნორმების გათვალისწინებით ივლება.
ადრეულ წლებში ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებს ექიმი მერი გოგიჩაძე ემსახურებოდა და აღსაზრდელებს ღრმა სამედიცინო გამოკვლევებს უტარებდა. სკოლებში ეს ტრადიცია დღესაცაა შემორჩენილი. ექიმთა ჯგუფი წელიწადში ერთხელ მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს. მსგავსი ღონისძიებების გატარება საბავშვო ბაღშიც საჭიროა, რათა სრულყოფილად გვქოდეს ინფორმაცია აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
თუ საბავშვო ბაღის რომელიმე აღსაზრდელს ინფექციური დაავადება გამოუვლინდა, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს ვუკავშირდებით. ისინი შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.
სასურველია, მშობლებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვების ჰიგიენას და სისტემატიურად აცნობონ აღმზრდელს ან ექთანს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საბავშვო ბაღში ვერ იმუშავებ, თუ შენი საქმე და ბავშვები განსაკუთრებით არ გიყვარს. 18 წელი 0,5 განაკვეთზე ვმუშაობდი, ხშირად 11 თვის ხელფასი მიუღებელი გვქონდა, მაგრამ ბავშვებს მაინც ერთგულად ვემსახურებოდი. არასოდეს მიფიქრია სხვა სამსახურის ძებნაზე. ხშირად, როცა ჩემს აღზრდილს შევხვდები, ვერ მცნობენ. ბავშვები იცვლებიან, თუმცა თვალები და მზერა არ ეცვლებათ. მათ ვცნობ და კვლავ მათი მოფერებისა და ჩახუტების სურვილი მიჩნდება“.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში