საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორ მიმდინარეობს არჩევნებისთვის მზადების პროცესი ხარაგაულში, – ამის შესახებ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე გვესაუბრება.

-2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის 37 საარჩევნო უბანზე, 222 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კონკურსი 266-მა პიროვნებამ გაიარა.

ხარაგაულის საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძის, ინფორმაციით, შესარჩევი კონკურსი ხარვეზების გარეშე ჩატარდა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წარდგენა დაასრულეს პოლიტიკურმა პარტიებმაც. საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების შეცვლა 5 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა, სადაც კომისიების თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს აირჩევენ, 19-დან 21 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის გადამზადების ტრენინგები ორ ეტაპად გაიმართება. ტრენინგებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან ერთად ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია ჩაატარებს.

გია ცისკაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამომრჩეველთა სიების საბოლოო ვარიანტი მუშავდება. ამომრჩევლებმა საკუთარი თავი საარჩევნო უბნებში გამოკრულ სიებსა და ცესკოს ვებგვერდზე უნდა გადაამოწმონ. ამომრჩეველმა, რომელიც საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდება, 3 ოქტომბრამდე უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. მონაცემების გადამოწმების შემდეგ ამომრჩეველი სიაში ჩაისმება.

„ვცდილობთ არჩევნების ჩატარებისათვის ისეთი შენობები ავირჩიოთ, რომლებიც ადვილად მისადგომი იქნება ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის, – ამბობს გია ცისკაძე, – თუმცა სოფლებში ზოგჯერ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. რაც შეეხება სმენადაქვეითებულ, სუსტი მხედველობისა და მხედველობის არმქონე პირებს, მათთვის ყველა უბანზე იქნება სპეციალური შრიფტი, ლინზები და სმენის აპარატები.“

ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში დაახლოებით 19 668 ამომრჩეველია რეგისტრირებული, – ამბობს გია ცისკაძე, – წლების მანძილზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კლებულობს.

ყველაზე მაღალი აქტივობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ჩვენს ოლქშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის ხარაგაულის #48 საარჩევნო ოლქში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებად დარეგისტრირდნენ ამირან მაღრაძე – ლეღვნის, უჩა ბერაძე – კიცხისა და ბესო ხომასურიძე – საღანძილის მაჟორიტარულ ოლქებში.

პოლიტიკური პარტიებიდან მერობისა და მაჟორიტარული ოლქების კანდიდატების, ასევე პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა 21 სექტემბერია.

თამთა გოგოლაძე