ორ ათეულ წელზე მეტია, მარელისში მცხოვრებ ზურაბ მაღრაძის ოჯახს პირუტყვი ალპურ საძოვრებზე დაჰყავს. ზურაბი გვიამბობს, რომ მომრავლებულმა ნადირმა ბოლო წლებში რვა სული პირუტყვი გაუნადგურა.
„ბოლო ორი თვეა მშვიდად ვართ მწყემსებიც და რეინჯერებიც, – ამბობს ზურაბ მაღრაძე, – მას შემდეგ, რაც ალპურ საძოვრებზე ელექტროღობეები და განათება დამონტაჟდა, ნადირი პირუტყვის სადგომს ვეღარ ეკარება. ამავე დროს მზის ენერგიისგან მიღებული განათება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მწყემსებს ბინაში სინათლე აქვთ. ეს ალპურ ზონაში წარმოუდგენელი იყო.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახორციელებს პროექტს – „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანია და ინოვაციური ტექნოლოგიები ალპურ საძოვრებზე.“
პროექტის ფარგლებში ალპურ საძოვრებზე, მწყემსების ბინებთან, მზის ენერგიის გამოყენებით ელექტროღობეები და ჰელიოციმციმები დამონტაჟდა.
„გაეროს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა, – გვიამბობს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე, – პრიორიტეტი იყო განსაკუთრებულ ლანდშაფტურ ზონაში, თემის ჩართულობით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. ამიტომ გადავწყვიტეთ, პროექტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საჭიროებებზე მოგვერგო.“
ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლევან თაბუნიძესთან თანამშრომლობით გამოიკვეთა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, ალპურ საძოვრებზე, მტაცებელი ცხოველებისგან მიყენებული ზარალი, განაწყენებული მწყემსები და ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან გართულებული ურთიერთობები. საჭირო იყო ხელი შეწყობოდა ტრადიციული გამოყენების ზონაში ტრადიციულ საქმიანობას – მეცხოველეობას.
„გადავწყვიტეთ, მსოფლიოს თანამედროვე ქვეყნების გამოცდილება გაგვეზიარებინა და ალპურ საძოვრებზე ელექტროღობეები დაგვემონტაჟებია, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – მზის ენერგიის გამოყენებით მწყემსთა ბინებთან, შინაური პირუტყვის სადგომები შემოიღობა სპეციალური სადენებით, რომელშიც ზუსტად იმ სიმძლავრის დენი გადის, რომ მტაცებელ ცხოველებს აფრთხობს.
პარალელურ რეჟიმში მწყემსებს შეუძლიათ მობილურები და ფარნები დამუხტონ და ბინები გაანათონ. მწყემსები ღამეც შეძლებენ საქმიანობას და მორიგეობის დღეებში გარე სამყაროს აღარ მოწყდებიან – რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე არ ჰქონდათ. შუქი ალპურ საძოვრებზე ეს არის გადატრიალება და ინოვაცია.“
ხათუნა მანჯავიძე გვიამბობს, რომ პროექტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ხუთ მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელებულიყო. აღმოჩნდა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თემს პირუტყვი როტაციული ძოვების რეჟიმში ჰყავს. ამიტომ ბაღდათის საძოვრებზე ჰელიოციმციმები დამონტაჟდება, რაც ასევე აფრთხობს ნადირს.
ელექტროღობეები დამონტაჟდა ბორჯომში სოფ. ქვაბისხევის მწყემსთა ბინასთან, აწყურში – ამარათის საძოვრებზე, ადიგენში – ზეკარის საძოვრებზე, ხარაგაულში – რკინისჯვარზე სოფ. ხიდრის ბინასთან და ლომისმთაზე სოფ.მარელისის ბინასთან. მზის ენერგიაზე მომუშავე ციმციმები სხვა მწყემსების ბინებზეც დამონტაჟდება.
ხათუნა მანჯავიძე გვიამბობს, რომ პროექტი ტურისტებისთვისაც სასარგებლო იქნება. დამუხტავენ მობილურებს. ჰელიოციმციმები კი დაეხმარებათ გზის ორიენტირებაში ღამის სიბნელეში.
პროექტის ავტორი იმედოვნებს, რომ ტრადიციული საქმიანობის – მესაქონლეობის განვითარებით ახალგაზრდებიც დაინტერესდებიან.
„ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და იქ დასაქმებული რეინჯერების დახმარებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ყველა ეტაპზე გვეხმარებოდნენ. ახლა პროექტის მონიტორინგი მიმდინარეობს, რაც სამწუხაროდ, ხანძრებმა შეაფერხა. სექტემბრის ბოლოს უნდა შევხვდეთ მწყემსებს ელექტროღობეების ექსპლუატაციის წესების გასაცნობად და გავანაწილოთ პასუხისმგებლობა ჰელიოსისტემის დემონტაჟსა და მონტაჟზე.“
პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება, რაც ძირითადად მონიტორინგსა და ჰელიოციმციმების დამონტაჟებას მოიცავს.
პროექტი ძირითადად სამოდელო ხასიატს ატარებს, მოხდება მისი დატესტვა, რის შემდგომაც საშუალება ექნებათ დანარჩენ მწყემსებს, მსგავსი სისტემები თავიანთ ბინებშიც გამოიყენონ.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში