„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ პირველი დაპირება ხარაგაულში #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება გახლდათ. 2014 წლის 12 მარტს იმერეთის მაშინდელმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში სტუმრობისას აღნიშნა, რომ შეშის ღუმელებით ახალგაკეთებული ფასადი არ უნდა გაფუჭდეს.
„გამგებელთან ერთად შევჯერდით, რომ მიმდინარე წელს უკვე მიღებული ეკონომიებიდან, ან დაუგეგმავი შემოსავლებიდან აუცილებლად მოხდება ამ შენობის გაზიფიცირება ცენტრალური გათბობით. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ შენობის იერ-სახე და დანახარჯები იყოს ეფექტური,“ – აღნიშნა გუბერნატორმა.
მას შემდეგ სამწელიწადნახევარი გავიდა. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობაში დღემდე ბუნებრივი აირი არ შეუყვანით.
როდის მოგვარდება ეს პრობლემა, – ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ გვიპასუხა, რომ გაზიფიცირება ყველაზე მტკივნეული საკითხია, რადგან დიდი ინვესტიცია სჭირდება. მან ყურადღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფლის გაზიფიცირებაზე გაამახვილა და გვითხრა, რომ ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებებს მართავას.
„ძალიან მალე, ახალ წლამდე, ამ მიმართულებით, ყველაფერს კონკრეტულად მოგვახსენებს,“ – გვპირდება გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირების საკითხზე ყურადღებას გაზეთის ამავე ნომერში საკრებულოს წევრ ქალბატონებთანაც ვამახვილებთ.
დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე, რომელიც 2014 წლის მარტში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი იყო, იხსენებს, რომ „სოკარ გაზის“ იმერეთის დირექტორს დავით ჯაიანს ადგილზე გააცნო მდგომარეობა. „მან მითხრა, რომ თუ სამზარეულოს თავზე არის ჯგუფი, ბუნებრივ აირს სამზარეულოში ვერ შევიყვანთო, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – გარდა ამისა, ეზოში საქვაბე უნდა აგვეშენებია.
ცენტრალური მაგისტრალიდან მილების შეყვანას 70 ათასი ლარი სჭირდებოდა, სამზარეულოსა და საქვაბეს აშენებას, – ცალკე თანხა. ჯერჯერობით გაზიფიცირების პროექტიც კი არ არსებობს.
დეპუტატი ნონა ზურაბიანი დარწმუნებულია, რომ საკრებულოში ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირების საკითხი განსახილველად შევიდა და მან საკითხს მხარი დაუჭირა. თუმცა რატომ არ გაზიფიცირდა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ბაღის გაზიფიცირების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია.
დეპუტატ ლენა აბაშიძეს, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელს, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკმარისობის განცდა აქვს, თუმცა ამბობს, რომ არსებული ფინანსების პირობებში თავს ზემოთ ძალა არ არის.
საკრებულოს წევრი ინგა მაღრაძე იხსენებს, რომ მნიშვნელოვანი მსჯელობა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებაზე საკრებულოში არ გამართულა და ამ მიმართულებით საკრებულოს საერთოდ არ უმუშავია. „ეს ძალიან ძვირი დაჯდება და მომავალში კომუნალური გადასახადი ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ გაერთიანების ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება, – ამბობს ინგა მაღრაძე.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი მოხარულია, რომ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით დიდი ინტერესია: „შესაძლებელია, რომ ჩვენ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ამ საკითხის მოსაგვარებლად თანხა გამოგვიყონ. მსურდა, რომ ბუნებრივი აირი სამზარეულოში მაინც შემოგვეყვანა.
გავარკვიე, რომ თუ სამზარეულოში ბუნებრივი აირია, მის თავზე საძინებელი ოთახი არ უნდა იყოს. ამიტომ სამზარეულოსთვის ცალკე შენობა უნდა აიგოს. ამ ეტაპზე ჩვენ ვახერხებთ, რომ საბავშვო ბაღებში შეშა დროულად მოვიტანოთ,“ – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღების გაზიფიცირების საკითხს „ჩემი იმერეთის“ რედაქცია კვლავ დაუბრუნდება.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში