თუ ვინმეს ძლიერად და განსაკუთრებულად უყვარს მშობლიური კუთხე, – ხარაგაული, აქაური მეგობრები და ახლობლები, მათ შორის ერთ-ერთია გოჩა ბუაჩიძე. ამბობს, რომ მთავარია შრომა არ დაგვეზაროს, რადგან წარმატება და განვითარება შრომით მიიღწევა. დიპლომატი გოჩა ბუაჩიძე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელია, არის მთავარი კონსული დუბაისა და ჩრდილოეთ ემირატებში. ჰყავს მეუღლე ქეთევან კიკალია და სამი ვაჟი – ლევანი, ალექსანდრე და ლუკა.
გოჩა ბუაჩიძეს ხარაგაულის დღევანდელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, მისთვის გამორჩეულ ქვეყნებსა და ადამიანებზე ვესაუბრეთ.
-ბატონო გოჩა, „ჩემი იმერეთის“ რედაქციამ მოგიწვიათ რუბრიკაში „ზაფხულის სტუმარი…“
-მშვენიერია, მაგრამ მე აქ ჩამოვდივარ როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. შემოდგომაზე მოსავალი უნდა ავიღო, – ყურძენი დასაწურია, სიმინდი – მოსატეხი. ახალ წელსაც ვცდილობთ ჩამოვიდეთ, ვინაიდან 5 იანვარს მამაჩემის დაბადების დღეა და არ მინდა, დედა ახალ წელს მარტო შეხვდეს. მერე მოდის გაზაფხული – აღდგომა. წლის ნებისმიერ დროს ჩამოვდივარ.
ვცდილობ, რომ როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, ჩამოვიდე ხარაგაულში, ფარცხნალში და დედას ყურადღება მივაქციო. მამა სამი წლის წინ გარდაიცვალა და დედამ რომ მარტოობა არ იგრძნოს, ხშირად ჩამოვდივარ. ხარაგაულში სახლი ავაშენე, ფარცხნალში პატარა მეურნეობა მაქვს. მეორე წელია, რაც შვებულებას ხარაგაულში ვატარებ.
ის ენერგეტიკა და მუხტი, რაც ხარაგაულიდან მიმყვება, სხვაგან არსად განმიცდია. ხარაგაულს აქვს სასწაული ენერგეტიკა, რომელიც ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე მყოფნის. ხარაგაულის ღვინოს და დედაჩემის გამომცხვარ მჭადს სულ სხვა გემო აქვს.
-ხარაგაული მიგრაციული რაიონია. თუმცა, განათლების მიღების შემდეგ ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაბრუნდა და უარი თქვა უკეთეს პირობებზე…
-მიგრაციული პროცესები გლობალურია და ამისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. დღევანდელი მსოფლიოს მოსახლეობის 60% ქალაქსა და ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს. სოფელი იმიტომ იცლება, რომ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რასაც ახალგაზრდა მიესწრაფვის. ახლა ვხედავ, რომ საქართველოს სოფლებში ინფრასტრუქტურა ვითარდება. ასეა ევროპასა და ამერიკაში – ის მომსახურება და ინფრასტრუქტურა რაც ქალაქშია, ადამიანმა სოფელშიც უნდა მიიღოს.
ძალიან მეამაყება, რომ ზაზა ლურსმანაშვილი, ნიკუშა მაჭავარიანი და მათი თაობის ადამიანები აქ ცხოვრობენ და საქმიანობენ. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ დარჩა და აქ შრომობს. კი, კარგია ქალაქი, მაგრამ არ შეიძლება ყველა თბილისში ცხოვრობდეს. თბილისში ვერ ვჩერდები. სტუდენტობა თბილისში გავატარე და ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც ხარაგაულია. რიკოთის უღელტეხილს რომ გადმოვივლი, ხარაგაულში თითქოს მოვფრინავ. აქ სულ სხვა ჰაერი და სხვა გარემოა. აქედან უკვე წასვლაც აღარ მინდა.
-ბატონო გოჩა, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხარაგაული განვითარდეს და აქ ცხოვრება უკეთესი გახდეს?
-ძალზე ძნელია ამის მზა რეცეპტი გითხრათ. ჩემი აზრით, პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებას, განსაკუთრებით – მეცხოველეობას უნდა მიენიჭოს. უმნიშვნელოვანესია, რომ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება მივცეთ. მასწავლებელს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, რომ მომავალ თაობას ხვალინდელი დღის იმედი და შრომის სიყვარული ჩაუნერგოს.
მშობელსაც უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ მისი შვილი დაბრუნდეს. მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წავედი სამუშაოდ რუსეთში და მერე დავრჩი.
-საქართველოს სახელით რომ განგეხორციელებიათ დიპლომატიური ურთიერთობები, გქონდათ ამის მცდელობა?
-საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, სირიის არაბთა რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის საელჩოში ვმუშაობდი. საქართველოში იმ დროს სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მე ჩემი თავი შევთავაზე საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, მაგრამ არავითარი გამოხმაურება ამას არ მოჰყოლია. დღემდე ვცხოვრობ და ვმუშაობ სხვა ქვეყანაში, მაგრამ სულით ხორცამდე ვარ ქართველი, ხარაგაულელი და ჩემ შვილებსაც ასე ვზრდი.
-თქვენი შეფასებით, როგორია დღევანდელი ხარაგაულელის ფსიქოლოგიური პორტრეტი. არ ფიქრობთ, რომ დეპრესიულები ვართ?
-დეპრესიულობა ყველგან იგრძნობა. ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩვენს ცხოვრებაში ძალზე დიდი დისონანსი შემოიტანა. ადამიანმა წიგნი დაივიწყა, ქალიც და კაციც ფიზიკურად შეიცვალა – საშუალო წონაზე ხუთი კილოგრამით მეტს იწონიან. ჭარბი წონა უსაქმურობას იწვევს, უსაქმურობა – უაზრობას, უაზრობა – დეპრესიას. ადამიანმა შრომა დაივიწყა. მშრომელ კაცს სად აქვს დეპრესიის დრო?!
ჩემი ბავშვობის მეგობარია ვაჟა ბრეგვაძე – უაღრესად მშრომელი პიროვნება. ის დეპრესიაში არასდროს ჩავარდება. ვაჟა არის ჩემთვის ხარაგაულელი მშრომელი პიროვნების პორტრეტი. დედაჩემი, მერი ბერაძე, – 83 წლისაა, სულ შრომობს, ფუსფუსებს. მშრომელი ადამიანი დეპრესიული არ არის. მშრომელი ადამიანი ოპტიმისტია და მომავალს იმედით უყურებს.
-თქვენს ოჯახზე გვიამბეთ. როგორ გიწყობდნენ ხელს მშობლები პროფესიულ განვითარებაში?
-მე და ჩემი ძმა მშობლების მადლობლები ვართ, რომ შრომასა და ცოდნის სიყვარულს მიგვაჩვიეს. ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა ბაბუამ, დედაჩემის მამამ, ერასტი ბერაძემ. ძალიან მშრომელი კაცი იყო. შრომის სიყვარული მისგან და ცოდნის სიყვარული – მამაჩემისგან ვისწავლე.
მე და ქეთევანმა 1998 წლის 24 იანვარს ვიქორწინეთ. ჩემი მეუღლე სპეციალობით ეკონომისტია, შემდეგ მხატვარ-დიზაინერის პროფესიას დაეუფლა. უფროსი ვაჟის დაბადებამდე მუშაობდა. შემდეგ თავი ოჯახისთვის გადადო. ჩემი უფროსი შვილი სტუდენტია. დუბაიში ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილიალში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს. შუათანამ თბილისში სწავლა გადაწყვიტა. უმცროსი სკოლაში წელს შევა. უყვარს წიგნი და ძალიან ცელქია.
ჩემი შვილები ზედიზედ ორი წელი წყნეთის ბანაკში დადიოდნენ, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში, – ქართული ენა რომ უკეთ ესწავლათ. შემდეგ ალექსანდრემ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. ხარაგაულში ხშირად ჩავალ, ბებიას ყურადღებას მივაქცევო. თბილისში ჩემი მეუღლის დედასთან ცხოვრობს.
ძნელია იმის პროგნოზი, საბოლოოდ სად იცხოვრებენ ჩემი შვილები, მაგრამ იმედი მაქვს, – საქართველოში. მთავარია, რომ ბუაჩიძეების გვარის ღირსეული გამგრძელებლები იქნებიან. არა მგონია, მათ ოდესმე ზურგი აქციონ საქართველოს და ხარაგაულს.
-ბატონო გოჩა, თქვენ ბევრი ქვეყანა გაქვთ მოვლილი. რომელი ქვეყანაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო, შთამბეჭდავი და გასაოცარი?
-73 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ძნელია გამოარჩიო, რომელი ქვეყანაა უფრო შთამბეჭდავი, მაგრამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება ლიბანმა და იტალიამ მოახდინა. იტალია უძველესი ცივილიზაციის აკვანია და იქაურებს უდიდესი შრომის კულტურა აქვთ გამომუშავებული. ლიბანი ჩვენსავით მთაგორიანი და პატარაა. ლიბანელები დიდი შემოქმედებითი ენერგიის მატარებლები არიან. ქართველები ცნობილები ვიყავით მსოფლიოში შემოქმედებითი ნიჭით, სტუმართმოყვრეობით. ეს ყველაფერი დარჩა, მაგრამ შემოქმედებითი უნარები დასუსტდა.
გასაოცარია ისრაელი. იქ შვიდი წელიწადი ვმუშაობდი. კარგად ვიცი ამ ქვეყნის ისტორია. 2000 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს ენა და თვითმყოფადობა. დღევანდელი სახელმწიფო ენა ივრითი მკვდარი იყო და გააცოცხლეს. დანარჩენი მსოფლიოსგან დამოუკიდებელი ეკონომიკა შექმნეს.
ისრაელი წელიწადში კარტოფილის სამ მოსავალს იღებს. სოფლის მეურნეობა უაღრესად განვითარებულია, ტურიზმი – თავისთავად. ქვეყანამ მეოცე საუკუნეში ექვსი ომი გადაიტანა, მაგრამ რწმენა ხვალინდელი დღისა და რწმენა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი მარჯვენა გადაარჩენდათ, არ დაუკარგავთ. ისრაელი მაგალითია, თუ როგორ უნდა იშრომო, იბრძოლო, განვითარდე და მიაღწიო წარმატებას ყოველდღე.
-გვიამბეთ იმ ხარაგაულელებზე, რომლებიც ყველაზე კარგად გახსენდებათ?
-გავიხსენებ ფოტოკორესპონდენტ გაბო ხოტოველს. ფაქტობრივად, მასთან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. მან შემაყვარა ფოტოხელოვნება. 1987 წელს ისრაელში წავიდა. სამუშაოდ რომ ისრაელში გადავედი, მისი მოძებნა გადავწყვიტე. სამი გაბო ხოტოველი აღმოჩნდა ისრაელში – ერთი გაგრიდან, ერთი სოხუმიდან და ერთიც ხარაგაულიდან. რომ ვნახე, სიხარულით გაგიჟდა. შემდეგ ტელეფონით მამაჩემს და გაზეთის რედაქტორს ქალბატონ ქეთევან სახვაძეს დავალაპარაკე.
გაბო ხოტოველი ათეული წლების მანძილზე ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციაში მუშაობდა. უნიკალური პიროვნება იყო. საქართველოში რომ მოვდიოდი, ხარაგაულში გამომატანა ფოტოაპარატი, რომელიც თავის დროზე ხარაგაულიდან გასაკეთებლად წამოუღია. წარმოიდგინე, ფოტოაპარატს ინახავდა, რომ იქნებ როგორმე ხარაგაულში დაებრუნებია. აი, რას ჰქვია კაცობა, ადამიანობა, სიყვარული. უნიკალური საღამოები გავატარეთ გაბო ხოტოველთან ერთად ისრაელში.
-როგორ ფიქრობთ, როგორც დიპლომატი, როგორ უნდა მოგვარდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები?
-საქართველოს ისტორიის ანალიზია საჭირო, რის მიხედვითაც უნდა გქონდეს შემუშავებული ხედვა და სახელმწიფოებრიობის მთავარი გეზი. ჩვენ უწყვეტი სახელმწიფოებრიობა გვქონდა. მეზობელი ქვეყნები, ჩვენთან შედარებით, ახალგაზრდები არიან. რა ქარბორბალა არ გამოვიარეთ, მაგრამ დღეს რატომღაც გვგონია, რომ ჩვენს მაგივრად საქმე სხვამ უნდა გააკეთოს. იმას, რაც 2008 წელს მოხდა, რეალური ანალიზი სჭირდება. ეს ხელისუფლების საქმეა. ჩვენ ერთმანეთს მაგალითი უნდა მივცეთ, როგორ გავხდეთ უკეთესები.
ილია ჭავჭავაძისა და მისი მეგობარი თერგდალეულების მთავარი ქმედება რა იყო – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა. იგივე გვჭირდება, – იმდენად სწრაფად ვითარდება ცივილიზაცია, ვერ ვეწევით. ამიტომ ყოველგვარი სიახლისთვის ჩვენი ცოდნითა და შრომით მზად უნდა ვიყოთ.
ცხოვრებაში არასოდეს გამჩენია სურვილი, ვინმესთვის ჭკუა დამერიგებინა. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების წესი და რიგი აქვს. შენ შეგიძლია მხოლოდ შენი ცხოვრებით აჩვენო მაგალითი. ბაბუაჩემი მასწავლიდა, რომ ცხოვრებაში უნდა გაუფრთხილდე სამ რამეს – დროს, ჯანმრთელობასა და კაცობას. ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც. დროს, ჯანმრთელობას და კაცობას ვერ იყიდი. ფულის გამო კი შეიძლება სამივე დაკარგო. მთავარი მაინც დროა, რომელსაც ვერ გააჩერებ. საშინელებაა ყოველდღე დროის ფუჭად დაკარგვა.
მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. მიხარია, რომ ხარაგაულში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იწყება, – გზები, გარე განათება, გაზიფიცირება. ხელისუფლებას დახმარება სჭირდება. არ შეიძლება, ხელისუფლება ცალკე იყოს და ხალხი – ცალკე. ჩვენ ყველა პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ – გამგებელი ცალკე, გამგებლის მოადგილეები ცალკე, საკანონმდებლო ორგანო ცალკე, მედია – ცალკე. ყველა ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ. თითოეული პიროვნება კოსმოსია, ცალკე სახელმწიფოა. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ეს კოსმოსები, ერთობლივი ძალა და ენერგიაა საჭირო.
სასწაულია ხარაგაულის ნუნისი, ზვარე, კახორი, უბისა. კახორზე წელს უკვე ორჯერ ვიყავი და სასწაული ენერგეტიკაა იქ. ექვსი წელია, რაც არაბულ ემირატებში ვცხოვრობ და იქედან საქართველოში ჩამომსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. განცვიფრებულები არიან ჩვენი ქვეყნით და უნიკალური ბუნებით. ეს რეალობა სასიკეთო განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში