შვიდი წლის წინ ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა გიორგი და ბექა ჭყოიძეებმა, ლაშა გელაშვილმა და მირიან შარიქაძემ თანამოაზრე მეგობრებთან ერთად „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ დააფუძნეს. ორგანიზაციის განვლილ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მირიან შარიქაძეს და გიორგი ჭყოიძეს ვესაუბრეთ.

„სტუდენტები ვიყავით და ხარაგაულში ზამთრის არდადეგებზე ჩამოსულებმა მოვიწყინეთ, – იხსენებს მირიან შარიქაძე, – ხარაგაულში არაფერი ხდებოდა. თოვლში ერთმანეთს რაგბის თამაშში შევეჯიბრეთ. მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ტურნირი ჩაგვეტარებინა. მას შემდეგ, ძირითადად, სპორტულ აქტივობებს ვახორციელებთ, თუმცა სხვა მიმართულებითაც გავაქტიურდებით.“

გიორგი ჭყოიძე იხსენებს, რომ მათი ერთ-ერთი პირველი აქტივობა ქართულ ენაზე სწორად და გამართულად მეტყველებას ემსახურებოდა. პროექტში სკოლის მოსწავლეებიც ჩართეს.  ხარაგაულში გამოკითხვა ჩაატარეს. შემდეგ სკოლებში სტენდები მოეწყო და ქუჩებში პლაკატები გამოიკრა.

ორი წლის მანძილზე „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ საქველმოქმედო აქციას ატარებდა – საახალწლოდ კალენდარს ბეჭდავდნენ. კალენდრების რეალიზაციიდან შემოსული თანხით სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტებით ეხმარებოდნენ.

„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი სპორტული ღონისძიება ქუჩის კალათბურთია, რომელიც წელს მეექვსედ გაიმართა.

„ქუჩის კალათბურთში მონაწილეთა და მაყურებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, – ამბობს მირიან შარიქაძე,- წელს ტურნირში ყველაზე მეტი სოფელი ჩაერთო. ხარაგაულელ ახალგაზრდებთან ერთად ჩემპიონატში ხევის, ნადაბურის, ფარცხნალისა და საღანძილის გუნდები მონაწილეობდნენ. სუპერ ლიგაში მოთამაშე კალათბურთელიც კი გვყავდა. თამაშებს ყოველ საღამოს 250-300 მაყურებელი ადევნებდა თვალს. გვიხარია, რომ ტურნირი წლიდან წლამდე იზრდება და იხვეწება.

წელს ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს 16 წლამდელთა შეჯიბრება დაემატა. ეს საქმე ბექა ბანცაძემ ითავა. ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატის მხარდაჭერა გამოხატეს.“

ხარაგაულში რამდენიმე ათეული ადამიანი ქუჩის კალათბურთის შინმოუსვლელთა ობელისკთან ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. გიორგი და მირიანი მიიჩნევენ, რომ ქუჩის კალათბურთის ობელისკთან გამართვით გმირებისადმი პატივისცემასა და ხსოვნას არ ბღალავენ.

„ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა მიზანიც ხომ ის იყო, რომ მომავალ თაობას ლაღად, ბედნიერად და ჯანმრთელად ეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, – ამბობენ „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ დამფუძნებლები, – თავად ქუჩის კალათბურთის მიზანიც ხომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.

პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საამაყოა კიდეც ასეთ ადგილზე ტურნირის ჩატარება. ახალგაზრდები გარდაცვლილთა გვარებს კითხულობენ და მათ ისტორიებს იძიებენ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნა თაობიდან თაობას უნდა გადაეცემოდეს, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რას შეეწირენ გმირები. ობელისკს ძალიან ვუფრთხილდებით და მიმდებარე ტერიტორიას ვასუფთავებთ.“

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომავალ წელს ქუჩის კალათბურთში მონაწილე გუნდები საკუთარ ძალებს სპორტის სხვა სახეობებშიც გამოცდიან და ერთმანეთს ფეხბურთსა და ჭადრაკში შეეჯიბრებიან.

მეორე მნიშვნელოვანი გეგმა ხარაგაულში კალათბურთელთა პროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთვება.

„თავდაპირველად გუნდი პირველ ლიგაში იასპარეზებს, – ამბობს გიორგი ჭყოიძე, – პირველი ლიგის მოგების შემდეგ ფედერაცია გუნდს 500 ათასი ლარით დააფინანსებს.  მუნიციპალიტეტიდან ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება. პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან სუბსიდირება აუცილებელია. ეს ჩვენი იდეაა, რომელიც კალათბურთელებმა პროექტის სახით დაწერეს. პროექტს ადგილობრივ თვითმმართველობას 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას წარვუდგენთ.

ქუჩის კალათბურთის წლევანდელმა ტურნირმა აჩვენა, რომ საკმაოდ პერსპექტული კალათბურთელები გვყავს, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ ხარაგაულში კალათბურთის განვითარებაში. კარგი სპორტული სკოლა გვაქვს, კარგი გუნდი შეიქმნება. ფეხბურთი რა მდგომარეობაშიც არის, ვხედავთ. კალათბურთი საქართველოში თანდათან წარმატებული ხდება.“

მირიან შარიქაძე ამბობს, რომ კერძო ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატით სექტორის დაინტერესებას მუდმივად ცდილობს. „დიდმა კომპანიებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ხარაგაული არ აინტერესებთ, – ამბობს მირიანი, – გვერდში გვიდგას ხოლმე გამგეობა, წელს უკვე დეპუტატის ბიურო, ტურიზმის ცენტრი, სპორტსკოლა, ვებგვერდი „ხარაგაული და ხარაგაულელები,“ კაფე „ეიფელი“.

მირიანი და გიორგი გასულ წლებში კურორტ ნუნისში გამართულ ღონისძიებას იხსენებენ და ამბობენ, რომ კურორტის ადმინისტრაცია მათ შეთავაზებას დათანხმდა, – „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში“ გამარჯვებულ გუნდს დამსვენებლებთან ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა მისცა. ამისთვის საჭირო თანხაც კურორტის ადმინისტრაციამ გაიღო.

„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირმა“ რამდენჯერმე დონორ ორგანიზაციებს მიმართა. სურდათ, რომ გასულ წელს პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ბიუროსთან არსებული სამოქალაქო განათლების ცენტრის საქმიანობა უფრო მასშტაბური გამხდარიყო. ხარაგაულის ყველა სოფელში სამოქალაქო განათლების კუთხით ლექციების მოწყობა სურდათ.

„ხარაგაულელი ახალგაზრდების პრობლემაა ის, რომ წლის მანძილზე აქ არაფერი ხდება, – ამბობენ გიორგი და მირიანი, – რუტინაა – მიდიან სკოლაში და ბრუნდებიან სახლებში. სტუდენტები შაბათ-კვირას ჩამოდიან. კარგი იქნება, ხარაგაულში დასასვენებლად და მშობლების სანახავად კი არ ჩამოვიდნენ, არამედ აქ ყოფნა მუდმივად სურდეთ. მეორე პრობლემაა ის, რომ ვერ ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზაციას. ასპარეზი არ არის, რომ ახალგაზრდამ სამსახური იშოვოს.

ბევრს ვფიქრობთ და ტურიზმი უნდა განვითარდეს ხარაგაულში. ორი პროექტი მოვამზადეთ ამ მიმართულებით. ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხარაგაულიდან არავინ შედის. ამ დროს ულამაზესია ჩვენი მხარე.

ტურიზმის განვითარებისთვის სხვა ქვეყნებში რაღაცებს იგონებენ. გიგანტური ადამიანის ძვლები აღმოჩნდა რკინისჯვართან, დევის ხვრელი, ჩხერისა და ვახანის ციხეები გვაქვს, ნუნისში – ბერების კლდე, ხანდებში – ცაშეკრულას კანიონი. პოლიგრიმული ტურიზმი ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა მსოფლიოში. 12 მაისს, ანდრიაობის აღნიშვნას რკინისჯვარზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

არის თემები, გვაქვს შესაძლებლობები, რომლებიც კარგად უნდა „შეიფუთოს.“ ხარაგაულში მშვენიერი მუზეუმი გვაქვს და რომ დაიტვირთება, საკუთარი შემოსავალი გაუჩნდება, – მთლიანად ბიუჯეტზე აღარ იქნება დამოკიდებული. ახლებური ხედვაა საჭირო, რომ ახალგაზრდამ ხარაგაულიდან წასვლაზე აღარ იფიქროს.

სულ ვიძახით, რომ მცირე და მწირი მიწა გვაქვს. ჰოლანდია ჩვენზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ სოფლის მეურნეობიდან უდიდეს შემოსავალს იღებს. შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდო გლეხს სოფელში, უნდა აუხსნა, რომელი კულტურის მოყვანაა დღეს უფრო მეტად მომგებიანი.

სამოქალაქო განათლების პროექტიც მოქალაქეთა თვითშეგნებისა და ცნობიერების ასამაღლებლად უნდა განვახორციელოთ. სიახლეებს ახალგაზრდები უფრო კარგად ითვისებენ და პრაქტიკაშიც კარგად ნერგავენ.“

ნინო კაპანაძე