ცხრა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე საქმიანობას შეუდგა. რისი გაკეთება შეძლო ამ ხნის მანძილზე, მოსახლეობის წინაშე მდგარი რომელი პრობლემები მოაგვარა და როგორ, – ამ საკითხებზე გამგებელს ვესაუბრეთ.
-ბატონო ნიკოლოზ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლემა მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ამის ფონზე რამდენად მართებული გადაწყვეტილება იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პაკეტის შემცირება – 2017 წლის მარტში ასი ათასი ლარით, ივლისში 7 ათასი ლარით?
-ზოგადად, ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავთვალეთ და არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება სოციალური პაკეტის კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
-2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში სოციალური პაკეტი საჭიროზე ასი ათასი ლარით მეტი განისაზღვრა? მაშინ ეს თანხა სხვა მიმართულებებით თავიდანვე რატომ არ გადანაწილდა?
-ის ასი ათასი ლარი სოციალურ პაკეტს მოაკლდა იმიტომ, რომ ცენტრალურმა ბიუჯეტმა რიგი ხარჯები თავის თავზე აიღო. არავის დააკლდება სოციალური დახმარება, – დათვლილია ყველაფერი წლის ბოლომდე. (ეს თანხა მუნიციპალიტეტმა, 5%-იანი თანადაფინანსების სახით, საავტომობილო გზების სარეაბილიტაციოდ მიმართა რედ.).
-მოსახლეობისთვის ერთ-ერთი პრობლემაა დასაქმება. გამგებლად მუშაობის ცხრა თვის მანძილზე კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგით ხარაგაულში სამუშაო ადგილების შესაქმნელად?
-სამუშაო ადგილებს კერძო სექტორი ქმნის და არა სახელმწიფო. თუ იმას მეკითხებით, რამდენმა დაიწყო მუშაობა გამგეობაში, ეს სხვა რამეა. კერძო სექტორი ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ მხოლოდ ხელს ვუწყობთ ამას.
-როგორ უწყობს თვითმმართველობა ხელს?
-არის რამდენიმე მიმართულება – თანაინვესტირების ფონდი, პროგრამა „აწარმოე საქართველოში.“ ჩვენ უკვე ნათელი მაგალითები გვაქვს, – ხარაგაულში ათეულობით ობიექტია, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა და განვითარდა. ბუნებრივია, შეიქმნა სამუშაო ადგილები ჩვენი მოსახლეობისთვის.
-სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების პრობლემებზე საუბრისას თქვენ ბრძანეთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 300 ათას ლარს მიიღებს ცენტრალური ბიუჯეტიდან. რის საფუძველზე გვაძლევენ ამ თანხას, – ტრანსფერი იზრდება სპეციალურად ხარაგაულისთვის ახალი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს დამატებით თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან?
-როგორც წესი, ჩვენნაირი მუნიციპალიტეტები იღებენ დახმარებას. ჩვენ წელს სამი საბავშვო ბაღი დაგვემატა. თავისთავად, ხარჯი მატულობს და ამის გამო სახელმწიფო ტრანსფერს დაგვიმატებს. ხუთი-ექვსი მუნიციპალიტეტია კიდევ, რომლებიც წლის ბოლომდე დამატებით ტრანსფერს მიიღებენ.
-ბატონო ნიკოლოზ, ნადაბურში მშენებარე საბავშვო ბაღი როდის ამოქმედდება?
-ნადაბურში საბავშვო ბაღი პირველ ოქტომბერს გაიხსნება. წელს ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების შენობებს დავაპროექტებთ. მომავალ წელს ხარაგაულში ამ ორი საბავშვო ბაღისთვის შენობები აიგება.
-გამგებლად არჩევის შემდეგ ჩვენთან პირველ ინტერვიუში ბრძანებდით, რომ ხუთი ლარის გასაკეთებელ საქმეზე ათ ლარს არ დახარჯავდით. საუბრობდით ააიპ-ებში გაზრდილ შტატებსა და იქ მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე. კონკრეტულად რა გააკეთეთ იმისთვის, რომ 5 ლარის გასაკეთებელ საქმეზე ათი ლარის ხარჯვა არ გაგრძელებულიყო.
-შევამცირეთ ხალხი. ზუსტად ციფრები არ მახსოვს, მაგრამ ააიპ-ებში ხალხი შევამცირეთ. „ხარაგაულდასუფთავებიდან“ და „ხარაგაულკეთილმოწყობიდან“ გავიდა ხალხი დიდი რაოდენობით.
-ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პირველი დაპირება ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებაა. კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგით დღემდე ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
-ყველაზე მტკივნეული საკითხი არის გაზიფიცირება იქედან გამომდინარე, რომ დიდი ინვესტიცია სჭირდება. იცით თქვენ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი გაზიფიცირდა. ამ მიმართულებით ჩვენ კვლავ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. წინასწარ დაანონსება არ მიყვარს. გრძელვადიანი პროექტებია და დიდი ინვესტიცია სჭირდება. საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან გვაქვს მოლაპარაკებები და ძალიან მალე, ახალ წლამდე, ამ მიმართულებით, ყველაფერს კონკრეტულად მოგახსენებთ.
-ორი ათეული წელია, ნადაბურის მოსახლეობა სოფელში ექთნის დანიშვნაზე ოცნებობს. სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ საკითხის მოგვარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდშიც აუხდენელ ოცნებად რჩება. ჯანდაცვის სამინისტროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნადაბურში ექთნის დასანიშნად თვითმმართველობამ უნდა იაქტიუროს, – პირველ რიგში – სამინისტროს წერილობით უნდა მიმართოს. კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
-წერილი გაგზავნილია ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ საქმეს მარტო წერილის გაგზავნა არ შველის. ჩვენ ველოდებით მათგან ფორმულას, რის შემდეგაც დავიწყებთ ქმედებას. ჩვენ ექთნისთვის ნადაბურში ოთახი გამოვყავით. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ნადაბურში ეს პრობლემა მოგვარდება. არა მარტო ნადაბურში, სხვაგანაც გვაქვს მსგავსი პრობლემა.
-სხვაგან სად ითხოვს მოსახლეობა ექთნის შტატის დამატება?
-წიფაში, მოლითში…
-იქ ხომ ჰყავთ ექიმი და ექთანი?
-კი ჰყავთ, მაგრამ მოგეხსენებათ, წიფაც და მოლითიც დიდი თემია და ყველა სოფლამდე ეს სიკეთე ვერ მიდის. ადამიანებს ამბულატორიამდე მისვლა არ შეუძლიათ. მოქალაქეები, რომლებსაც გადადგილება უჭირთ, დამატებით ექთნის მომსახურებას ითხოვენ. თუმცა ამ ეტაპზე წერილი ჯანდაცვის სამინისტროში ექთნის შტატის დაშვებაზე, მხოლოდ ნადაბურზეა გაგზავნილი.
-რა გეგმები გაქვთ ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ე. წ. „ღია ესტრადის“ მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით?
-ცენტრალური მთავრობა და კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას დაგვპირდა. ჩვენი თხოვნით, „ღია ესტრადაც“ პარკის რეაბილიტაციის პროექტში მოხვდება. სავარაუდოდ, ახლა ჩამოვლენ და ჩემი ინფორმაციით, პროექტირება დაიწყება. თუ ვადები გაინტერესებთ, როდის დასრულდება, გეტყვით, რომ არაუგვიანეს წელიწადნახევრისა. პროექტირებასაც დრო უნდა. სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულიდან ხარაგაულში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყება.
-ზვარეს საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გასული წლის მაისიდან შეწყვეტილია. ამის მიზეზი საბავშვო ბაღის შენობასთან ახლოსმდებარე მთაზე მეწყერის გააქტიურებაა.
ზვარეს საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და თანამშრომლებზე ბიუჯეტიდან ხელფასები იცემა. ადგილობრივი მოსახლეობა კი მომსახურებას ვერ იღებს, – მშობლებს შვილები საბავშვო ბაღში ვერ მიჰყავთ. მეწყერთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა იგვიანებს და სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის მომზადდება. რას გეგმავთ, როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ზვარეს საბავშვო ბაღში?
-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით ვიმოქმედებთ. თუ უარყოფითი პასუხი იქნება, მყისიერად ვიქირავებთ სახლს ან შევიძენთ, სანამ ზვარეში საბავშვო ბაღისთვის ახალ შენობას ავაშენებთ.
-ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სწავლა 18 სექტემბერს იწყება. ამ დღეს ზვარელი მშობლები ბავშვებს ისევ ვერ მიიყვანენ საბავშვო ბაღში?
-საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდ რისკს შეიცავს იქ ვინმეს შეყვანა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადგილს კატასტროფა არ ელის, მაგრამ სახელმწიფო რისკზე ვერ წავა, რომ საბავშვო ბაღმა განაახლოს ფუნქციონირება, სანამ საბოლოო გეოლოგიურ დასკვნას არ მივიღებთ.
-რისკის ქვეშ, რასაკვირველია, არავინ უნდა დადგეს.
კვლავ ჩაგეკითხებით, – ზვარეს საბავშვო ბაღისთვის სექტემბერში ფართის დაქირავებას არ აპირებთ? -ფართი ნაპოვნია. დიდი საკუთარი სახლია, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება, მაგრამ მაინც პირველ ოქტომბერს დაველოდებით. ასეა გადაწყვეტილი.
-წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს მოუწოდებდით, რომ გამგებლად თქვენი არჩევის პარალელურად, პარლამენტარად კობა ლურსმანაშვილი აერჩიათ, რადგან თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გამგებლად თქვენს ყოფნას შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰყვებოდა, თუ კობა ლურსმანაშვილი პარლამენტში კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთვებოდა.
გაგვაცანით კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ წაადგა თქვენს გამგებლობას და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას თქვენგან რჩეული კანდიდატის პარლამენტარობა?
-გამოჩნდა ის, რომ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის მთის საბჭოში ყოფნამ ხარაგაულისთვის ძალიან მაგარი შედეგი გამოიღო. მაგალითად, გოლათუბანში 2,5 კმ გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მთის საბჭოდან პირადად კობა ლურსმანაშვილმა წამოიღო.
ამის გარდა, მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში შეიყვანა სოფელი ბჟინევი. ესეც მისი პირადი დამსახურება გახლავთ. დარწმუნებულო ვარ, მომავალშიც მისი შრომა იქნება ნაყოფიერი და მოსახლეობას ძალიან წაადგება.
ხარაგაულელები თავს ხელნაკეთი სკამებითა და ავეჯით ირჩენდნენ. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტში ინტენსიურად მუშაობენ, რომ მოსახლეობამ სამასალე ხე-ტყე მოიპოვოს. ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებები განხორციელდება.
-სოფელ ბჟინევს რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიეღო, ამისთვის კობა ლურსმანაშვილმა მთის საბჭოს კრიტერიუმები შეაცვლევინა?
-ერთს გეტყვით, რომ ძალიან დიდი საქმეა, ვერასდროს წარმოვიდგენდი და სულ ვფიქრობდი, გოლათუბანში გზა როგორ გამეკეთებინა. წიფა-გოლათუბნის გზა რომ კეთდება, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ხარაგაულისთვის მიღწევა.
-იქნებით თუ არა „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?
-მაგას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ. 2 სექტემბერს არის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა და ყველაფერს ერთად გავიგებთ.
P.S. გამგებელმა ნიკო თოფურიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ააიპ-ში „ხარაგაულკეთილმოწყობა“ და ააიპ-ში „ხარაგაულდასუფთავება“ 2017 წელს საშტატო ერთეულები შემცირდა. ეს ინფორმაცია ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გადავამოწმეთ. „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორმა თემურ ფურცელაძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „თავიდან მოაკლდათ თანამშრომელი, თუმცა მერე ორი მტვირთავი დაამატეს.“
ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორმა დავით ლაცაბიძემ კი გვიპასუხა, რომ გათავისუფლებით არავინ გაუთავისუფლებიათ, პირიქით, „ხარაგაულკეთილმოწყობაში“ თანამშრომელთა მატებაა. თუმცა ზუსტად რამდენი თანამშრომელი მოემატა, მან სატელეფონო საუბარში ვერ გაიხსენა.
გამგებელთან საუბრის შემდეგ ასევე დავუკავშირდით მოლითის საექიმო ამბულატორიის ექიმ ბესო ფოცხვერაშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა: „სოფლის საექიმო ამბულატორიაში სამედიცინო პერსონალის რაოდენობას ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის სულადობის მიხედვით განსაზღვრავს. 1 500 მაცხოვრებელს ერთი ექიმი და ერთი ექთანი უნდა მოემსახუროს. მოლითის ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობა 1 544 კაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ცხრა სოფელი შემოდის და ტერიტორიაც საკმაოდ დიდია, ერთი ექიმი და ერთი ექთანი უკვე დაგვიმატეს. ამასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება კერძო ინიციატივაა. მოლითის ორბრიგადიან საექიმო ამბულატორიას ექთნის დამატება არ ესაჭიროება.“
წიფის საექიმო ამბულატორიის ექიმთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. წიფაში მაცხოვრებლები კი ექთნის დამატების საჭიროებას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ მათი ექთანი ვალდებულებებს თავს კარგად ართმევს.
ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე
სტატია ქვეყნდება „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ და ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთის“ ერთობლივი პროექტის – „შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ და ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში